

მწერალი, ირაკლი კაკაბაძე:
სწავლა სიკვდიმდე შენია..
პასუხი ღრმად პატივცემულ ბატონ წიწიბურას
ამ ბოლო დროს რაღაც უცნაურად მესხმიან თავს პროპაგანდის არმიის გენერლები. ნამდვილად, ძალიან გასაკვირია რომ ჩემნაირ უბრალო სოციალურ მეცნიერს და მწერალს ეს ‘დიდი ორდენოსანი' ადამიანები ამდენ დროს უთმობენ. ახლა უკვე ბატონი გია გაჩეჩილაძე გამოხტა და მისთვის ბოლო დროს დამახასიათებელი ისტერიულობით დამწამა მისი და მისი ‘თანამოსაკნეების' დაცინვა. არსებობს გარკვეული მდგომარეობა, რომელსაც ჰალუცინაციების ზემოქმედების ქვეშ ყოფნა ჰქვია. თუმცა, არ არის აუცილებელი რომ ეს ნარკოტიკების გავლენა იყოს ორგანიზმზე – ეს შეიძლება პარანოიის მდგომარეობაში მყოფ ადამიანსაც დაემართოს და გულწრფელოად მინდა ვისურვო ბატონ გაჩეჩილაძეს, რომ ამ ალუზიებისაგან გათავისუფლდეს.
ჩემო ძვირფასო ბატონო წიწიბურავ, ნამდვილად და მწარედ სცდები რომ მე ვინმეს დავცინოდი, მითუმეტეს შენ და შენს ‘თანამოსაკნეებს' – მე არასდროს არავის დავცინი საკუთარი თავის გარდა. თუ ვინმეზე ირონიულად ვსაუბრობ, ეს პირველ რიგში ჩემს თავზე. საერთოდ, ერთი დიდი პოეტის ფრაზა რომ გავიმეორო, ვისაც საკუთარი თავის დაცინვა არ შეუძლია, მას იუმორის გრძნობა არა აქვსო. სხვისი დაცინვა კი ამპარტავნების გამოვლინებაა და ამას ყველანი უნდა მოვერიდოთ.
ამის მერე შენ ცდილობ რომ ჩემი წინაპრები გაიხსენო და მადლობა ღმერთს, ბიძაჩემი ჭაბუა მაინც გაგახსენდა. მაგრამ, ჭაბუას შესახებაც არ გაქვს სათანადო ცოდნა, რაც ძალიან სამწუხაროა. შენ არ იცი, რომ ‘დათა თუთაშხიას' არქიფო სეთურის ისტორია რეალურად სინამდვილიდან იღებს სათავეს. როდესაც ჭაბუამ პირველად მოახერხა საპატიმროდან გაქცევა 1940-იანი წლების შუაგულში, მან მთაში სოფელ სეთურებს შეაფარა თავი. იქ იმალებოდა თავიდან, საიდანაც მერე ჩრდილო კავკასიაში გადავიდოდა ‘ხლისტებში'. სწორედ, იმ რეალობაზეა ეს ნაწყვეტები ამ რომანიდან, რომელიც მაშინდელ სეთურებში ხდებოდა. არქიფო, რა თქმა უნდა გამოგონილი გმირია, მაგრამ ეს რეალობა არ იყო გამოგონილი. მაშინდელ არქიფოსაც ბევრი ‘ტროლი' ჰყავდა, ისინი ზუსტად ამ ვიღაცის უპირობო ბატონობას ემსახურებოდნენ. ამ მსახურებს შორის გამოირჩეოდა ასინეთა – იმედია გახსოვს, ამ გმირს დიდი სესილია თაყაიშვილი განასახიერებს არაჩვეულებრივად. ასინეთა ყველას უსმენს და ყველას ნაამბობი არქიფოსთან მიაქვს. ხშირად ცილს სწამებს იმათ, ვინც თვითონ გულზე არ ეხატება. ჰოდა, ეს გმირი კარგად რომ გაიხსენო, ამით ბევრს ისწავლი. აი, შენი და ბატონი ხაინდრავას საქციელი სწორედ კიბერ-ასინეთის საქციელს აღარ დაემსგავსებოდა. ყური გაქვს მოდებული და მერე საჯარო დასმენებს აწარმოებ. და თანაც ასინეთასი არ იყოს არ გესმის, რაზე ლაპარაკობ – სამწუხაროდ შენი განათლების დონეც მისას შეესაბამება, არც ვინმეს ოჯახის ისტორიის გადმოცემა შეგიძლია ადეკვატურად, არც ის იცი მართლადიდებლობა რა არის, არც ის იცი ლესბოსი რა არის და ვერც დაცინვას არჩევ თვითირონიისაგან. მე სულ სხვანაირად მეგონა, მაგრამ როგორც ეტყობა ყველანი ვცდებით ხშირად. არ ვიცი, რატომ ხდება ასე რომ ასე დაემსგავსე ასინეთას?..
