ფილოსოფოსი ლევან ღამბაშიძე:
როგორც თმის ღერი წარმოადგენს მთელს ადამიანს დნმ-ის დონეზე, ზუსტად ასე წარმოადგენს ნებისმიერი ქოცი ქოციზმის მთელს დნმ-ს.
მაგალითად, გველესიანმა, ევროპის სიცუდის არგუმენტად ძალიან საინტერესო ამბავი მოყვა და ამით ქოციზმის ერთი ყველაზე საფუძველმდებარე თვისება გასცა.
თურმე ირანი საფრანგეთზე უკეთესია, ვინაიდან საფრანგეთის საზღვარზე გველესიანს ზედმეტი ბარგის გადასახადი გადაახდევინეს, ხოლო ირანის საზღვარზე, იცნეს რა და მასთან ერთად ფოტოები გადაიღეს, ორმოცი კილოს ნაცვლად, მხოლოდ სამის საფასური გადაახდევინეს. ლავირებსო ირანიო. ლავირებსო.
ირანი, სადაც ადამიანებს რეჟიმისგან განსხვავებული აზრის ქონის გამო ამწეკრანებზე ახრჩობენ, ბარგის გადახდასთან დაკავშირებით ლავირებს და ამით სჯობს თურმე საფრანგეთს. მაგრამ ამას მერე მოვუბრუნდები.
გველესიანის ამბავში ქოცური არა მხოლოდ დასავლეთის დაკნინების და განქიქების სურვილია, არამედ რაღაც გაუმაძღარი სწრაფვა პრივილეგიებისკენ.
ადამიანი წარმატებული ფეხბურთელია, მილიონიანი თუ არა, ასიათასიანი კონტრაქტები აქვს, შეუძლია ზედმეტ ბარგზე არ იმათხოვროს, მაგრამ არა… იცნეს, ფოტოები გადაიღეს მასთან ერთად და არ გააკეთებინეს ის, რაც კანონით ევალებოდა. აი ამაზე გიჟდება ყველა ქოცი. ყველა, უკლებლივ.
საბჭოთა კავშირმა ზუსტად პრივილეგიის ამ სწრაფვაზე გამოიჭირა ქოცის წინაპარი და სამოცდაათი წლის მანძილზე აძღო ის დაჩებით, უნივერსიტეტის პრესტიჟული ფაკულტეტებით, ვაკეში ბინებით, მანქანებით და პუწიოვკებით.
ქოცისთვის რაიმეს ფლობა არ არის საკმარისი. პოპულარულობა არ არის საკმარისი. თანამდებობა არ არის საკმარისი. უნდა გქონდეს ის, რაც სხვას არ შეუძლია რომ ჰქონდეს; პოპულარულობა ან თანამდებობა მხოლოდ მაშინ არის კარგი, თუ მოგცემს იმას, რისი ფლობაც სხვას არ შეუძლია.
პრივილეგია – ქოცის ყველაზე დიდი ნატვრაა და თუ როდესმე მოუსმენთ რიგითი ქოცის სანაქებო ამბებს, ძირითად გველესიანის მიერ მოთხრობილი ამბის მსგავს რამეს მოისმენთ. ამბავს იმის შესახებ, თუ როგორ მიიღეს ის, რაც არ ეკუთვნოდათ იმის გამო, რომ ძალაუფლება აქვთ.
რაც შეეხება ქოცების მიერ გველესიანის სამომავლო(უკვე) გამოყენებას, ვფიქრობ ძალიან წარუმატებელი მცდელობა იქნება. ერთადერთი შეკითხვა იქნება საკმარისი მისი ამოყირავებისთვის: “რას ფიქრობ წინა ხელისუფლების შესახებ და დაასახელე ერთი მიზეზი, თუ რატომ არის ის შენთვის მიუღებელი.” და სჯობს გველესიანმა ძალადობა არ დაასახელოს. სჯობს.
ირანში რომ ცხოვრობ, სადაც აზრს ვერავინ გამოთქვამს და სადაც ხალხს ათიათასობით კლავენ ქუჩაში, და ამასთან ის რომ მოგწონს იმის გამო, რომ ბარგის გადახდისას ლავირების საშუალება გაქვს, გთხოვ საქართველოში ძალადობაზე სხვამ ილაპარაკოს ვინმემ.




