მკვდარი ღმერთის ობლები

2026 წლის 19 აპრილს, ფონიჭალაში, საცხოვრებელ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს ბერი ნიკოლოზ [ნარიმან] მაქარაშვილი – სხვა ვერსიით ქრისტე, მეფე ნარიმან ბაგრატიონი, მხსნელი, ზოგჯერ სტალინიც.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სტანდარტული სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. მსგავს შემთხვევაში გამოძიება ყოველთვის ამ მუხლით იწყება, გარემოებების გამოვლენის შემდეგ კი, შესაბამის ბრალად კვალიფიცირდება.
მიმდევრების ცნობით, ბერი ნიკოლოზი საცხოვრებელი ბინიდან ბოლოს 9 აპრილს გამოვიდა. 17 აპრილს გამოქვეყნებულ პოსტში ისინი წერდნენ, რომ ნიკოლოზ მაქარაშვილს უჭირდა გადააგილება.
“მას შემდეგ მამაოს ბინაში ჩამი-ჩუმი არ ისმის, ის არ გადაადგილდება და არც ხმას იღებს”  – წერდნენ მიმდევრები.
როგორც ირკვევა, დაპირისპირება იყო ბერი ნიკოლოზის მიმდევრების ორ ჯგუფს შორის.
14 აპრილს ბერი ნიკოლოზის მიმდევარმა, ინგა ბოლოთაურმა საჩივრით მიმართა პოლიციას. საჩივარში ბოლოთაური წერს, რომ მიმდევრების ნაწილი 9 აპრილს თავს დაესხა ბერი ნოკოლოზის მეგობარს, მალხაზ ჯინორიას, რომელმაც მასთან ექიმი მიიყვანა. გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ნიკოლოზის საცხოვრებელ სახლში ექიმი არ შეუშვეს. ვიდეოში ისმის მალხაზ ჯინორიას და დაპირისპირებული მიმდევრის დიალოგი:
ჯინორია: – ე.ი ღმერთია?!
– აბა ვინ არის. ღმერთია, ჩემთვის ღმერთია.
ჯინორია: – ექიმი არ უნდა?
– არა, არა, არა. ყველას მკურნალია. ყველას მკურნალი როგორ არის თუ არ არის ღმერთი?!
ჯინორია: – ე.ი. ღმერთი არის და არ სჭირდება ექიმიო.
“მამაოს ღმერთობის უარყოფის უფლება არავის არ აქვს” – ისმის სხვა მიმდევრის ხმა ჩანაწერში. მალხაზ ჯინორია და ექიმი ბერი ნარიმანის საცხოვრებელ ბინაში არ შეუშვეს.
ინგა ბოლოთაურის საჩივრის თანახმად, ბერის მიმდევრების ერთ ფრთას ფონიჭალაში მისი საცხოვრებელი კორპუსის მიმდინარე ტერიტორია მარტის ბოლოდან აქვთ დაკავებული და ტერიტორიაზე სხვებს არ უშვებენ.
“საქმის ირგვლივ მოგახსენებთ, რომ გარკვეული პირების, ლევან ჯოგლიძის, ალექსანდრე პეტრიაშვილის და სხვა პირების მიერ შექმნილია იერარქიული სისტემის არარეგისტრირებული დაჯგუფება, რომელსაც უწოდეს “ნესტანიანელები”, სადაც ამ დაჯგუფების წევრებს განაწილებული აქვთ “როლები” (თანამდებობები).
ამავე დაჯგუფებაში დედოფლად მოიხსენიებენ დაჯგუფების მთავარ პერსონას და ერთ-ერთ ფუძემდებელს მარინა მძევაშვილს, ხოლო ლევან ჯოგლიძე არის ამირსპასალარი.
ასევე დაჯგუფების სხვა პირებზეც გადანაწილებული აქვთ იერარქიულად პოზიციები, რომლებიც ძალადობრივ კონტროლს ახორციელებენ ქ. თბილისში, ზემო -3, კორპუსი 13, მე-7, სართულზე, ბ.43-ში მცხოვრები მდუმარე ბერი ნიკოლოზ მაქარაშვილის საცხოვრებელი ბინის მიმდებარე ტერიტორიაზე.
