„საუბარია 3-5 კაციანი შეღწევის ჯგუფის პოზიციების დაკავებაზე ტყის საფარში, რაც მოახერხეს რობოტიზებულმა სისტემებმა. ეს უკვე ისტორიაში შევა,“ – გადამდგარი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე გვიყვება, როგორ აჰყავთ უკვე უკრაინელებს ტყვეები რობოტების გამოყენებით.
სამხედრო ანალიტიკოსის დაკვირვებით, უკრაინა ბრძოლის ველზე ინიციატივას იბრუნებს, თუმცა კონტრშეტევისთვის მზად ჯერ კიდევ არ არის.
რუსები კი, უკვე მეხუთედ აცხადებენ, ლუგანსკი აღებაზე.
„არ ცხრება კონსტანტინოვკაზე რუსების შეტევის მცდელობები. სამი მხრიდან უტევენ კონსტანტინოვკას: აღმოსავლეთი, ჩრდილო-დასავლეთი და სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებიდან… გერასიმოვი ჩასულია ადგილზე და უშუალოდ ახორციელებს რუსების შეიარაღებული ძალების კონსტანტინოვკასთან არსებული დაჯგუფების ინსპექტირებას. ჯერჯერობით წარმატება არ აქვთ,“ – ამბობს გადამდგარი გენერალი და ტუაფსეზეც გვიყვება, უკრაინელებმა ისე დაარტყეს, ფაქტობრივად ნავთობის წვიმა მოდის ახლა ქალაქშიო.
„ტუაფსე უკვე მეხუთე დღეა იწვის. ტუაფსე არის ძალიან დიდი ნავთობგადამამუშავებელი და ნავთობშენახვის რაიონი… ნავთობის ჭვარტლი ყველაფერს ედება. ადამიანები სუნთქავენ ამ ყველაფერს. საინტერესოა, რომ არ იღებს ზომებს პუტინი, მაგალითად, მოსახლეობის ევაკუაცია, ან ზომები ეკოლოგიასთან დაკავშირებით. რუსებს ფაქტობრივად მიტოვებული ჰყავთ ეს მოსახლეობა,“ – ამბობს გადამდგარი გენერალი.
რა იცვლება ფრონტის ხაზზე? – „ბათუმელებმა“ ვახტანგ კაპანაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. ის სამხედრო მეცნიერებათა დოქტორია და საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ორჯერ იყო. ვახტანგ კაპანაძე ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მრჩეველია.
- ბატონო ვახტანგ, რა სიახლე გვაქვს უკრაინის ფრონტის ხაზზე?
დიდი სიახლეები არ არის. სირსკი აცხადებს, რომ ბრძოლის ველზე უკრაინა იბრუნებს გარკვეულ ინიციატივას. ცალკეულ მონაკვეთებზეა საუბარი და, ძირითადად, ზაპოროჟიეს ეხება, მაგრამ ეს რეალობაა. საინტერესოა ისიც, რომ არ ცხრება კონსტანტინოვკაზე რუსების შეტევის მცდელობები. სამი მხრიდან უტევენ კონსტანტინოვკას: აღმოსავლეთი, ჩრდილო-დასავლეთი და სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებიდან.
საინტერესოა ისიც, რომ გერასიმოვი ჩასულია ადგილზე და უშუალოდ ახორციელებს რუსების შეიარაღებული ძალების კონსტანტინოვკასთან არსებული დაჯგუფების ინსპექტირებას. წელზე მეტია რუსეთი უტევს ამ დასახლებულ პუნქტს, ფაქტობრივად, მიწასთან გასწორებულია ქალაქი. უკრაინელებმა ის გადააქციეს ძლიერ თავდაცვით რაიონად.
რუსები ახორციელებენ მასიურად საავიაციო დარტყმებს, სამ ტონიან ბომბებს ყრიან, დამანგრეველია. რუსებს უნდათ, კონსტანტინოვკა გადააქციონ ახალ ავდეევკად, რომელიც მიწასთან იყო გასწორებული, უნდათ, ახალი მთვარის ლანდშაფტი შექმნან, რომ იქ უკრაინელებს არ დაედგომებოდეთ, მაგრამ ჯერჯერობით წარმატება არ აქვთ.
რუსებს კონსტანტინოვკა სჭირდებათ იმიტომ, რომ მერე გავიდნენ დრუჟკივკაზე და მიუახლოვდნენ მაქსიმალურად დონბასში სამხრეთიდან მთავარ თავდაცვის რაიონს.
უკრაინელებმა გაააქტიურეს დარტყმები დრონების გამოყენებით, ასევე, ბალისტიკური რაკეტების გამოყენებით. ტუაფსე უკვე მეხუთე დღეა იწვის. ტუაფსე არის ძალიან დიდი ნავთობგადამამუშავებელი და ნავთობშენახვის რაიონი. წარმოიდგინეთ, კვამლი აღწევს სოჭსა და სტავროპოლის მხარემდეც კი. ამ წელიწადს მეორედ ჰქონდათ ასეთი მასიური დარტყმა. ცეცხლის 11 კერაა ტუაფსეში.




