ისრაელმა დაზიანებული იესოს ქანდაკება აღადგინა, სამხედროებს 30-დღიანი პატიმრობა მიესაჯათ

ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ აღდგენილი ჯვარი
ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს ინფორმაციას, რომ სამხრეთ ლიბანის ქალაქ დებელში დაზიანებული იესო ქრისტეს ქანდაკება აღადგინეს.
“ჩრდილოეთის სარდლობამ ინციდენტის შესახებ შეტყობინების მიღების მომენტიდან დაიწყო ქანდაკების გამოცვლაზე კოორდინაცია. ისრაელის თავდაცვის ძალები ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ინციდენტის გამო და მუშაობს იმის უზრუნველსაყოფად, რომ ეს მომავალში აღარ განმეორდეს,” – წერია განცხადებაში.
ამასთან ერთად, ისრაელელი ჯარისკაცები, რომლებმაც ქრისტეს ფიგურა დააზიანეს და ინციდენტის ამსახველი ფოტო გადაიღეს, საბრძოლო მოვალეობიდან გაათავისუფლეს და 30-დღიანი სამხედრო პატიმრობა მიესაჯათ.
IDF-ის ცნობით, ინციდენტის თვითმხილველ კიდევ ექვს ჯარისკაცს, რომლებმაც მომხდარის შესაჩერებლად ან შესატყობინებლად არაფერი გააკეთეს, “განმარტებითი სახის დისკუსიებზე” დაიბარებენ, რომლებსაც, შესაძლოა, სარდლობის დონეზე სხვა ზომებიც მოჰყვეს.
აქამდე, სამხედროების ქმედება დაგმეს ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ, საგარეო საქმეთა მინისტრმა, გიდეონ საარმა და სამხედროებმა.
“გუშინ, ისრაელელთა აბსოლუტური უმრავლესობის მსგავსად, განცვიფრებული და დამწუხრებული დავრჩი იმის გაგებით, რომ ისრაელის თავდაცვის ძალების ერთ-ერთმა ჯარისკაცმა სამხრეთ ლიბანში კათოლიკური რელიგიური სიწმინდე დააზიანა. მე მკაცრად ვგმობ ამ აქტს. სამხედრო ხელმძღვანელობა ამ საკითხზე სისხლის სამართლის გამოძიებას აწარმოებს დამნაშავის მიმართ, შესაბამისად, მკაცრ დისციპლინურ ზომებს მიიღებს,” – წერს ნეთანიაჰუ X-ზე.
მომხდარს ასევე გამოეხმაურა -ს ელჩი ისრაელში, მაიკ ჰაკაბი, ვისი თქმითაც, “სწრაფი, მძიმე და საჯარო პასუხი არის საჭირო.”
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯარისკაცის ქმედებებს უღირსი და სამარცხვინო უწოდა. “ბოდიშს ვიხდით ამ შემთხვევისთვის და ყველა ქრისტიანს, ვისი გრძნობებიც შეურაცხყოფილი იყო.”
ჯარისკაცის ქმედება დაგმეს სამხედროებმაც.
“ისრაელის თავდაცვის ძალები (IDF) ინციდენტს ძალიან სერიოზულად უყურებს და ხაზს უსვამს, რომ ჯარისკაცის საქციელი სრულიად შეუსაბამოა იმ ღირებულებებთან, რომლებსაც მისი სამხედროებისგან მოითხოვს, IDF მუშაობს თემის მხარდაჭერაზე, რათა ქანდაკება თავის ადგილზე დაბრუნდეს,” – წერია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში.
ცნობისთვის, ამ შაბათ-კვირას ინტერნეტში გავრცელდა ფოტო, რომელზეც ჯარისკაცი ნაჯახს ჯვარზე გაკრულ იესო ქრისტეს ქანდაკებას ურტყამს.