თბილისობის დღესასწაულზე მერია ტენდერის გარეშე 3 114 727 ლარს დახარჯავს

თბილისის მერია თბილისობის დღესასწაულზე, რომელიც 3 და 4 ოქტომბერს გაიმართება 3 114 727 ლარს ტენდერის გარეშე დახარჯავს. 

შესაბამისი ხელშეკრულების ტენდერის გარეშე გაფორმების გადაწყვეტილებას მერია იმით ხსნის, რომ ღონისძიების პროგრამა და ტექნიკური დეტალები ეტაპობრივად ზუსტდება.

მერიის თანახმად, ღონისძიებების სპეციფიკიდან გამომდინარე, „დაგეგმილ აქტივობათა მნიშვნელოვანი ნაწილი წარმოადგენს საავტორო და ინდივიდუალურ შემოქმედებით ნამუშევრებს, რომელთა შინაარსი, მხატვრული გადაწყვეტა და განხორციელების ფორმა ყალიბდება შემოქმედებითი პროცესისა და შესაბამის სფეროში მოქმედ კვალიფიციურ შემსრულებლებთან ინტენსიური სამუშაო შეხვედრებისა და მოლაპარაკებების შედეგად. აღნიშნული პროცესი მოითხოვს პროგრამის, მონაწილეთა შემადგენლობისა და ტექნიკური გადაწყვეტების ეტაპობრივ დაზუსტებას, რაც შეუძლებელს ხდის შესყიდვის ყველა არსებითი პირობის წინასწარ განსაზღვრასა და დაგეგმვას“.

  • ამ თანხით განსაზღვრულია ავეჯის შესყიდვა, როგორიცაა: დახლები, მაგიდები, სკამები, ასევე, გასართობი, კინო და ვიდეომომსახურებების შესყიდვა, თეატრის პროდიუსერების, მომღერალთა ჯგუფების, ანსამბლებისა და ორკესტრების გასართობი მომსახურებების და ესტრადის ვარსკვლავების მომსახურების შესყიდვა, ბაზრობებისა და გამოფენების ორგანიზება და სხვა.