ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი - აშშ-ის მიერ განხორციელებული საჰაერო იერიშები ერაყისა და სირიის სუვერენიტეტს არღვევს
აშშ-ის მიერ განხორციელებული საჰაერო იერიშები ერაყისა და სირიის სუვერენიტეტს არღვევს, - ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ნასერ ქანაანმა განაცხადა.
„აშშ-ის თავდასხმები მორიგ ავანტიურულ და სტრატეგიულ შეცდომას წარმოადგენს, რომელიც რეგიონში დაძაბულობისა და არასტაბილურობის გაზრდას გამოიწვევს“, - განაცხადა ნასერ ქანაანმა.
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს მოუწოდა, რომ რეგიონში აშშ-ის უკანონო და ცალმხრივი თავდასხმები აღკვეთოს.
„ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობისა და კრიზისის ძირითადი გამომწვევი მიზეზი აშშ-ის უსაზღვრო მხარდაჭერით ისრაელის მიერ პალესტინელების ოკუპაცია და გენოციდია“, - აღნიშნა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა.
შეგახსენებთ, დღეს, იორდანიაში აშშ-ის სამხედრო ბაზაზე განხორციელებული თავდასხმის საპასუხოდ, აშშ-მა ერაყსა და სირიაში ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფებების ობიექტებზე საჰაერო დარტყმები განახორციელა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.