ირაკლი კირცხალია ევროკავშირის ელჩზე – მისგან და არა მხოლოდ მისგან თავხედური და შეურაცხმყოფელი რიტორიკა არახალია – გასცდნენ ყველანაირ მორალურ ჩარჩოებს მასპინძელ ქვეყანაში

სამწუხაროდ მისგან და არა მხოლოდ მისგან, ასეთი თავხედური და შეურაცხმყოფელი რიტორიკა არახალია. ქართული საზოგადოება შეაჩვია ამ უტიფრობას და სითავხედეს, – ასე ეხმაურება უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია საქართველოში ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის მიერ ბრიუსელში, ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურში, სადაც დოკუმენტური ფოტოგამოფენა „საქართველო ფოკუსში“ გაიხსნა, განცხადებას.

რაც შეეხება ელჩის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარებას, კირცხალია აცხადებს, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების რეაქცია იყო ადეკვატური.

„სამწუხაროდ მისგან და არა მხოლოდ მისგან, ჩვენთვის, ჩვენი საზოგადოებისთვის, ჩვენი ხელისუფლებისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის, ასეთი თავხედური და შეურაცხმყოფები რიტორიკა არახალია. ქართული საზოგადოება შეაჩვია ამ უტიფრობას და სითავხედეს. რა თქმა უნდა, ყველა ქვეყანას არ ვგულისხმობ. რა უნდა გვიკვირდეს [ამ] ადამიანისგან, გაგახსენებთ, რა განცხადება გააკეთა მან პრემიერ-მინისტრის განცხადების შემდეგ, სულ რაღაც რამდენიმე საათში, როგორი აბსურდის თეატრი შესთავაზა ჩვენს საზოგადოებას, სრულიად ცრუ, აღქმებზე დაფუძნებული რეალობა შესთავაზა მოქალაქეებს და საზოგადოებას, არ დაგავიწყდეთ და არ დაავიწყდეთ მათ, რომ ისინი პირდაპირ იყვნენ ჩართული წინასაარჩევნო პროცესში, როგორც საპარლამენტო, ასევე ადგილობრივი არჩევნების დროს. პირდაპირ მოუწოდებდნენ ვისთვის, რომელი პოლიტიკური პარტიისთვის, უნდა დაეჭირათ მხარი. გვითქვამს და დღესაც განვმეორდები, ისინი არიან ჩვეულებრივი პარტაქტივის წევრები. როდესაც ასეთი მნიშვნელოვანი ბეგგრაუნდი აქვს თავის განცხადებებსა და ქმედებებში ბატონ ჰერჩინსკის, რა გასაკვირია, რომ დღეს დააბრუნა იგივე რიტორიკა. ისინი გასცდნენ ყველანაირ მორალურ ჩარჩოებს თავის მასპინძელ ქვეყანაში“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ ბრიუსელში, ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურში, სადაც დოკუმენტური ფოტოგამოფენა „საქართველო ფოკუსში“ გაიხსნა, აღნიშნა, რომ საქართველო სწორ ტრაექტორიაზე აღარ იმყოფება. ელჩის თქმით, „ხელისუფლებამ აირჩია ალტერნატიული, ავტორიტარიზმის მოდელი და საქართველოს ევროკავშირს აშორებს“.

„საქართველო გზაგასაყარზე დგას. საქართველოს მომავალი ჯერ არ დაწერილა, მაგრამ ის, რაც მომავალ კვირებსა და თვეებში გადაწყდება, განსაზღვრავს, ეკუთვნის საქართველო ევროპული ქვეყნების ოჯახს, რომელიც დაფუძნებულია დემოკრატიაზე, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებზე, თუ სამწუხაროდ, თავის ბნელ წარსულს დაუბრუნდება. ჩემი მთავარი გზავნილი ქართველი ხალხის მიმართ არის „ნუ დაკარგავთ იმედის“. ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ საქართველო და შესანიშნავი, თბილი, სტუმართმოყვარე ქართველი ხალხი დაბრუნდეს ძალადობის, სამოქალაქო ომის, სიღარიბის, გაჭირვების, კორუფციის ბნელ დროში. ეს არ არის ის მომავალი, რომელსაც ისინი იმსახურებენ. როგორც კი ხელისუფლება გამოთქვამს ჩვენთან თანამშრომლობის სურვილს, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ დავეხმაროთ საქართველოს გახდეს ევროკავშირის წევრი“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ, რომლის ციტატასაც „ნეტგაზეთი“ ავრცელებს.

