ირაკლი კაკაბაძე: კიდევ ერთი წერილი კიბერ-ასინეთას ჩემო ძვირფასო კაცო, ძალიან გული მტკივა რომ ამ ბოლო ხანებში ჩემს ოჯახს პერსონალურად გამოუცხადე ომი

მწერალი, ირაკლი კაკაბაძე:  
კიდევ ერთი წერილი კიბერ-ასინეთას
ჩემო ძვირფასო კაცო,
ძალიან გული მტკივა რომ ამ ბოლო ხანებში ჩემს ოჯახს პერსონალურად გამოუცხადე ომი. ჯერ ჩემს დას ახსენებ სულ. მერე ბიძაჩემი და ახლა დედაჩემიც გაგახსენდა. და თან სრულიად უსაფუძვლოდ გვაბრალებ ყველას რაღაცას, რაზეც სამწუხაროდ არანაირი წარმოდგენა არა გაქვს.
შენს ბოლო მიმართვაში აცხადებ, რომ არავის არაფრის დავალება შენთვის არ შეუძლია და რასაც აკეთებ, ყველაფერს საკუთარი ინიციატივით აკეთებ. კი ბატონო. არ დავიწყებ ამაზე კამათს. ოღონდ არ ვიცი, ეს თუ დავიჯერე ბოლომდე, რამდენად უკეთესია იმაზე რომ ამას ვინმე დავალებით აკეთებდეს. ადამიანებისთვის ცილისწამება საკუთარი ინიციატივითაც ძალიან ცუდია. მითუმეტეს რომ ამაში გაცნობიერებული ყველა ადამიანი კარგად ერკვევა ისტორიაშიც, თეოლოგიაშიც და ფილოსოფიაშიც. როცა ადამიანმა არ იცი წმინდა გიორგი ივერიელის ისტორია და მისი მოწამებრივი სიკვდილი 1770 წლის 2 იანვარს კუნძულ ლესბოსის დედაქალაქ მიტილენში და ამის გამო სხვებს ცილს სწამებ, რომ თითქოს აღმსარებლობას დასცინიან – ეს უკვე არცოდნა-არცოდვა აღარ არის. ეს შეგნებული ცილისწამებაა დათა თუთაშხიას ცნობილი ანტი-გმირის ასინეთას სტილში. აკი გითხარი, ეგ როლი შენი არ არის – მას გენიალური სესილია თაყაიშვილი საუკეთესოდ ასრულებს. შენ არც სარკასტული სიუჟეტი გამოგდის ამ თემაზე და შენდაუნებურად ხდები ასინეთას ცხოვრებისეული ასლი, რომელსაც საკუთარი ცილისწამებით შეუძლია გამოიწვიოს ბევრი ადამიანის დაზარალება ან მოკვლა. ის, რაც ჩვენი ისტორიის მანძილზე არაერთხელ მომხდარა ჩვენთანაც და სხვაგანაც. იმედი მაქვს, რომ შენი დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღებისას ამაზე იფიქრებ, რომ შენმა ამ ‘საჯარო მოწოდებებმა’ ვინმე შესაძლოა ისე დააზარალოს, რომ დიდი ცოდვა დაიდო. სწორედ ეს არის ის გაკვეთილი, რომელიც ჭაბუასგან უნდა გესწავლა, შენ რომ კარგად წაგეკითხა და გაგეგო მისი ნაწერები.
მეორე, როდესაც შენ ‘დამოუკიდებლად იღებ გადაწყვეტილებებს’ და ‘გიჟივით თავისუფალი’ ხარ – გეტყვი პირდაპირ რომ არ გყოფნის განათლება და ცოდნა ასე დამოუკიდებლად სალაპარაკოდ. გაუნათლებლობა უბრალოდ არცოდნა არ არის – ეს არის რაღაცის ცოდნაზე პრეტენზია, როდესაც პრაქტიკულად არაფერი იცის ამ თემაზე. ისიც არ იცი, რომ 18 წელს გადაცილებულ ადამიანებს მენტორული ტონით არ უნდა მიმართო და არც შენ უნდა ამოეფარო ვინმე სხვა ‘ავტორიტეტის’ სახელს. ეს ძველი ‘ქურდული გარჩევების’ მერე აღარავის გახსენებია და მიკვირს, რომ ჩემს წინაპრებს იყენებ ჩემს წინააღმდეგ. ისიც გავიწყდება, რომ ბიძაჩემთანაც, დედაჩემთანაც, მამაჩემთანაც და კიდევ სხვა ნათესავებთან მე საკმაოდ ახლო ურთიერთობა მქონდა – ძალიან დიდი შანსია რომ შენზე ახლოც კი და მათი აზრები კარგად ვიცი.
