ფასების რეგულირება უნდა შეეხოს ყველაფერს და არა კონკრეტულ პროდუქტს სახეობასა თუ მიმართულებას – ამ დოკუმენტს პირადად ჩემი მხარდაჭერა ექნება,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ჭეიშვილმა ფასების შემსწავლელი დროებით საპარლამენტო კომისიის დასკვნასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, „3-თვიანი შრომატევადი საქმიანობის“ შედეგად მიღებული სარეკომენდაციო ხასიათის დასკვნა, ფასებზე აუცილებლად იმოქმედებს.
„სისტემური მიდგომისთვის შეიქმნა საპარლამენტო კომისია, რომ ფასების რეგულირება სისტემურად მოხდეს და არა კონკრეტულ ერთ პროდუქტზე. 3-თვიანი შრომატევადი საქმიანობის შემდეგ გასაჯაროვდა სარეკომენდაციო ხასიათის დასკვნა. [დასკვნა] აღმასრულებელ ხელისუფლებას გადაეგზავნება, მოხდება რეაგირება და ვფიქრობ, რომ ეს დასკვნა ფასებზე აუცილებლად იმოქმედებს და მოსახლეობის კეთილდღეობაზე აუცილებლად აისახება.
[დასკვნის მიმართ] აზრთა სხვადასხვაობა იყო, „ხალხის ძალა“ ოპოზიციურია და განსხვავებული აზრი ექნება და ეს მისაღებია.
[კომისიის] მიერ შესწავლილი იყო ბაზარი და მიიღეს სარეკომენდაციო ხასიათის დასკვნა და ეს წარედგინება აღმასრულებელ ხელისუფლებას და იმედი მაქვს, რომ ფასებზე აისახება.
გუშინ გამოქვეყნდა [დასკვნა] და ახლა ერთ კვირას თუ აქვს არსებითი მნიშვნელობა… გადაეცემა ეს სარეკომენდაციო დასკვნა აღმასრულებელ ხელისუფლებას და აუცილებლად მოხდება რეაგირება. აგერ ნახავთ, თუ არ აისახება ფასებზე და ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობაზე. არ ვიცი ახლა ვადები. მე თვითონ არ ვყოფილვარ კომისიის წევრი – კომისიამ უფრო დეტალურად იცის რა და როგორ იქნება. მე ვფიქრობ, რომ უმოკლეს ვადებში შედეგი იქნება თვალსაჩინო.
ამ დოკუმენტს, პირადად ჩემი მხარდაჭერა ექნება”,- განაცხადა ირაკლი ჭეიშვილმა.
ცნობისთვის, ფასების რეგულირების საპარლამენტო კომისიის დასკვნით, პრობლემა ბაზრის სტრუქტურულ მოწყობაშია. “ძირითადი პრობლემაა არა გადაჭარბებულ მოგებაში, არამედ პრობლემაა არაეფექტურ საოპერაციო ხარჯებში. მიწოდების ჯაჭვი არაეფექტური და გრძელია. შესაბამისად, უნდა შეიქმნას ცენტრალიზებული დისტრიბუციის ცენტრები, რომლებიც დააახლოებს მწარმოებელსა და საცალო ქსელებს და იმპორტიორსა და მწარმოებელს”, – მიიჩნევს კომისია. ასევე, კომისია რეკომენდაციას გასცემს აღმასრულებელი ხელისუფლების მიმართ, რომ მოხდეს რბილი ჩარევა, ვიდრე აგრესიული ჩარევა და ფასების ადმინისტრირება, რადგან ეს შექმნის უფრო მეტ პრობლემას, ვიდრე სიკეთეებს.




