გერმანიას „ჭაობში ჩაფლულს“ უწოდებს

თბილისის მერი  გერმანიის ქალაქ ზაარბრიუკენის გადაწყვეტილებას, თბილისთან მრავალწლიანი პარტნიორობის შეწყვეტის შესახებ, მწვავე განცხადებით გამოეხმაურა. კალაძე ამტკიცებს, რომ გერმანული ბიუროკრატია „პოლიტიკურ სპეკულაციებშია ჩართული“, ხოლო ევროპა სერიოზული კრიზისების წინაშე დგას.

თბილისის მერმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ წერილში ასევე გააკრიტიკა კოპენჰაგენში დემონსტრანტების წინააღმდეგ პოლიციის მოქმედებები და განაცხადა, რომ ევროპელმა პოლიტიკოსებმა ყურადღება საკუთარ ქვეყნებში არსებულ გამოწვევებზე უნდა გაამახვილონ, ნაცვლად იმისა, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესებზე „გადამჭრელი ზომები“ მიიღონ.

„დაუჯერებელია, რომ დღეს, როდესაც ევროპის კონტინენტზე სრულმასშტაბიანი სამხედრო კონფლიქტი მიმდინარეობს, არაფორმალური ოლიგარქიული გავლენებით მოქმედი ხელმძღვანელი პირებისა და პოლიტიკოსების გამო კი გერმანია პრაქტიკულად ჭაობშია ჩაფლული და უდიდესი გამოწვევების წინაშე დგას (ეკონომიკური კრიზისი, კრიმინალის კატასტროფულად გაზრდილი მაჩვენებელი, დემოგრაფიული პრობლემები, მიგრანტებთან დაკავშირებული კრიზისი, სოციალური დაძაბულობა და ღირებულებითი კრიზისი) გერმანელი ბიუროკრატები საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარების შესაფასებლად იცლიან და „გადამჭრელ ზომებს“ იღებენ, რაც იმაშიც გამოიხატება, რომ გერმანული ქალაქი ზაარბრიუკენი 50-ზე მეტი წლის წინ დაძმობილებულ თბილისთან ყველანაირ ურთიერთობას წყვეტს…

თუკი მათ ევროპულ სახელმწიფოებში არსებული პოლიტიკური ვითარება რეალურად აწუხებთ, ამ აბსურდული გადაწყვეტილებების მიღების ნაცვლად ჯობს დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების კუთხით მომხდარ იმ უმძიმეს მოვლენაზე გაამახვილონ ყურადღება, რაც დანიის დედაქალაქში, კოპენჰაგენში ვიხილეთ, როდესაც მშვიდობიანი დემონსტრაციის მონაწილეებს ჯერ ხელკეტებით გაუსწორდნენ, შემდეგ კი მათ წინააღმდეგ ძაღლები გამოიყენეს…“ – წერს კალაძე ფეისბუქზე გამოქვეყნებულ წერილში.

კალაძის განცხადება მას შემდეგ გავრცელდა, რაც გერმანიის ქალაქმა ზაარბრიუკენმა თბილისთან 51-წლიანი მეგობრული ურთიერთობის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, გადაწყვეტილება საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარების შეფასებას უკავშირდება.