ჭაბუამ 2009 თუ 2011 წელს მთელს საქართველოს და ქართველებს მიმართა ორი სიტყვით ‘დაიცავი საქართველო’ – ეს ყველამ იცის. საქმე ისაა, თუ როგორ იცავს ყოველი ჩვენგანი საქართველოს. ახლა, შენ გგონია რომ ამ შენი ტელე-ასინეთობით საქართველოს იცავ? ცხადია, ალბათ ასე გგონია, რადგან თვით ასინეთასაც ეგონა რომ იცავდა სოფელ სეთურებს. მაგრამ, იქნებ ვინმე სხვასაც ჰკითხო: ეს ასინეთური საქციელი გაუხარდებოდა მის შემქმნელ ავტორს?
კარგია რომ შენი ინსტიტუტის ზოგიერთი ლექტორის სახელი მაინც გაგახსენდა. ამას მივესალმები. მაგრამ, ჩემი ბიოგრაფია აშკარად არ იცი და აქაც დიდ შეცდომებს უშვებ ‘საკუთარი ინიციატივით’. ამნაირ შეცდომებს ნამდვილად არცერთი დამკვეთი არ დაუშვებდა და ამიტომაც გუკლწრფელად მჯერა რომ ამჯერად ‘შენი ინიციატივით’ გამოიჩინე თავი. ცენზურასაც ახსენებ, და ამაში დაგეთანხმები – ჩემს წიგნების გაყიდვაზე ამ ქვეყანაში ცენზურაა – მაღაზიები არ იღებენ. მაგრამ, ინგლისურენოვალ ვიკიპედიაზე შეგიძლია ნახო ჩემი ბიოგრაფია. პირველი ქართველი მწერალი ვარ, რომელიც ნიუ იორკის PEN World Voices ფესტივალებზე გამოვიდა 2008 და 2010 წელს. იმავე 2008 წელს ნობელიანტ დერეკ უოლკოტთან ერთად მქონდა წარდგენა მაიამის წიგნის ფესტივალზე, 2009 წელს ჩემი პერსონალური სტენდი იყო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე. იმავე წელს მიღებული მაქვს ოქსფამის ლიტერატრული პრემია და ასე შემდეგ. და ის ხალხი, ვინც ამ პრემიებს გასცემდა, ჩემს არც ერთ ნათესავს არც იცნობდა და მათს შესახებ გაგონილი არაფერიც ჰქონდა. თორემ ჩემს სანათესაოს თუ ჩავუყევით და განსაკუთრებით დადიანების ხაზს – იქ დაინახავ, რომ ბევრი ქართველი, ბიზანტიელი, ბერძენი თუ რომაელი წინაპარიც აღმოჩნდება ამ გენეალოგიურ ხაზში. ჯეფრი კარ-ჰარისის გამოთვლებით არა მარტო ჩემი, არამედ ჩემი ბიძაშვილების წინაპრებს შორისაა მარკუს ანტონიუსიც და კლეოპატრაც – ორივე სხვადასხვა ხაზით. ცხადია, ჩვენ ყველანი პატივს ვცემთ მათს ხსოვნას – მაგრამ ზედმეტი აპელირება წინაპრებზე მომავლის ხედვას და შემოქმედებას არაფერში ეხმარება. ადამიანი თვითონ უნდა ცხოვრობდეს ღირსეულად, თორემ თუ ეს არ გამოუვიდა, მას ვერ მარკუს ანტონიუსი უშველის, ვერც კლეოპატრა და ვერც თვითონ უილიამ შექსპირი. ესეც უნდა იცოდე – არ გეკადრება ეს ავტორიტეტბზე აპელირება. მავანი იფიქრებს, რომ ეს ხელმოცარული და გამწარებული ადამიანების ხვედრია, რომელთაც საკუთარი არაფერი შეუქმნიათ და სხვის ავტორიტეტს ეფიცხებიანო. თუ გინდა არგუმენტის დადება, საკუთარი სახელით ილაპარაკე და თქვი რა გინდა.
