ძვირფასო მეუფენო,
გადავწყვიტე ღია წერილით მომემართა. როგორც ყველა ღია წერილი, ალბათ ესეც, ადრესატს ყველაზე ნაკლებად დააინტერესებს. ის უფრო საზოგადოების ყურადღების მისაპყრობადაა განკუთვნილი. „ვინაა, რატომ ბედავს! ვის დაკარგვია?! რა მაგის საქმეა“- ალბათ გაიფიქრებთ, ზოგიც იტყვით. თუმცა, იმედი მაქვს, ნაწილი მაინც გაეცნობა ან სხვისგან მაინც გაიგებს, ხოლო მკითხველი „კი მაშინვე სცნობს, ამ სიძულვილში რაოდენი სიყვარულია“(ილია ჭავჭავაძე. „ჩემო კალამო“).
ამ მიმართვის მიზანი არ ყოფილა ვინმეს პიროვნული დახასიათება, თუმცა ვერც ამას გავექეცი – ზედმეტად პერსონალიზებულია ყველაფერი. რა წყალქვეშა დინებებიც არ უნდა ახლდეს ახალი პატრიარქის არჩევნებს, ზედაპირზე თქვენი ინდივიდუალური გადაწყვეტილება იდება – გადაწყვეტილება, რომელიც ბევრ რამეს განსაზღვრავს ეკლესიასა და ქვეყანაში.
„ვისაც მეტი მიეცა, მისგან მეტი მოითხოვება“ (ლუკა 12:48). ისტორია გაივლის, ხმაური ჩაწყნარდება, სახელებიც შეიცვლება. ბოლოს კი მხოლოდ ერთი კითხვა დარჩება – ვის ემსახურეთ ამ საბედისწერო ჟამს. რადგან, როგორც მოგეხსენებათ, „ვერავინ ჰმსახურებს ორთა უფალთა“ (მათე 6:24).
პატივისცემით,
გიგი უგულავა
ქრისტე აღდგა! 50 წლის შემდეგ პატრიარქ ილიას ოდანვ მოხევური დინჯი ხმის გარეშე წელს აღდგომას პირველად შევხვდით, თუმცა ის კიდევ დიდი ხანი იქნება ეკლესიის ტონის განმსაზღვრელი. ამ ხმის ექო განსაზღვრავს ახალი პატრიარქის საარჩევნო სახეებსა და ნაირსახეობებს. დღეს, ახალი პატრიარქის არჩევით, საქართველოს ეკლესია განსაზღვრავს, როგორი იქნება ის საქართველოს სახელმწიფოში მომდევნო ათწლეულების განმავლობაში. არჩევანი არის ძირითადად სამი ტიპის. ამ სამი გემის ბილეთს იღებეთ თავად თქვენც, მეუფეები, და ვფიქრობ თითოეული თქვენთაგანი ინდივიდუალურად აცნობიერებს ამას. ამიტომ, არჩევანი უნდა ეფუძნებოდეს სამ ძირითად პრინციპს 1. რა არის ეკლესიისთვის უკეთესი 2. რა არის საქართველოსთვის უკეთესი 3. და რა არის თქვენთვის უკეთესი. დიახ, თქვენ, მწვრთნელის კარიერისა არ იყოს, გრძელი კარიერა გაქვთ. დღევანდელ არჩევანთან მოგიწევთ თანაცხოვრება – შეიძლება მთელი დარჩენილი ცხოვრებაც კი
სამი ტიპის არჩევანის წინაშე დგას დღეს ეკლესია:
1. „პატრიარქი დიადია, ის არ მომკვდარა ის გრძელდება, მისი ეპოქა არ დასრულებულა, მისი საქმე გრძელდება, ამისთვის მან გამოირჩია მოსაყდრე შიო, ანდერძი საჭირო არაა. ილიას ეპოქა გრძელდება“. ამ ტიპის გამონათქვამებს, ანუ ამ ნარატივს, თქვენ გაიგონებთ ძირითადად იმ მღვდელმთავართაგან, ვინც მოსაყდრე შიო მუჯირის კანდიდატობის გარშემო ჯგუფდება. ესაა, რეალურად, დღევანდელი საეკლესიო “დიფ სთეითი” – ხალხი ვინც დღეს მართავს ამ ძალიან დიდის ორგანიზაციას – დეპარტამენტები, ქონებები, ტყეები, ფინანსები, საგანმანათელებლო დაწესებულებები. ეს ძალიან დიდი საეკლესიო