ცნობისათვის, დეპუტატი ირაკლი კირცხალიას  დეკლარაცია 2025 წლის მაისში აქვს შევსებული.

კირცხალია და მისი ოჯახი ფლობს შემდეგ უძრავ ქონებას:
• 11 მიწის ნაკვეთი, რომელზეც მითითებულია, რომ საკუთრებაში მიღებულია ჩუქების გზით. 2016-2023 წლების პერიოდში.
• მთლიანობაში 44 559 კვ.მ 6 მიწის ნაკვეთი მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსოვრისში.
• 2752 კვ.მ მიწის ნაკვეთი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურში.
• 2300 კვ.მ მიწის ნაკვეთი მანგლისში.
• 497 კვ.მ მიწის ნაკვეთი თბილისში, რევაზ ჯაფარიძის ქუჩაზე.
• 343 კვ.მ მიწის ნაკვეთი თბილისში ჭავჭავაძის გამზირზე, I შესახვევში.
• 276 კვ.მ მიწის ნაკვეთი დაბა ბაკურიანში. (მესაკუთრე ირაკლი კირცხალიას ცოლი სალომე ირემაშვილი)
• 8 საცხოვრებელი სახლი და ბინა: ირაკლი კირცხალიას სახელზეა 5 მათგანი, რომლებიც ზოგი ჩუქებით, ზოგი კი ნასყიდობით აქვს მიღბეული. ესენია: 34.5 კვ.მ, 59.7 კვ.მ, 49.62 კვ.მ, 168.6 კვ.მ საცხოვრებელი სახლები თბილისში რ.ჯაფარიძის ქუჩა 28ა-ში და 163.8 კვ.მ ბინა ასევე რევაზ ჯაფარიძის ქუჩაზე. შვილის სახელზეა 112.2 კვ.მ ბინა თბილისში, ილია ჭავჭავაძის I ჩიხში და 61.5 კვ.მ ბინა გუდაურში. მისი ცოლი ფლობს დიღმის მასივში 108.5 კვ.მ ბინის 50%-ს.
• ოჯახის მფლობელობაშია 3 ავტოფარეხი გუდაურსა და თბილისში. ასევე 2 საკუჭნაო და 1 ტექნიკური სათავსო თბილისში ჯაფარიძის ქუჩაზე.
• ირაკლი კირცხალიას სახელზეა 3 მსუბუქი ავტომობილი 27 000  დოლარის ღირებულების TOYOTA CAMRY HYBRID, 38 300  დოლარის SKODA SUPERB და 2025 წელს 150 000 ევროდ შეძენილი LAND ROVER RANGE ROVER. ცოლის სახელზეა 30 000 დოლარის ღირებულების PORSCHE MACAN S .
• ირაკლი კირცხალიას დანაზოგის სახით დაფიქსირებული აქვს 82 000 დოლარი. ხელფასის სახით კი პარლამენტში მიღებული აქვს 45 834 ლარი.
უძრავი ქონების იჯარიდან კირცხალიას მიღებული აქვს 55 000 ლარი. სესხის ხელშეკრულებებით გასესხებული აქვს 4 132 500 ლარი, საიდანაც მიიღო ნახევარ მილიონზე მეტი შემოსავალი.
• მოგზაურობაში დახარჯული აქვს 40 304 ლარი და 6 033 აშშ დოლარი.