ზემოაღნიშნული დაჯგუფების წევრები ბოლო ორ კვირაზე მეტია, მიმდინარე წლის მარტის თვის ბოლო პერიოდიდან დღე-ღამის განმავლობაში მუდმივად იმყოფებიან ბერის საცხოვრებელი ბინის კართან 5-7 ან მეტი წევრის მორიგეობით ძირითადად არაფხიზელ მდგომარეობაში (არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს პირები მოიხმარენ მარიხუანას) და ფიზიკურად და სიტყვიერად ძალადობენ მდუმარე ბერის ბინის კართან მიმავალ საერო და სასულიერო პირებზე. ძალადობას აქვს როგორც ფიზიკური, ასევე სიტყვიერი ხასიათი, მათვე იზოლაციაში ყავთ მდუმარე ბერი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება ვიზუალურადაც თვალსაჩინოა” – წერდა ბოლოთაური 14 აპრილის საჩივარში.
მისივე ცნობით, აღნიშნულმა მიმდევრებმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა რამდენიმე პირს მიაყენეს.
“დაჯგუფების წევრები აკონტროლებენ პერიმეტრს, ახორციელებენ საკუთარ მართლმსაჯულებას. იცოდნენ რა ბერი ნიკოლოზის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის შესახებ, შეგნებულად არ უშვებენ ექიმსა და საკვებს, დამყარებული აქვთ “საკუთარი კანონები“ და არღვევენ საზოგადოებრივ უსაფრთხოებას. ისინი წყვეტენ, ვინ არ უნდა შევიდეს სახლში, ვინ მიიტანოს ბერ ნიკოლოზთან საკვები და საჭირო ნივთები, კრძალავენ დაუძლურებულ ბერ ნიკოლოზთან ექიმის მიყვანას იმ არგუმენტით, რომ ბერს არ სჭირდება სამედიცინო დახმარების მიღება და ა. შ. რითიც სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში აყენებენ ბერ ნიკოლოზს” – წერს ის.
ბოლოთაური -ს გამოძიების დაწყებას სსკ-ის 130-ე – ავადმყოფის განსაცდელში მიტოვების, 225-ე – ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობის და 151-ე, მუქარის მუხლებით სთხოვდა.
რას ამბობენ მიმდევრები ბერი ნიკოლოზის გარდაცვალების შემდეგ
მიმდევრების ნაწილისთვის ბერი ნიკოლოზი იყო წმინდანი, რომელიც სასწაულებს ახდენდა, ქრისტე ღმერთი და მეფე ბაგრატიონი. ნაწილი ელის, რომ ის აღდგება, ნაწილი თვლის, რომ მკვდარი არაა და ასტრალშია, ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ის უკვდავია.
მასალაში შევკრიბეთ ბერი ნიკოლოზის მიმდევრების განცხადებები – რას ელოდებიან და რა სწამთ მისი გარდაცვალების შემდეგ.
“ქრისტე უკვდავია, მორჩა. […] რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი დროებითი მოვლენაა, არავის არ გვჯერა, ქრისტე უკვდავია.” – ამბობდა ერთ-ერთი მიმდევარი 19 აპრილს.
მიმდევრების ნაწილი წინააღმდეგი იყო ბერი ნიკოლოზის ცხედრის ექსპერტიზაზე გადაყვანის:
“სიკვდილი არ არის ეს – როდესაც ბერი ასტრალშია გასული და მოგზაურობს, ამ დროს ის მკვდარი არ არის და შესაძლებელია, მოხდეს ერთი დიდი შეცდომა ექსპერტების მიერ, რომ მათ დაიწყონ გვამის გამოკვლევა, მათ ჩათვალონ, რომ ეს არის გვამი უკვე და გამოიკვლიონ. ამიტომ ვფიქრობ, თუკი ნარიმანთან ვინმე არის სადარბაზოში, არ უნდა გაატანონ გვამი, იმიტომ რომ თუკი მისი გაკვეთა დაიწყება, მაშინ შეიძლება, ვეღარ გაცოცხლდეს. სხეული ახლა არის ბეტა მდგომარეობაში, ეს იმას მიანიშნებს, რომ ბმა სულთან ჯერ კიდევ აქვს. თუკი სულთან ბმას გაწყვეტენ იმით, რომ აქ დიდი ქაოსია და დატრიალდება აურზაური, ხმაური, შესაძლებელია ბერს, სულს გაუჭირდეს ისევ სხეულში შესვლა” – ამბობს ერთ-ერთი მიმდევარი.
“იცოდეთ, რომ საფლავში ჩასვლა ეს დროებითია!!! ველოდები მამა ნიკოლოზის სასწაულებრივად აღდგომა-აღდგინებას!” – წერს ნარიმანის ერთ-ერთი მიმდევარი სოციალურ ქსელში.
იგივე მიმდევარმა სოციალურ ქსელში მანამდე კიდევ რამდენიმე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ ბერი ნიკოლოზი მკვდრეთით აღდგება, მაგალითად:
“მე არ მჯერა მამა ნიკოლოზის, ქრისტე მეფე ნარიმანის გარდაცვალება!!! ზის მამაო, მძინარეა, აღდგომას ელოდება!!!
