ირაკლი მელაშვილი – გერმანიას დედას რომ აგინებ, მერცს იდიოტს ეძახი და მერე ელოდები, რომ რაღაც შეიცვლება, მაშინ აზროვნებით პაპუაშვილი უნდა იყო – დასჭირდებათ დასავლეთი? – გადაითამაშებენ დასავლეთს, დასჭირდება ? – გადმოითამაშებენ აქეთ

ნიკოლოზ სამხარაძის ამ განცხადებით ჯერჯერობით არაფერი შეიცვლება – გერმანიას დედას რომ აგინებ, მერცს რომ იდიოტს ეძახი, მერე ელოდები, რომ შენს საკეთილდღეოდ მისგან რაღაც ნაბიჯები გადმოიდგმება, ასეთ შემთხვევაში, პაპუაშვილი უნდა იყო შენი აზროვნებით და მენტალობით ან ზარქუა ან გორდულაძე ან მახაშვილი, – ასე აფასებს „ინტერპრესნიუსთან“ ანალიტიკოსი ირაკლი მელაშვილი საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებას იმის თაობაზე, რომ ლუქსემბურგს სთხოვეს, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ და რომ მზად არიან სასაუბროდ პრობლემურ საკითხებზე, მათ შორის ე.წ. გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით.

ირაკლი მელაშვილის თქმით, მისთვის კითხვას იწვევს ის, თუ რამდენად ერთიანია თვითონ „ქართული ოცნება“ სამხარაძის ამ განცხადებასთან მიმართებით.

„ჯერჯერობით რამის გარკვევა მარტო სამხარაძის განცხადებებით რთულია, თუმცა ის, რომ „ქართულ ოცნებას“ ცოტა შეცვლილი აქვს პოზიცია, ჩანს. უკრაინაში ომის დაწყების შემდგომ ისინი ფიქრობდნენ, რომ ძალიან მალე გაიმარჯვებდა , მოხდებოდა ტრამპისა და პუტინის გარიგება და ჩვენ აღმოვჩნდებოდით რუსეთის გავლენის სფეროში, შესაბამისად, ევროკავშირი ასეთი აქტუალური აღარ იქნებოდა. ისინი ხედავენ, რომ რუსეთი ვერ იმარჯვებს, ურთიერთობა ყველასთან აბსოლუტურად გაფუჭებულია, რუსეთთან ვერაფრით ხერხდება დალაგება, ასეთ ვითარებაში ჩანდა, რომ ისინი შეეცდებოდნენ რაღაცების დარეგულირებას ამერიკელებთან. ცდილობდნენ ტრამპის ადმინისტრაციის გული მოელბოთ და არც ეს საქმე გამოუვიდათ მაინც და მაინც და ახლა რაღაცას იწყებენ ევროკავშირთან მიმართებაში, თუმცა რამდენად ერთიანია თვითონ „ოცნებაში“ ეს პოზიცია, ჩემთვის ეს კითხვის ნიშნის ქვეშ დგას“, – განაცხადა ირაკლი მელაშვილმა.

მისი თქმით, „ქართული ოცნებისთვის“ ყველა კარი დახურულია.

„ქართულ ოცნებას“ სინამდვილეში არანაირი სტრატეგია არასდროს ჰქონია. „ოცნების“ „ლიდერშიპის“ არსებობისა და საქმიანობის ერთადერთი მიმართულებაა ძალაუფლების შენარჩუნება, ამიტომ ამ გზაზე დასჭირდებათ დასავლეთი? – გადაითამაშებენ დასავლეთს, დასჭირდებათ რუსეთი? – გადმოითამაშებენ აქეთ, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ყველა კარი დახურულია. მათ დაუყენებენ ისეთ პირობებს, რა პირობებზეც წასვლის შემთხვევაში, ისინი დაკარგავენ ყველაფერს, რისთვისაც ამდენი ხანი იბრძოლეს – მუდმივად შეენარჩუნებინათ ძალაუფლება.

[სამხარაძის ამ განცხადებით] ჯერჯერობით არაფერი შეიცვლება, ისინი ეცდებიან კულუარებში დაალაგონ ეს ვითარება. რაც შეეხება ლუქსემბურგისთვის თხოვნას, რომ ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, ლუქსემბურგი კიდევ ცალკე თემაა. რა თქმა უნდა, ევროკავშირში ყველას ერთი ხმა აქვს, მაგრამ ერთი ხმა არ ნიშნავს ერთი და იგივე გავლენას. ევროკავშირის, ევროკომისიის გადაწყვეტილებებზე ლუქსემბურგის გავლენა და გერმანია-საფრანგეთის გავლენა განსხვავდება. გერმანიას დედას რომ აგინებ, მერცს რომ იდიოტს ეძახი, მერე ელოდები, რომ შენს საკეთილდღეოდ მისგან რაღაც ნაბიჯები გადმოიდგმება, ასეთ შემთხვევაში, პაპუაშვილი უნდა იყო შენი აზროვნებით და მენტალობით ან ზარქუა ან გორდულაძე ან მახაშვილი“, – განაცხადა ირაკლი მელაშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა, რომ ქართულმა მხარემ ლუქსემბურგის მხარეს სთხოვა, ევროკომისიასთან საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ საკითხი დააყენოს. მისივე თქმით, ქართულმა მხარემ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა ლუქსემბურგის მხარეს იმის შესახებ, თუ რა ხდება, როგორც საქართველოში, ასევე, რეგიონში.

„ლუქსემბურგს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ – მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ, მათ შორის გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით,“ – განაცხადა სამხარაძემ.