ლევან თაქთაქიშვილი: ჩემო პაატა! რომ დავფიქრდი, მივხვდი: ყველა ყველა, მაგრამ პაატა ნაცვლიშვილი დამორჩილდა სიკვდილს და გაჰყვა საიქიოში? არა! ეს შეუძლებელია, მომხდარიყო!

საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორი ლევან თაქთაქიშვილი: 
ჩემო პაატა!
ვინც დაიჯერა, რომ შენ სიკვდილმა დაგამარცხა, მე ყველას შტერს და ბრიყვს ვუწოდებ!
თავიდან მეც რაღაცამ გადამრია, მაგრამ რომ დავფიქრდი, მივხვდი: ყველა ყველა, მაგრამ პაატა ნაცვლიშვილი დამორჩილდა სიკვდილს და გაჰყვა საიქიოში? არა! ეს შეუძლებელია, მომხდარიყო!
არა! შენ ბოლოს აღარ იყავი კმაყოფილი შენი დაუძლურებული სხეულისა და ახალ, ” ნავაროჩენ” სხეულში გადახვედი! ვინც არ დამეთანხმება, წარმოგიდგინოს შენ დაუძლურებული 80 წლის ასაკში…
ეხლა ალბათ ახალ გზაზე ჩამომჯდარი რვეულში გეგმებს სახავ: ჩასვლის მერე ვისთან მიხვიდე პირველად: ქრონოლოგიურად გაჰყვე თუ შენი ინტერესებით დაალაგო! თუ პირველს გაჰყვები- არგონავტები და ამორძალი ამაზონები უნდა მოინახულო, შემდეგ პირველი ოლიმპიადის მონაწილე ბერძნები, სულხან საბა, ვახტანგ მეექვსე, პირველი სტამბა… არადა გული ვერ გითმენს- გიორგი ნიკოლაძე გინდა ნახო!
ო, რა ამოუხსნელ გამოცანებს ამოხსნი! ნიჩბოსნობაში ოლიმპიურ ჩემპიონობაზე ეტყვი, რომ შენ მიხვდი! ნიკო ნიკოლაძესაც მოაჰოლინებ უცნობ ისტორიებს….
თავიდან იწყებ ყველაფერს! ყველაფერს ნოლიდან!
აქ შენ დაინახე, რომ სოფელი არ აშენდება!
პირიქითა საქართველოში გადახვედი! უპირო და გათახსირებული საქართველოდან!
მე? მე რა ვქნა? ვის ვკითხო ის კითხვები, რომლებზეც შენ მოგადგებოდი?
ვის მოვაწონო ჩემი ნადავლი?ვინ დამიწერს მოწონებებს ჩემს მიღწევებზე?
ვინ დამარწმუნებს, რომ ვიღაცამ იცის ფასი იმისი, რასაც ამ ქვეყანაში ფასი აღარა აქვს!
შენ მაკვირვებდი! ზოგჯერ მიფიქრია, რომ შენ ცდებოდი, მაგრამ … ყოველთვის ვრწმუნდებოდი შენს სიმართლეში.
ერთი მაგალითი მინდა გაგახსენო-
რუსთაველზე შემხვდი და მითხარი 1990 წელს: საბჭოთა მაღაზიების ინტერიერს უნდა ჩამოვუარო და გადავიღო- ეს ყველაფერი გაქრება ორ წელშიო!
არ ვიცი-გადაიღე თუ არა, მაგრამ დღეს ვიოცნებებდი თუნდაც რუსთაველის პროსპექტის მაღაზიათა საბჭოთა ინტერიერის ფოტოკოლექციის!
ოხ, რა ეგოისტი ვარ, რომ ჩემს კომფორტს მივტირი, შენთან ურთიერთობის კომფორტს! ბავშვობაში ცვაიგის “ბრძოლა სამხრეთ პოლუსისაკენ” რომ წავიკითხე, ამუნდსენში შენ ჩაგსვი! შაბათ-კვირას წიგნის ბაზრობაზე დილას რომ მივიდოდი და შენ იქიდან მომავალს გხედავდი- მე სკოტი ვიყავი, პოლუსზე მისულს ამუნდსენის დროშა რომ დახვდა. ეხლაც ამუნდსენი ხარ! ჩემზე ადრე არჭობ დროშას ახალ პოლუსზე!
მეც ხომ მოვალ მანდ და ყველაფერი ისევ ძველებურად იქნება-შენ იქნები ჩემი მასწავლებელი! ისეთივე ისტორიებით-1989 წელს რომ მიყვებოდი! ტიმ სევერინზე, კაიუტაში გაბრაზებული რომ აადექი, ჩამოხვალ თუ არაო! გელოდება ხალხიო!
ეხ! ვიღაცას სიკვდილთან დამარცხებული გონიხარ, ბრიყვს!
შენ ყოველთვის გამარჯვებული იყავი, ეხლაც გამარჯვებული წახვედი, მთელი ფეისბუკი მოგტირის და გემშვიდობება! ისინიც თავის იმ კომფორტს მისტირიან, რაც შენ მათ შეუქმენი!
მადლობა შენ ჩემი ცხოვრების გალამაზებისათვის, შენი ცხოვრებით რომ ვრწმუნდებოდი, რომ ჩემი მისწრაფებები უტოპიური არ იყო!
ნახვამდის ჩემო მასწავლებელო!
შენ ბავშვობაში ისტორიაში მოგზაურობა გვასწავლე და ეხლაც პირიქითა საქართველოში მოგზაურობას წარმოგვადგენინებ! ჯადოქარი ხარ! ჯადოქარი პაატა ნაცვლიშვილი!
News.ge მწუხარებას გამოთქვამს ქართველი ჟურნალისტის, მწერლის, პოეტის, მხატვრის, გამომცემლის, რედაქტორის, დიზაინერის, ბიბლიოფილისა და საზოგადო მოღვაწის, პაატა ნაცვლიშვილის გარდაცვალების გამო და თანაგრძნობას უცხადებს მის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებსა და მრავალრიცხოვან კოლეგებს.

ასევე დაგაინტერესებთ