დიდი ხნის წინ დაწერა, ნამდვილი აღდგომა კვირაცხოვლობა ხომ არ არისო!!! დღეს კვირაცხოვლობაა!!!” – დაწერა მან 19 აპრილს, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ბერი ნიკოლოზი გარდაცვლილი იპოვეს.
მიმდევრების ნაწილი ექიმის საჭიროების არარსებობაზე საუბრობდა ბერი ნიკოლოზის გარდაცვალების შემდეგაც:
“ექიმი რას გიშველის. უფალი თუ თან გყავს, იქ ექიმი უძლურია. ნებისმიერი წმინდანი აიღეთ, ვინც გაგიგიათ და გინახავთ, ვერავის ექიმი ვერ შველის. მამა ნიკოლოზი წმინდანი ადამიანი იყო, უწმინდესი, ქრისტეს გზაზე მავალი, მისი მრევლი ვიყავი, თუ რამე გამიჭირდებოდა, მხარზე ხელს დამადებდა და გამკურნავდა ხოლმე” – ამბობს ერთ-ერთი პირი.
“მე-5 წელია, დავდივარ და ჩემთვის ის სული წმინდის მფლობელია, ფლობს დროსა და სივრცეს, არის ქრისტე და მხსნელი, რადგან ეწამა ყველას გამო, ყველას დაავადება საკუთარ თავზე გადაჰქონდა, რაც ჯერ კიდევ არ ვიცით, რა ფენომენთან გვქონდა საქმე…” – წერს კიდევ ერთი მიმდევარი.
“ეს არის შოკური თერაპია, იესო ქრისტეს აღდგომის რწმენა ხომ გვაქვს, რომ გაცოცხლდა, ეგრე უნდა გვქონდეს ახლა – როგორც გულში ვიცით, რომ იესო ქრისტე აღდგა და გაცოცხლდა, ისე უნდა ვიცოდეთ, რომ მამა ნიკოლოზი აღდგება და გაცოცხლდება” – ამბობს ერთ-ერთი მიმდევართაგან.
ვინ იყო ბერი ნიკოლოზი [ნარიმან მაქარაშვილი]
ნარიმან მაქარაშვილი ბერად 1990-იან წლებში აღიკვეცა, ის რამდენიმე წლის განმავლობაში მოღვაწეობდა ბერი გაბრიელ ურგებაძის ხელმძღვანელობის ქვეშ. მრევლის თქმით, ცხოვრობდა სალოსის ცხოვრებით – იყო მდუმარებაში, შიმშილობდა, სკამზე ეძინა, სასწაულებს ახდენდა, ხალხს კურნავდა.
2016 წელს ბერ ნიკოლოზს საპატრიარქო საჯაროდ გაემიჯნა და დაწერა, რომ მას თითქმის 20 წელია შეჩერებული ჰქონდა მღვდელმსახურება “ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო”.
“საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ტრანსპორტში, განსაკუთრებით კი სამკურნალო დაწესებულებებში ეკლესიის სახელით ვრცელდება ბერი ნიკოლოზის (მაქარაშვილი) ფოტოები ასეთი ტექსტებით: “მხსნელი”, “გადამრჩენელი” და ა.შ.
გვინდა, განვმარტოთ, რომ ბერ ნიკოლოზს თითქმის 20 წელია, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული გარკვეული მიზეზების გამო შეჩერებული აქვს მღვდელმსახურება” – წერდა საპატრიარქო 2016 წელს.
ნარიმან მაქარაშვილი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა ხმაურიანი გამოსახლებებით, ის რამდენჯერმე გამოასახლეს მრევლის მიერ დათმობილი ბინებიდან – გამრეკელის, ზესტაფონისა და ბარნოვის ქუჩებიდან. გარდაცვალებამდე რამდენიმე წლის განმავლობაში ის ფონიჭალაში ცხოვრობდა. გამოსახლებების მიზეზი უმეტესად ნარიმანის  მიმდევრების მიერ მეზობლების შეწუხება და მათთან დაპირისპირება იყო.
მიმდევრები ნარიმანის სახლთან თითქმის 24 საათის განმავლობაში იყვნენ. მათი ვიდეოები მოგვიანებით სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა.
ცნობილია, რომ ნარიმან მაქარაშვილს 23 აპრილს, საბურთალოზე, ჯიქიას სასაფლაოზე დაკრძალავენ. ოჯახი და მიმდევრები მის დაკრძალვას, მცხეთაში, სვეტიცხოველში ითხოვდნენ, რაზეც საპატრიარქოსგან უარი მიიღეს.