პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, წინასწარ ვერაფერს იტყვის, დაემატება თუ არა ასაკრძალი პარტიების სიას სხვა პოლიტიკური ძალა.
ამასთან, კობახიძემ განმარტა, რატომ მოითხოვა „ქართულმა ოცნებამ“ გიორგი გახარიას პარტიის აკრძალვაც.
„თქვენ იცით, რა იყო სარჩელის განახლების საფუძველი. მართალია, ისინი შემოვიდნენ პარლამენტში, თუმცა დღემდე ისინი არ აღიარებ კონსტიტუციურ წყობილებას, არ აღიარებენ ხელისუფლების ლეგიტიმაციას. ასეთ პირობებში, არაფრით განსხვავდება ამ პოლიტიკური პარტიის საქმიანობის სულისკვეთება იმ საქმიანობის სულისკვეთებისგან, რომელსაც აწარმოებენ სხვა შესაბამისი პოლიტიკური პარტიები. აქედან გამომდინარე, ჩვენი აზრით, უალტერნატივო იყო ამ სარჩელში ამ კონკრეტული პოლიტიკური პარტიის დამატებაც.
თავის დროზე ახალი შესულები იყვნენ პარლამენტში და ჩვენ მივეცით დრო ამ პარტიას იმისთვის, რომ ეღიარებინა კონსტიტუციური წყობილება, თუმცა გავიდა მთელი სესია, მათ არ აღიარეს კონსტიტუციური წყობილება, დაუპირისპირდნენ კონსტიტუციურ წყობილებას. თქვენ შეგიძლიათ ამოიღოთ მათი მრავალი განცხადება, რომელიც ამ შინაარსისა, ისინი არ აღიარებენ კონსტიტუციურ წყობილებას, დანარჩენი წარმოდგენილია სარჩელში. პროცესებიც იქნება საჯარო და ჩვენი არგუმენტებიც იქნება საჯაროდ წარდგენილი სასამართლოსა და საზოგადოების წინაშე.
რაც შეეხება იმას, როდის დასრულდება განხილვა, ეს არის სასამართლოზე დამოკიდებული. მაქსიმალური ვადა არის 9 თვე. ჩვენი სურვილია 9 თვე არ გაგრძელდეს, სასამართლო როგორ გადაწყვეტს, ეს მისი საქმეა“, – განაცხადა კობახიძემ.
კითხვაზე: კიდევ დაემატება თუ არა რომელიმე პარტია სარჩელს, კობახიძის თქმით, „ამაზე წინასწარ ვერაფერს იტყვის“.
„წინასწარ ვერაფერს გეტყვით, მე ვფიქრობ, რომ ეს არის ამომწურავი სია, რომლის გარშემოც უნდა იმსჯელოს სასამართლომ. დღევანდელი მდგომარეობა ასეთია“,- განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, “ქართული ოცნება” საკონსტიტუციო სასამართლოს პარტიის “გახარია საქართველოსთვის” აკრძალვასთან დაკავშირებითაც მიმართავს.
მიმდინარე კვირაში საკონსტიტუციო სასამართლოს წარედგინება განახლებული საკონსტიტუციო სარჩელი, რომელსაც დაემატება ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტია.




