იაგო კაჭკაჭიშვილი: მომდევნო თვეებში დავინახავთ, ანტიდასავლური პოლიტიკის ეს ახალი ამოსუნთქვა რამდენად მოუტანს შედეგს ქ/ოცნებას

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი, იაგო კაჭკაჭიშვილი:
შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში ღიად წერს, რომ საქართველოსთვის სასარგებლოც კი არის, თუ ის ევროკავშირში არ გაწევრიანდება, „რადგან მას, სულ მცირე, დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღების თავისუფლება შეუნარჩუნდება“.
ევროკავშირში არგაწევრების სარგებელზე ღიად მსჯელობა სერიოზული ცვლილებაა ქ/ოცნების ანტიევროპულ პროპაგანდაში. აქამდე ქ/ოცნება საზოგადოებას (პირველ რიგში, თავის მომხრეებს) უმტკიცებდა, რომ არსებული – ლიბერალური – ევროკავშირია მიუღებელი, მაგრამ ევროკავშიის ლიბერალური ძალები თანდათან ჩანაცვლდება კონსერვატიული ძალებით, ევროკავშირში მოვლენ მემარჯვენე პარტიები და ფართოდ გაუღებენ კარს საქართველოს, რომელიც „ღირსებით“ შეაბიჯებს ევროპულ ოჯახში. ქ/ოცნების პროპგანდისტული ნარატივი ძირითადად ასეთი იყო.
რატომ ვერ შორდებოდა აქამდე ქ/ოცნება ევროკავშირში გაწევრების პარადიგმას? ჯერ-ერთი, არსებობს კონსტიტუციის 78-ე მუხლი, რომელიც ავალდებულებს ხელისუფლებას, რომ („კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად“. გარდა ამისა, საზოგადოებრივი აზრის ყველა გამოკითხა აჩვენებდა, რომ თვით ქ/ოცნების მხარდამჭერებში უმრავლესობა (60%-ის ფარგლებში) ევროკავშირში გაწევრების მომხრე იყო. უთუოდ გასათვალისწინებელია ორბანის ფაქტორიც, რომელიც ქ/ოცნების და, ზოგადად, მემარჯვებენ ძალების ძირითადი ლობისტი იყო ევროკავშირში. არ დაგვავიწყდეს, რომ ტრამპის გაპრეზიდენტებას ქ/ოცნება უკავშირებდა ლიბერალური ძალების დასამარებას გლობალურად, მთელ მსოფლიოში. არ უნდა გამოგვრჩეს ისიც, რომ ქ/ოცნებაში არსებობდა ევროკავშირის დაუძინებელი მტრის – რუსეთის – გამარჯვების მოლოდინი უკრაინასთან ომში.
რა ვითარება გვაქვს ახლა?
ქ/ოცნება დარწმუნდა, რომ მემარჯვენე ევროკავშირის პროპაგანდიტული იდეა ძირითადად ჩავარდა. ორბანი დამარცხდა და არც ტრამპის ადმინისტრაციის აქტივობებია თვალსაჩინო მემარჯვენე რადიკალიზმის გლობალური გაძლიერების მიმართულებით. გარდა ამისა, რუსეთის ვერგამარჯვებაზე ომში თვით პუტინის ლოიალისტებიც ალაპარაკდნენ. ამასთან, ევროკავშირის დაფინანსებით ჩატარებული ბოლო კვლევა (2026) აჩვენებს, რომ ევროკავშირში გაწევრების მომხრეა 71%, ნეიტრალურა განწყობილია 17%, ხოლო უარყოფითად – 10%. ცხადია, აგრესიულმა ანტიდასავლურმა პროპაგანდამ თავისი ნაყოფი გამოიყო და 80-85%-ანი მხარდაჭერა შემცირდა – სავარაუდოდ, პირველ რიგში ქართული ოცნების მომხრეებში (სტატისტიკური მონაცემები არ მაქვს).
მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირში გაწევრებას კვლავ გამოკვეთილი უმრავლესობა (71%) უჭერს მხარს, ქ/ოცნება, როგორც ჩანს, ვაბანკზე მიდის: თუ აქამდე ხელისუფლება ცდილობდა საზოგადოებისთვის დაემტკიცებინა, რომ ევროპისკენ მიმავალი გზა დროებით შეფერხდა, ახლა უკვე ცდილობს თავად ევროპული არჩევანის ღირებულების ტოტალურ გადაფასებას. მას სურს, სულ მცირე, მის მომხრეებში მინიმუმამდე დაიყვანოს ევროკავშირში გაწევრების მხარდაჭერა. ამასთან, ისე მოასუფთაოს ოპოზიციური პოლიტიკური ველი, რომ 2028 წლის არჩევნებში საკონსტიტუციო უმრავლეობით მოვიდეს და ყელში გაჩხერილი 78-ე მუხლის შეცვალოს. საზოგადოებრივი პროტესტის დაწიოკების ყოველდღიური რეჟიმიც ამას ემსახურება. და ყველაფერი ეს იგეგმება შიდა ავტორიტარიზმით, გარე მემარჯვენე ძალების მხრიდან გარანტირებული დახმარების გარეშე.
მომდევნო თვეებში დავინახავთ, ანტიდასავლური პოლიტიკის ეს ახალი ამოსუნთქვა რამდენად მოუტანს შედეგს ქ/ოცნებას. წინააღმდეგობის გზაზე კი კვლავ ძალაშია პარადიგმა: შიგნით აქცია, გარეთ – სანქცია.

ასევე დაგაინტერესებთ

MMA-ის მებრძოლი, გიორგი ქართველიშვილი: ვაფუძნებთ სახალხო მოძრაობას -არანაირ საფრთხეს არ მოვერიდებით. მზად ვართ თითოეული ჩვენი ქმედებაზე ვაგოთ პასუხი, საჭიროების შემთხვევაში ციხეშიც კი წავიდეთ

ვალერი ჩეჩელაშვილი – ხელისუფლება, ალბათ, კონსტიტუციიდან 78-ე მუხლის ამოღებისთვის ემზადება, სხვას რას უნდა ნიშნავდეს შალვა პაპუაშვილის განცხადება? ვფიქრობ, „ოცნებას“ ეს გაუჭირდება, ამას სერიოზული წინააღმდეგობა ექნება მათივე მომხრეებში