ბიუროკრატიაა, ვინც შიოზე დებს ფსონს. მეუფე შიოზე არაა აქ საუბარი, უფრო მნიშვნელოვანია რა ტიპის ეკლესიას ვიღებთ ასეთ პირობებში? მოდით ამ სამი კრიტერიუმის მიხედვით განვსაზღვროთ: ამ ვერსიის ეკლესია სრულად შეეზრდება სახელმწიფოს. დაალოებით ისე, როგორც კირელეს მოსკოვის საპატრიარქოა შეზრდილი პუტინის კრემლს. ეს იქნება უფრო იდეოლოგიზირებულ/ბიუროკრატიზირებული ეკლესია, რომელიც სულ უფრო ხშირად ისაუბრებს სახელმწიფოს მესიჯ ბოქსით. საქართველოს დღევანდელი ვითარების ფონზე, ეს გარდაუვალი პროცესია. გრძელვადიან პერსპექტივაში, ხელისუფლება რომც შეიცვალოს, ამ მხრივ არსებითად არაფერი შეიცვლება. ამ ვერსიაში ჩვენ ვიღებთ უსისხლძარღვო ეკლესიას (ეს ჩვემი მოგონილი ტერმინია), თუმცა გარეგნულად ყველაფერი თითქოს წესრიგში იქნება – ეკლესია თავის ადგილზეა, ლოცვა გრაფიკით აღევლინება, ხალხი მარხულობს. სახელმწიფო არა თუ ჩაერევა ეკლესიის ამბებში, ეკლესია იქნება სახელმწიფოს გაგრძელება. დღევანდელ მღვდელმთავრებს ეტაპობრივად გაწმენდენ და ყველას ვინც ხმა არ მისცა ან პერიფერიაზე ან პენსიაზე გაუშვებენ. ეს დაახლოებით დღევანდელი ოცნების „პარტიულ ჩისტკასავით“ იქნება. აუცილებლად ვიხილევათ ღარიბაშვილის სტილში ჩატარებულ ოპერაციას ,,გაიოზ კერატიშვილი,, – ეს უბრალოდ გარდაუვალია. ეს ასე იყო და ასე იქნება. მინიმუმ ავტორიტეტისთვის დასჭირდება მეუფე შიოს – „ნაჩალნიკად“ რომ აღიქვან.
ამიტომ, მეუფენო, ნუ გექნებთ დალაგების ან გარიგების ილუზია. ყველამ კარგად იცის ვინ რას ფიქრობს, მათ შორის გულში. ამ ვერსიის ეკლესიაში ბევრი თქვენთაგანის ადგილი არ იქნება. ასე, რომ თქვენს ფინალს ახლავე მოაწერთ ხელს.
2. „პატრიარქი დიადია, მაგრამ სიბერეში მის ზუგს უკან ბევრმა უკეთურმა დაისადგურა“; „ეს იყო დიადი ეპოქა, რომელიც დასრულდა და ჩვენ ახალ გზაზე უნდა ვიაროთ“; „მონასტრულმა ცხოვრებამ უნდა გაწმინდოს და წესრიგი დაამყაროს ეკლესიაში“; „საქართველოს სჭირდება მეფე“ – პატრიარქ ილიას ძირძველი იდეით მოდის მეუფე იობი აქიაშვილი, ისიც მოხევე შიოლაშვილის მსგავსად. მას გვერდს უმშვენებს ილიას მიერ შეჯვარებული ბაგრატოვანთა მემკვირდე. რა ტიპის ეკლესიას ვიღებთ ასეთ შემთხვევაში და როგორია მისი როლი საქართველოს სახელმწიფოში? მეუფე იობის მთავარ დამსახურებად მონასტრული ცხოვრების აღორძინება ითვლება. ის გოროზ, მკაცრ, მაგრამ მოწყალე ადამიანად მიიჩნევა. ისევე როგორც პირველ ვერსიაში არ შევუდგები პერსონალურ დახასიათებებს. ჩემი მიზანია უფრო ეკლესია, საპატრიარქო და ის ატმოსფერო ავღწერო, რომელიც ამა თუ იმ მიმართულების გამარჯვების პირობებში იქნება. ასევე, თუ როგორ აღიქვავს ეკლესიას გარედან ჩვეულებრივი ჩვენი თანამოქალაქე. იობი და მის უკან მყოფი მონასტრის მამები ეკლესიაში ძალაუფლების მინიჭების შემთხვევაში, დაახლოებით იგივეს იზამენ, რაც ცნობილ სერიალში „ სატახტოტა