ისრაელმა ლიბანში ჯარისკაცის მიერ იესო ქრისტეს ქანდაკების განადგურება დაგმო

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ, საგარეო საქმეთა მინისტრმა, გიდეონ საარმა და სამხედროებმა დაგმეს ჯარისკაცის ქმედებები, რომელმაც ლიბანის ერთ-ერთ სოფელში იესო ქრისტეს ქანდაკება ნაჯახით გაანადგურა.
“გუშინ, ისრაელელთა აბსოლუტური უმრავლესობის მსგავსად, განცვიფრებული და დამწუხრებული დავრჩი იმის გაგებით, რომ ისრაელის თავდაცვის ძალების ერთ-ერთმა ჯარისკაცმა სამხრეთ ლიბანში კათოლიკური რელიგიური სიწმინდე დააზიანა. მე მკაცრად ვგმობ ამ აქტს. სამხედრო ხელმძღვანელობა ამ საკითხზე სისხლის სამართლის გამოძიებას აწარმოებს დამნაშავის მიმართ შესაბამისად მკაცრ დისციპლინურ ზომებს მიიღებს,” – წერს ნეთანიაჰუ X-ზე.
მომხდარს ასევე გამოეხმაურა -ს ელჩი ისრაელში, მაიკ ჰაკაბი, ვისი თქმითაც “სწრაფი, მძიმე და საჯარო პასუხი არის საჭირო.”
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯარისკაცის ქმედებებს უღირსი და სამარცხვინო უწოდა. “ბოდიშს ვიხდით ამ შემთხვევისთვის და ყველა ქრისტიანს, ვისი გრძნობებიც შეურაცხყოფილი იყო.”
ჯარისკაცის ქმედება დაგმეს სამხედროებმაც.
“ისრაელის თავდაცვის ძალები (IDF) ინციდენტს ძალიან სერიოზულად უყურებს და ხაზს უსვამს, რომ ჯარისკაცის საქციელი სრულიად შეუსაბამოა იმ ღირებულებებთან, რომლებსაც მისი სამხედროებისგან მოითხოვს, IDF მუშაობს თემის მხარდაჭერაზე, რათა ქანდაკება თავის ადგილზე დაბრუნდეს,” – წერია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში.
ცნობისთვის, ამ შაბათ-კვირას ინტერნეტში გავრცელდა ფოტო, რომელზეც ჯარისკაცი ნაჯახით ჯვარზე გაკრულ იესო ქრისტეს ქანდაკებას ურტყამს.