ისლანდიაში ვულკანი ბოლო ერთ თვეში მეორედ ამოიფრქვა
ისლანდიის სამხრეთ-დასავლეთში მდებარე რეიკიანესის ნახევარკუნძულზე მდებარე ვულკანი ბოლო ერთ თვეში მეორედ ამოიფრქვა. მას წინ მიწისძვრა უძღოდა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ქალაქ გრინდავიკში, საიდანაც მოსახლეობის ევაკუაცია ოპერატიულად განხორციელდა, 14 იანვარს ლავამ გაანადგურა სულ მცირე სამი სახლი. ვულკანის წინა ამოფრქვევის, 18 დეკემბრის შემდეგ გრინდავიკში განათავსეს სპეციალური ბარიერები, რომლებმაც დასახლება ნაწილობრივ დაიცვა.
დეკემბერში გრინდავიკი დატოვა ქალაქის 4 000-მდე მცხოვრებმა. გარკვეული დროის შემდეგ თავის სახლებს დაუბრუნდა რამდენიმე ასეული ადამიანი, რომლებსაც 14 იანვარს ისევ ევაკუაცია დასჭირდათ.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.