თამაშებში“ მისი აღმატებულება ბეღურა და მისი საძმო შვებიან. ეს იქნება უფრო აგრესიული, ფანატიური, მუშტმოღერებული, უხეში ეკლესია. ეს იქნება ყოველგვარი ესთეტიზმისგან დაცლილი „მუჟიკური“ ეკლესია. იქ მოძულებული იქნება რასაც არაქართულად მიიჩნევენ და ხოტბას შეასხამენ ყველაფერ ქართულს, მაგრამ რა არის ჭეშმარიტად ქართული ან არაქართული ეცოდინება მხოლოდ იობს. უბრალოდ დააკვირდით, თუნდაც მიმდინარე ახალ ამბებს. თუ სადმე წაიკითხვათ ამბავს, რომ სადღაც მონასტერში ერთმა მეორეს ბოთლი ჩაარტყა, დაცხრილა, დაჭრა, თოთქმის ყოვეთვის ეს პირი თუ მონასტერი იობთანაა დაკავშირებული. არ იფიქროთ, რომ იობს ვადანაშაულებ, არა! ის საკმაოდ წესიერი და თავშეკავებული კაცია. ქარიზმატულიც არის, უბრალოდ მუხტს, ენერგიას და მსოფლმხედველობას, რომელსაც ის განასახიერებს აუცილებლობით მივყევართ ეკლესიის თალიბანიზაციისკენ (პოლიტიკური ტერმინია). გულწრფელად რომ გითხრათ, ასეთი ეკლესიის მე მეშინია და ყველას უნდა გეშინოდეთ. უკონტროლო ბრუტალური ძალა, პირველ რიგში ამ ძალის ამღზევებელთ გათიბავს. ასეთია მისი ბუნება. მასთან გარიგება ისე მთავრდება, როგორც ზემოხსენებულ საკულტო სერიალში სერსეი ლანისტერს დაუმთავრდა. საქართველოს სახელმწიფოს ინტერესებს, მიუხედავად ხაზგასმული პროქართულობისა, ეკლესიის ეს ვერსია ძირშივე ეწინააღმდეგება. ამავე დროს ის არ იქნება სახელმწიფოსთან შეზრდილი, როგორც პირველ ვერსიაში, პირიქით ის მუდმივად შეეცდება სახელმწიფოზე მაღლა დადგეს. მორალური უპირატესობის ენით ესაუბროს მას. ამიტომ მწვავე კონფლიქტების მომსწრეც გავხდებით. მართვის სიხისტის გამო შიდა საეკლესიო განხეთქილებებიც მრავლად იქნება.
ძვირფასო მეუფეებო, ყველაზე კარგად თავად უწყით – ილიას ჰქონდა იმდენი ძალა, რომ ეს ჯინი ბოთლიდან არ გამოეშვა. ვერცერთი თქვენთაგანი მას ვერ შეაკავებს – პირდაპირ ეგზეკუციებს მიიღებთ საეპარქიო რეზიდენციებში.
3. შესაძლო განვითარების მესამე ვერსია – ნებისმიერი, რომელიც არ არის ეს ორი ან მათი ჰიბრიდული ვერსია! ანუ ნებისმიერი, ვინც იქნება ნაკლებად აგრესიული შიგნით ეკლესიაში და გარეთ ურთიერთობებში. ვისაც, უფრო ლოცვითი ენა ექნება და არა “ბიუროკრატიზირებული მესიჯ-ბოქსი” და არც “ყველაფერთან მებრძოლი გაბრაზებული მამრების” ენით ისაუბრებს. ვისთვისაც ეკლესია უფრო საზოგადოებისათვის ღვთის თავშეფარების ადგილს წარმოადგენს და არა სახელმწიფო იდეოლოგიურ ინსტრუმენტს. მოკლედ, უფრო ლმობიერი ვიდრე მოძალადე; უფრო გახსნილი ვიდრე დახურული; უფრო სინოდალური, ვიდრე ავტორიტარული