იმ ფაქტზე, რომ არც ფილოსოფოსები გაგიგია, შენ რომ დაამთავრე იმ ინსტიტუტში ვინ მუშაობდა 40 წელი ესეც არ იცი და ბევრი ადამიანი არ გახსენდება, არ დაგძრახავ, არცოდნა არცოდვაა. თუმცა, თავს ვალდებულად ვთვლი შეგახსენო რამოდენიმე ფაქტი – ეს შენთვისაა საჭირო პირველ რიგში. პირველ რიგში, ყველა ჩემი წინაპარი იამაყებდა კუნძულ ლესბოსზე არსებული ქართველი წმინდანით, გიორგი ივერიელით, რომელმაც თავის შესწირა თავის მრწამსს. ეს ფაქტი რომ არ იცი, ეს არცოდვაა, მაგრამ ამის გამო სხვების განკითხვა და ისტერიული ჭინთვების დამართვა ტელე-ეთერში უკვე ზედმეტია. უფრო მეტიც, კიდევ ერთი ლესბოსელი წმინდანის, ასკეტი მონაზონი ქალის, თეოკისტეს მაგალითიც ძალიან გამოსადეგია შენთვის. წმინდა თეოკისტე ლესბოსელი, რომელიც შუასაუკუნეებში მოღვაწეობდა ამ კუნძულზე, ზუსტად ყველაზე კარგად კურნავდა ჰედონიზმით დაავადებულ ადამიანებს. ამის შესახებ ყველა პატრიარქმაც იცის და ბევრმა რიგითმა ადამიანმაც.
სხვათა შორის, ზურაბ კაკაბაძის ფილოსოფიაც სულიერების დაკარგვის საკითხს ეხებოდა. და ეს იმ დროს ხდებოდა, როდესაც საბჭოთა მთავრობა აგრესიულ ათეიზმს ქადაგებდა. და მისი ნაწერები შენსგან განსხვავებით კარგად იცოდა როგორც ჩვენმა დიდმა პატრიარქმა ილია მეორემ, ასევე კარგად იცის ახლანდელმა პატრიარქმა შიო მესამემ. სხვათა შორის, გოგა ხაინდრავამაც იცოდა, აშკარად არ უნდა დავუკარგო მას ეს ამბავი. ჩვენი დღევანდელი დღის მთავარი პრობლემა სწორედ სულიერების დაკარგვაა, ჩემო ძვირფასო წიწიბურავ. ჰედონიზმი და ამქვეყნიური სიკეთეების დევნა არის ზუსტად ის, რასაც ლუციფერი არაჩვეულებრივად იყენებს ადამიანის სულის დაღუპვისათვის.
კიდევ ერთ რამეს გეტყვი, რაც სამწუხაროდ გამოგეპარა. მე კარგად მახსოვს რა არაჩვეულებრივ ადამიანებს შორის ვიყავით გასულ საუკუნის ბოლო 25 წელი. ესენი გამორჩეული ადამიანები იყვნენ და განსაკუთრებით კარგად მახსოვს რომ მათთვის აბსოლუტურად მიუღებელი იყო სხვის ხარჯზე გამდიდრებული ქურდები – ეგრეთწოდებული ‘საქმოსანი-დელეცები'. უფრო მეტსაც გეტყვი, მამაჩემი ამნაი ხალხს სახლშიც არ უშვებდა და ქუჩაშიაც არ ესალმებოდა. და რატომ აკეთებდა ამას? იმიტომ რომ ის მიჰყვებოდა ჩვენი მაცხოვრის მიერ ნათქვამ სიტყვებს მდიდარი კაცის შესახებ. ‘როგორც აქლემი ვერ გაძვრება ნემსის ყუნწში, ისე მდიდარი კაცი ვერ შევა ცათა სასუფეველშიო'. ეს ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის და სწორედ ამის წყალობით არის რომ მე დღეს არანაირი ქონება არ გამაჩნია – არანაირი კერძო საკუთრება და ამით ბედნიერი ვარ. ეს არის ჩვენი დიდი ბერების და მონაზვნების ტრადიციის გაგრძელება. რა თქმა უნდა, ყველა ცოდვილნი ვართ და ჩვენებურად ვცდილობთ რაღაც გავაკეთოთ სულის გადარჩენისათვის.
ზუსტად ამიტომაც წმინდა თეოკისტე ლესბოსელის ასკეტური ცხოვრების მაგალითია მეტად მნიშვნელოვანი, ისევე როგორც ჩვენი ასურელი ბერების, გრიგოლ ხანძთელის და სხვების. ეს არის წამალი სულის გარყვნილებისაგან. შენი მთავარი როლ-მოდელი ასინეთა კი არ უნდა იყოს, არამედ წმინდა თეოკისტე ლესბოსელი, რომელიც ასე კარგად იმორჩილებდა მის ყველა ცხოველურ ინსტიქტს და ამიტომაც არანაირი ისტერიკა არ ემართებოდა პატივმოყვარეობის შეტევებით განპირობებული.
