ანალიტიკოს ირაკლი მელაშვილის შეფასებით, საქართველოსთვის პრობლემა ახლო აღმოსავლეთისა და შუა აზიის ქვეყნებთან თანამშრომლობა კი არა, დასავლეთთან ურთიერთობების გაუარესებაა.
შესაბამისი განცხადება ანალიტიკოსმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალზე დასწრებასთან დაკავშირებით განაცხადა.
„პრობლემა ის კი არ არის უშუალოდ ახლო – აღმოსავლეთის და შუა აზიის ქვეყნებში რატომ ჩავდივართ, პრობლემა არის ის, რომ მარტო იქით გვიწევს სიარული. ზურგით შევუტრიალდით დასავლეთს, ძალიან მარტივი მიზეზის გამო – აღმოსავლეთში არიან ის ქვეყნები, რომლებიც საქართველოს მთავრობას არ სთხოვენ არც დემოკრატიას, არც ადამიანის უფლებების დაცვას. ამ მხრივ ჩვენზე უარესები არიან და ამიტომ. შუა აზიის ქვეყნების ჩვენდამი ინტერესი უფრო მაღალია, თუ ჩვენ ევროპასთან კარგ ურთიერთობაში ვართ. თუ ჩვენ ვართ ჩიხი, ანუ საქართველო სანქცირებულია და არ აქვს ევროპასთან სავაჭრო ურთიერთობა, მაშინ აღმოსავლეთის ქვეყნებს დიდი ინტერესი არ ექნებათ. ასეთი რუსეთიც ჰყავთ. ჩვენი გეოპოლიტიკური მდებარეობა მარტო პლუსები არ არის, ამას ზედმეტი ფასისს დადება არ სჭირდება“,- განაცხადა მელაშვილმა.
ანალიტიკოსი ასევე გამოეხმაურა ბიძინა ივანიშვილის შვილის, ცოტნე ივანიშვილის საჯარო აქტივობებს. მისი თქმით, ჯერჯერობით უცნობია, რა მიზნები აქვს მას, თუმცა ვარაუდობს, რომ შესაძლოა „ქართული ოცნების“ მცდელობა იყოს, რომ ახალგაზრდებში მხარდაჭერის გაძლიერების კუთხით.
მისივე შეფასებით, ეს ფაქტი ქვეყნის მთავარ პრობლემას – ძლიერი პოლიტიკური ალტერნატივის არარსებობას – ვერ ცვლის.
„ბიძინა ივანიშვილს რა დამოკიდებულებაც ჰქონდა პოლიტიკის მიმართ, ცოტა ეჭვი მეპარება. ამ ახალგაზრდა კაცს რა უნდა და რას ფიქრობს, აზრზე არ ვარ. ფაქტია, რომ გამოჩნდა. ალბათ, შემთხვევით არ გამოჩენილა. მამამის უნდა მიეხმაროს, თუ ხედავს რომ „ოცნებას“ ახალგაზრდებში პრობლემა აქვს, არ ვიცი. რა მიზნებიც აქვს, გამოჩნდება. ეს არაფერს ცვლის და არც წყვეტს. მთავარი პრობლემა რჩება – სერიოზული ალტერნატივის გაჩენა ამ ქვეყანაში“,- განაცხადა მელაშვილმა.
მელაშვილი ოპოზიციის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახალი პოლიტიკური გაერთიანებების შექმნა ბუნებრივი პროცესია, თუმცა გადამწყვეტი იქნება, რა იდეებსა და პროგრამას შესთავაზებენ ისინი საზოგადოებას.
„გაერთიანების შექმნაში ცუდ არაფერს ვხედავ. მთავარია, რისი შეთავაზება ხდება. ჯერ არ ვიცი, როგორც მოქალაქეს რას მთავაზობენ. ოპოზიციაში პიროვნებებზე არ მაქვს პრობლემა. პრობლემას ვხედავ იმ შეთავაზებებს, რომლებიც საზრიანი იქნება. ამიტომ, ველოდები რა შეთავაზებები იქნება. ბუნებრივი პროცესია, როდესაც ასეთი სიცარიელეა. ლიდერების ნაკლებობა კი არ არის, რომლებიც თავიანთ თავს ლიდერებს უწოდებენ. არამედ აზრების და იდეების ნაკლებობაა. ამიტომ, ჩემი აზრით, ეს ველია შესავსები. ავტორიტეტები სწორი იდეებიდან მოდის“,- განაცხადა მელაშვილმა.
ანალიტიკოსის თქმით, ბოლო წლებში საპროტესტო აქციები შედეგზე ნაკლებად იყო ორიენტირებული, რის გამოც საზოგადოების ნდობის მოპოვება ვერ შეძლო. მისი შეფასებით, ოპოზიციამ ხელისუფლებას არ უნდა დაუთმოს ისეთი თემები, როგორიცაა პატრიოტიზმი და მშვიდობა, ხოლო რადიკალურ პოლიტიკას საქართველოში დიდი პერსპექტივა არ აქვს.
„ბოლო წლების განმავლობაში საპროტესტო მოძრაობა ძალიან ჩაიციკლა, შედეგზე არ გახდა ორიენტირებული. ის ადამიანები ვერ ჩამოყალიბდნენ, სურთ თუ არა იყვნენ პოლიტიკური პროცესის ნაწილი. პოლიტიკოსები არ გვინდა, მაშინ შენ უნდა შექმნა პოლიტიკური პროცესი. რამდენიმე წელი უაზრო გადაძახილებში დაიკარგა. პოლიტიკური პარტიების გამრავლება ნიჰილიზმმა განაპირობა. მთავარია გამოჩნდეს ალტერნატიული და სწორი იდეები. ძალა მოსდევს სწორ იდეას. არ ვფიქრობ, რომ რადიკალიზაციას დიდი მომავალი აქვს საქართველოში.არ უნდა დაუთმო ისეთი იდეები ხელისუფლებას, როგორიც არის პატრიოტიზმი, მშვიდობა, რაღაცები არ უნდა დაუთმო. კარგად არის გასაანალიზებელი, რატომ არ არის პოპულარული ოპოზიცია საზოგადოების თვალში“, – განაცხადა მელაშვილმა.