ალბათ როგორც შეამჩნევდით, მესამე ვერსიის აღწერისას ძირითადად ნეგატიურ (აპოფატიკურ) ფორმას ვხმარობ არა-პირველი; არა-მეორე. პირველ რიგში იმიტომ, რომ პირველ ნარატივს, პირველ გემს ჰყავს კაპიტანი – მეუფე შიო. მეორე ვერსიასაც ჰყავს თავის გამოკვეთილი სახე – მეუფე იობი. მესამე ნებისმიერი შეიძლება იყოს, ვინც ეს ორი არაა და შეეფერება პატრიარქობას. მთავარი მისი პრობლემა ბრძოლის უუნარობა და სახის არქონაა. როცა გინდა ყველაფერს განასახიერებდე ან უნდა იყო ეკლესიაში ილიასავით, ან არაფერს განასახიერებ და მხოლოდ თავს იტყუებ. უნდა გამოკვეთო შენი სახე და ის უნდა იყოს ამ ორისგან განსხვავებული, მკაფიო. შენ უნდა განასახიერებდე არა ბიუროკრატიზირებულ/ იდეოლოგიზირებულ ეკლესიას; არა აგრესიულ შურისმაძიებელ საპატრიარქოს; უნდა განასახიერებდე ლოცვას და არა ბღვერას; უფრო სოციალურ, მოწყალე, ვიდრე იდეოლოგიური ეკლესიას. არა ეკლესიას ძლიერთა, არამედ – უძალოთა. მკაფიოდ სინოდალურს და არა ავტორიტარულს. მაშინ როცა პირველ ორ გემს გამოკვეთილი კაპიტანი ყავს, მკაფიო იდენტობით, მესიჯბოქსით, მესამე ამ ეტაპზე მხოლოდ ჩვენს წარმოსახვის ნაფლეთებში არსებობს. მაშინ მოვუხმოთ, მეუფეებო, წარმოსახვას! გულწრფელად რომ ვთქვათ, ამ ქარტეხილებით, ომებით და გიჟური ტრანსფორმაციების ეპოქაში, მართმადიდებლურ სამყაროში მიმდინარე დამანგრეველი ომის ფონზე, როგორ ეკლესიას ინდომებდა ილია მეორე? ცხადია მესამეს, რადგან პირველი ორი სერიოზულ პრობლემებს უქადის ეკლესიას, შესაბამისად ქვეყანას. ილია II-ის დიდი ეპოქის აჩრდილ-ლაბირინთიდან უმტკივნეულო გამოსვლას სწორედ ასეთი მესაჭე და ეკლესია სჭირდება. სინოდალურ მმართველობაში თქვენი ხმა გაგონილი იქნება. გაიხსენეთ, რომ სადაც ეპისკოპისია იქაა ქრისტეს ეკლესია. პატრიარქი მხოლოდ პირველია თანასწორთა შორის. ეს სიტყვები დიდი ხანია დავიწყებულია ეკლესიაში, მაგრამ ის არავის გაუუქმებია.
როდესაც სამი კრიტერიუმი გამოვყავი, შეგნებულად არ დავასახელე მეოთხე – ჩვენი მომავალი ეკლესიის მიმართება რუსეთთან და მოსკოვის საპატრიარქოსთან. ეს ძალიან კომპლექსური საკითხია და გარე მაყურებლისთვის ძნელად აღსაქმელია. ჩვენ ამა თუ იმ კანდიდატს რუსეთთან კავშირებს მინუსად და ღალატად ვუთვლით. ეკლესიის შიგნით ატმოსფერო დიამეტრალურად განსხვავებულია. ის რაც ჩვენ მინუსი გვგონია, იქ დიდი პლიუსია. როცა ვამბობთ, რომ მაგალითად მეუფე შიოს მოსკოვის საპატრიარქო უჭერს მხარს, ან ამა თუ იმ იერარქს რუსეთში აქვს თეოლოგიური განათლება მიღებული, ეს ეკლესიაში ჩვეულებრივი და მეტიც, აღფრთოვანების საგანია. იშვიათი გამონაკლისების გარდა, უმრავლესობას სინოდში რუსეთში აქვს გატარებული ცხოვრება, ყველანაირი მოღვაწეობა, მიღებული განათლება თუ შემოსავალი. საქართველოს ეკლესიის თეოლოგიურ კოსმოგონიაში, რუსეთია მართმადიდებლობისა და სამყაროს გადამრჩენელი, რუსეთი გვიცავს გარყვნილი დასავლეთისგან ასე შემდეგ და ასე შემდეგ. სიმართლე გითხრათ, ვინც არ უნდა გაიამარჯვოს, ამ კუთხით, რაიმე სწრაფ ცვლილებებს არ ველი. არც უკრაინის ეკლესიის აღიარებას ველი ახალი პატრიარქისგან. საქართველოს ეკლესია ტომოსის კითხვას მაშინ დაასრულებს და უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას აღიარებს მხოლოდ მაშინ, როცა უკრაინა გაიმარჯვებს პოლიტიკურად და სამხედრო კუთხით. მანამდე მოვისმენთ საეჭვო სქოლასტიკას არასწორი ხელდასხმის და კანონიკურობის შესახებ. თუმცა, გარკვეული განსხვავებები რუსეთთან მიმართებაში მაინც იარსებებს. პირველ შემთხვევაში ჩვენ გვექნება სრული ლოიალიზმი, მჭიდრო ძმური, უფრო პატრონ-ყმული ურთიერთობები. მეორე შემთხვევაში მუდმივი, მაგრამ ძირითადად დაფარული, არასაჯარო, წინააღმდეგობები. იობს, როგორც ქართველს, სძულს რუსები, თუმცა მსოფხედველობრივი არსებითი თანხვედრა აქვს მათთან. მესამე შემთხვევაში გვექნება სხვადასხვა ეკლესიასთან ურთიერთობების დივერსიფიცირების ფრთხილი მცდელობები. მნიშვნელოვანი დისპოზიციური განსხვავებების მიუხედავად, ახლო მომავალში, სამწუხაროდ, მოსკოვის საპარტიაროს ორბიტიდან თავის დაღწევა არ ,,გვემუქრება,,. მოსკოვის საპატრიარქოს ხელი, ხელწერა, უკანასკნელ წლებში მკაფიოდ ჩვენ ორჯერ ვიხილეთ. პირველად, როცა კრეტის მსოფლიო საეკლესიო კრებაზე უკვე ბილეთებაღებული საქართველოს დელეგაცია რუსეთის მითითებით არ გაემგზავრა და მეორეჯერ, როცა ციანიდის ოპერაციის შემდეგ, მიტროპოლიტ ალფეევის ვიზიტის კვალად, მეუფე შიო აღზევდა თანამოსაყდრედ. ამ ისტორიას აღარ ჩავუღრმავდები. ეკლესიასა და მის გარეთ საზოგადოებამ ბევრი უწყის მის შესახებ. ის რაც მოხდა, ციანიდის საქმე, ამაზრზენია – მღვდელი კაცი მსხვერპლად შეწირეს – არანაირი მიზანი არ ამართლებს საშუალებას! ეს ამბავი მხოლოდ გვანახებს რა დაუნდობელი ატმოსფერო სუფევს და რაზეა წამსვლელი რუსეთი ივანიშვილთან ერთად შიოს გასაყვანად. ახლა ამ ოპერაციის ფინალურ სტადიაზე ვართ!
მერაბ კოსტავას აქვს ერთგან ნათქვამი: მთავარია სად იქნება ეროვნული მოძრაობა და არა სად ვიქნები მე მასში. თქვენ, მეუფენო, უფრო „დამჯდარი“დაღვინებული არჩევანის გაკეთება გიწევთ. მთავარი ისაა – სად იქნება ეკლესია, სად იქნება ქვეყანა და სად იქნებით თქვენ. ოღონდ ნუ იტყვით მერე, რომ არ იცოდით რას აკეთებდით. რადგან „უკუეთუ ბრმანი ბრმათა წინამძღუარობდენ, ორნივე მთხრებლსა შინა შთაჰვარდენ.“ (მათე 15:14) და ამ ორმოში მარტო თქვენ არ ჩავარდებით – ქვეყანასაც ჩაიყოლებთ. პატრიარქი არ არის ეკლესიის მფლობელი და არც მისი ხმაა ერთადერთი. რადგან „რამეთუ სადა არიან ორნი გინა სამნი შეკრებილნი სახელისა ჩემისათვის, მუნ ვარ მე შორის მათსა“(მათე 18:20). ანუ ქრისტე არ არის ერთში – ის არის ერთობაში. დღეს არის მომენტი საქართველოს ეკლესია დაუბრუნდეს სინოდალურ მმართველობას. შეიძლება დღეს ეს ყველაფერი მოგვეჩვენოს როგორც პოლიტიკა, გავლენები და გათვლები. მაგრამ ბოლოს ყველაფერი ერთ რამეში იკვრება – სინდისში.
„რამეთუ რაი სარგებელ არს კაცისა, უკუეთუ სოფელი ყოველი შეიძინოს და სული თვისი იზაროს?“ (მარკოზი 8:36)