ამას გარდა, მე ძალიან გამიხარდება თუ ჩემი მრწამსისთვის იმდენივეს გაკეთებას შევძლებ, როგორც ეს დიდმა ქართველმა წმინდანმა გიორგი ივერიელმა გააკეთა კუნძულ ლესბოსზე 1770 წელს. ეს ყველა პატრიარქმაც იცის, ეპისკოპოსმაც და სასულიერო მოღვაწემაც. სამწუხაროდ შენ ეს გამოგრჩა, იეთი დაკავებული ხარ ყოველდღიური ტელესერიალებით. მაგრამ, ‘სწავლა სიკვდიმდე შენიაო', კარგად თქვა დავით გურამიშვილმა.
მართალია შენ ისიც არ გახსოვს შენს თეატრალურ ინსტიტუტში ვინ ასწავლიდა და რას, მაგრამ იმედია შენი დიდი კოლეგები სესილია თაყაიშვილი და დოდო აბაშიძე გახსოვს. ჭაბიასთან ერთად მათ შექმნეს ასინეთას და არქიფო სეთურის გენიალური სახეები ქართულ ეკრანზე. აი, მანდ ჩანს ვის არ უნდა დაემსგავსოს ადამიანი არასდროს. მე მაინც იმედი მაქვს რომ ასინეთობა შენი დროებითი პრობლემაა, რომლის გადალახვასაც შეძლებ სათანადო სულიერი მუშაობით. ყველა ჩვანგანი ყოველ დღე იღწვის ამისთვის და იმედია კარგად იქნება შენი მომავალი.
შენგან განსხვავებით მე ბევრი რამ მახსოვს 1980-იანი წლებიდან. ისიც მახსოვს გიზო ჟორდანიას სპექტაკლებზე რომ დავდიოდი და იქ გიყურებდით და უნდა გამოვტყდე ძალიან მიყვარდა თქვენი დასი. ჩემი მთავარი გმირი იქ მერაბ ნინიძე იყო, გოჩა კაპანაძის, ქეთი ჩხეიძის, ნანუკა ხუსკივაძის, ნანიკო შონიას, ჭოლას, მაია ფაჩუაშვილის, დათო ბახტაძის, თემიკო ჭიჭინაძის და სხვა მსახიობების თამაშიც ძალიან მომწონდა. შენზეც არ ვიყავი ცუდი წარმოდგენის. ამის თქმა არ მომერიდება, მიუხედავად იმისა რომ ასე დამესხი თავს. მე კარგის დანახვა მირჩევნია ადამიანში, ვიდრე ცუდის.
ჰოდა, იქნებ თქვენს მიერ ასე კარგად დადგმული ‘ანა ფრანკის დღიური' გაგეხსენებინა და იმაზეც გეფიქრა, რას იტყოდა დიდი გიზო ჟორდანია ახლა ამ კიბერ-ასინეთობაზე?
მე მჯერა, რომ ღმერთის წყალობით ყველაფერი კარგად იქნება და შენ ადრე თუ გვიან ჩამოიძრობ ასინეთას ‘ჩეფჩიკს' და გახდები დათა თუთაშხიას მეგობარი მაინც. აი, დღეს ჩვენი დათა თუთაშხია არის სწორედ ის კახა მიქაია, რომელზეც შენ კიდევ ერთი ნერვული შეტევა დაგემართა და რომელზეც თქვი რომ ასე ძალიან გიყვარს. ძალიან კარგია, რომ ჩვენი დღევანდელი თუთაშხია, კახა მიქაია მაინც გიყვარს. ეს იმას ნიშნავს, რომ შენში ასინეთამ ჯერ კიდევ ბოლომდე ვერ სძლია თუთაშხიას მეგობარს. და იმედი მაქვს რომ საბოლოოდ მაინც თუთაშხია გაიმარჯვებს ასინეთაზე – როგორც შენს სულში, ასევე მთელს ჩვენს ქვეყანაში.
რაც შეეხება ეგიზსტენციალიზმს, კინოს ისტორიას და ადამიანის გაუცხოების საკითხებს, ამაზე არ იდარდო, ყოველთვის შეიძლება ამ საკითხებზე მოკლე კურსის გავლა ან უბრალოდ ერთი-ორი წიგნის გადაფურცვლა. არცონდა არცოდვაა და სწავლე სიკვდიმდე ჩვენია.
ამიტომაც, მე მაინც კიბერ-ასინეთას არ დაგიძახებ, მიუხედავად იმისა რომ შენი თავსაბურავიც კი ძალიან ჰგავს მისას. მე მაინც ჩვენი ახალგაზრდობის შენს სახელს, წიწიბურას გეტყვი მოფერებით, რადგან მწამს რომ შენი კეთილი წიწიბურას როლის შესრულება ბევრად უკეთ შეგიძლია, ვიდრე ასინეთასი.
გეიხარე და ღმერთმა მოგცეს კარგი როლები და ყველაფერი კარგი ამ ცხოვრებაში. ‘კეთილი წიწიბურა' ბავშვებისთვისაც და უფროსებისთვისაც ბევრად უკეთესი როლია, ვიდრე ‘კიბერ-ასინეთა'.
დიდი მადლობა ამ უფასო რეკლამისთვის.




