ირაკლი კირცხალია – ევროკავშირის ელჩის განცხადების შემდეგ პროპაგანდისტულმა საშუალებებმა ბიძინა ივანიშვილის დისკრედიტაციის კამპანია წამოიწყო

პაველ ჰერჩინსკის მიერ საქართველოს ბნელ წარსულში დაბრუნებაზე გაკეთებული განცხადებიდან რამდენიმე დღეში ადგილობრივმა პროპაგანდისტულმა საშუალებებმა ბიძინა ივანიშვილის დისკრედიტაციის აბსურდული კამპანია წამოიწყო – ეს არავისთვისაა გასაკვირი, რადგან საზოგადოებამ კარგად იცის, რომ სწორედ მმართველი პოლიტიკური გუნდის საპატიო თავმჯდომარეა საქართველოს სუვერენიტეტისა და ჩვენი ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნების მთავარი გარანტი! – ეს განცხადება ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა.

კირცხალიამ აქვე აღნიშნა, რომ ადგილობრივი პროპაგანდისტები უცხოელი პატრონების დავალებით ბიძინა ივანიშვილის დაზიანებას და საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდი ქველმოქმედისთვის ჩრდილის მიყენებას ყველაზე სენსიტიური – ქველმოქმედების თემით ცდილობენ.

კირცხალიას შეფასებით, ჰერჩინსკის ქმედებების უკან “დიფ სთეითის“ ხელწერა ჩანს.

“მინდა საზოგადოების ყურადღება გავამახვილო საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ იმ კოორდინირებულ შტურმზე, რაც უკრაინაში ომის დაწყებიდან და მეორე ფრონტის გახსნაზე უარის თქმიდან მოყოლებული ჩვენი ქვეყნისთვის და ხალხისთვის ლამის ყოველდღიურობად იქცა.

ამ დროის განმავლობაში საქართველომ უარი თქვა მეორე ფრონტის გახსნაზე და საკუთარი სუვერენიტეტი მტკიცედ დაიცვა, რამაც განაპირობა ის, რომ ურთულესი გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე, ურთულესს რეგიონში არა მხოლოდ მშვიდობის შენარჩუნება შევძელით, არამედ ქვეყანა შეუქცევადი განვითარების გზაზე დავაყენეთ.

სწორედ ამიტომ არაფორმალური ოლიგარქიული გავლენებით მოქმედი ძალების მხრიდან არა თუ უსამართლო და აბსურდულ კრიტიკას ვისმენთ, არამედ ამ ძალების მიერ პროვოცირებული გადატრიალების რამდენიმე მცდელობა ავარიდეთ თავიდან სახელმწიფოს.

ხაზგასმით აღსანიშნავია, რომ ამ ხნის განმავლობაში ერთ-ერთი მძლავრი ბერკეტი, რასაც საქართველოს წინააღმდეგ მუქარისა და შანტაჟის იარაღად იყენებენ, გახლავთ საქართველოს არჩევანი, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი. არახალია, რომ ამ გზაზე საქართველოს – ობიექტური შეფასებებით ლიდერ სახელმწიფოს დაბრკოლებებს ხელოვნურად უქმნიან და ამ ყველაფრის გადაბრალებას “ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის ცდილობენ, რასაც მათი გათვლით საზოგადოების უკმაყოფილების ზრდა და ნებისმიერ ფასად ხელისუფლების ცვლილება უნდა მოჰყვეს.

ამ პროცესის ავანგარდში არამხოლოდ არაფორმალური ოლიგარქიული გავლენებით მოქმედი ევრობიუროკრატია და პოლიტიკური ლიდერები დგანან, არამედ ყოველგვარი დიპლომატიური სტანდარტის დარღვევით პირდაპირ არიან ჩართული კონკრეტული ქვეყნის ელჩები, მათ შორის ევროკავშირის ელჩი საქართველოში .

რომ არაფერი ვთქვა იმაზე, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ის “ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ხმის მიცემისკენ მოუწოდებდა და ისიც, რომ არ ვახსენოთ, რომ ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებას საქართველოს ხელისუფლებას აბრალებდა მაშინ, როდესაც მისი სკანდალური წერილითაც დასტურდება, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი თავად ევრობიუროკრატებმა შეაჩერეს, ჰერჩინსკის ბოლო დროინდელი განცხადებები კმარა იმის მისახვედრად, რომ ამ ადამიანის ქმედებების უკან “დიფ სთეითის“ ხელწერა ჩანს – მიზანი კი ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის წინააღმდეგ შეტევის ახალი ტალღის დაწყებაა“, – განაცხადა კირცხალიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ანდრია ჯაღმაიძე – კანდიდატი უნდა იყოს არაუმეტეს 70 წლისა, რაც შეეხება განათლებას, როცა ადამიანს სამსახურში შეაქვს განცხადება, იტყვის, დიპლომი არ მაქვს, მაგრამ განათლებული ვარო?! – სინოდმა უნდა იხელმძღვანელოს მკაცრად, მართვა-გამგეობის დებულებით