ახლა, ამ შენი მრავალჯერადი ‘ტელე-ასინეთობით’ მარტო ის ჩანს, რომ შენ ხალხი ბრმა გგონია და ცდილობ ადამიანები დაგეშო ცილისწამებით. შენ არც ის იცი, რომ მე პოლიტიკოსი არ ვარ. 1988-90 წლებში ვიყავი ეროვნულ-გამათავისუფლებელ მოძრაობაში, ისევე როგორც ბევრი სხვა და მერე არასდროს ვყოფილვარ პოლიტიკაში. არც ‘აქეთ მხარეს’ ვარ და არც ‘იქით მხარეს’. ერთი რიგითი მოქალაქე ვარ, რომელსაც უხარია კარგი და არ უხარია ცუდი. თუ სოლიდარობას და მშვიდობას ვხედავ, მიხარია. თუკი ძალადობას ვხედავ , ვწუხვარ. ძალიან მიკვირს, რომ შენ ეს ქვეყანა დაჰყავი ‘აქეთ-იქით მხარედ’. ეს ქვეყანა შენთვის სხვა არაფერია, თუ არა მტრული ბანაკები? ანუ, შენს ნავში ვინც ვერ ან არ ჩაჯდა, ის მტერია? ესაა, ჩემო ბატონო, მშვიდობა? განა ეს არ არის სიძულვილის და დაპირისპირების გაღვივება იმ ხალხში, რომელსაც აღარ უნდა არც დაპირისპირება და არც ძალმომრეობა..
სიმართლე გითხრა, მეც არ მინდა შენს ნათქვამებზე მუდმივად კომენტარის გაკეთება. არ ვართ ჩვენ ისეთი მნიშვნელოვანი, რომ ყველამ ამაზე ილაპარაკოს. უბრალოდ, შენს სტილში რომ ჩავჯდე, ძალიან გული მტკივა, რომ ამ ქვეყანაში ამდენ მტრობას და ბანაკებად დაყოფას აქვს ადგილი. და ეს ხანდახან შესაძლოა, ‘საკუთარი ინიციატივითაც’ მოხდეს. შეიძლება ადამიანს არასწორად მოეჩვენოს რამე და სხვა ადამიანები თავისდაუნებურად გაწიროს. ხანდახან ‘პირადი ინიციატივა’ უფრო საშიშია, ვიდრე თუნდაც დავალება. ამის ისტორიაც ვიცით.
ახლა აუცილებელია ამ ქვეყანაში დაიწყოს საზოგადოების გამთლიანების პროცესები. ჩვენ ყველამ, კი არ უნდა დავყოთ, არამედ უნდა გავაერთიანოთ ჩვენი საზოგადოება. რის ირგვლივ? დიახ, ზუსტად იმ ღმერთის ირგვლივ, რომელიც არის სიყვარული და შემოქმედება. აი, ზუსტად ეს გვინდა ჩვენ. და გაერთიანება ზუსტადაც რომ წმინდა გიორგი ივერიელის, აბო თბილელის, შუშანიკის, გრიგოლ ხანძთელის და სხვა მოწამეების გზით – ეს სიყვარულის გზაა, და არა დაყოფის და ქონების დაგროვების. ქრისტიანის სიმდიდრე მისი სიყვარულია და არა დაპირისპირება. იმ ახალგაზრდა და კარგი ბიჭების გინება არ არის სიყვარულის გზა, ჩემო ბატონო. ეს მხოლოდ მეტ და მეტ დაპირისპირებას მოიტანს ამ ისედაც გახლიჩილ საზოგადოებაში.
ჩვენი მიზანია ამ ქვეყნის გაერთიანება ქრისტეს გზაზე და არა ბარაბას გზაზე – ეს გზა სიყვარულის, შემოქმედების, სიქველის, სიკეთის, ‘სხვისთვის გაცემის’ და არა ქონების დაგროვების, შეწყალების და არა ადამიანების ჩაქოლვის გზაა. აი, საითკენ ვართ ჩვენ და არა რომელიმე პოლიტიკური დაჯგუფების ან კლანის ბანაკში. იმედი მაქვს შენც მანდ ხარ, რამეთუ ღმერთი სიყვარულია და არა სიძულვილი.