“არ ვიცი, კი არ ვმალავ”, – სხდომის დაწყებამდე, ადვოკატი მიხეილ შაყულაშვილი არც ადასტურებდა და არც უარყოფდა ინფორმაციას, რომ შესაძლოა ირაკლი ღარიბაშვილი მომავალშიც აღარ დასწრებოდა “კორუფციის საქმის” სასამართლო სხდომებს.ადვოკატი წინასწარ აფრთხილებდა მედიას, რომ სხდომის შემდეგ კომენტარს არ გააკეთებდა; “კომენტარის გარეშე” – ასე პასუხობდა ის ყველა შეკითხვას სხდომის შემდეგ.25 აგვისტოს პროკურორმა ანა ლეკიაშვილმა განმარტა, რომ ღარიბაშვილს ახალ ბრალთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია არ დაუფიქსირებია.საკუთარი პოზიცია ექსპრემიერს დღემდე მხოლოდ ციხიდან გამოგზავნილ ღია წერილებში აქვს გამოხატული – სადაც ის ლაპარაკობს ზეწოლაზე “ბიძინა ივანიშვილის დავალებითა” და სუსის ყოფილი უფროსის, მამუკა მდინარაძის შუამავლობით.პროკურორის განმარტებით, ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებული გამოძიება 2025 წლის ნოემბრიდან მიმდინარეობს, გამოყოფილი საქმის ფარგლებში, თუმცა მისთვის ბრალის წარდგენის საფუძველი მხოლოდ 2026 წლის აგვისტოში გაჩნდა.“ქართული ოცნების” ორგზის პრემიერ-მინისტრს სს კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავებიან – რაც გულისხმობს სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ ქრთამის აღებას, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, წინასწარი შეცნობით ჯგუფის მიერ. დანაშაული 11-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
რა მოხდა სხდომაზე?25 აგვისტოს, #18 დარბაზში, სხდომა დაგვიანებით დაიწყო და სულ რამდენიმე წუთს გაგრძელდა.სხდომაზე არ მისულან არც ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახის წევრები, მეგობრები თუ გულშემატკივრები. დარბაზში ძირითადად მხოლოდ მედიის წარმომადგენლები ისხდნენ.აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხი არ განხილულა, რადგან ღარიბაშვილი უკვე მსჯავრდებულია – უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის [ფულის გათეთრება] საქმეზე და 5 წელი აქვს მისჯილი.სხდომაზე მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილმა ის წარადგინა, როგორც “ნასამართლევი”.მოსამართლე სიქტურაშვილი დაინტერესდა – რატომ არ ესწრება ბრალდებული სხდომას. ბრალდებისა და დაცვის მხარეებს კონკრეტული მიზეზი არ დაუსახელებიათ – ითქვა, რომ ეს იყო მისი ნების გამოხატულება.“მიუხედავად იმისა, რომ ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი არ ესწრება სხდომას, მას წარმოადგენს კვალიფიციური იურისტი და მისი უფლებები იქნება სრულად დაცული და უზრუნველყოფილი” – ამ სიტყვებით განაგრძო სხდომა მოსამართლე სიქტურაშვილმა.პროკურატურის ერთადერთი შუამდგომლობა იყო – წინასასამართლო სხდომის თარიღის განსაზღვრა. გადაწყდა, რომ მომავალი სხდომა ორი თვის შემდეგ – 19 ოქტომბერს 11:00 საათზე გაიმართება.
რა მტკიცებულებები აქვს ბრალდების მხარეს?“მტკიცებულებათა შეჯერება ხდება ერთობლივად. შეჯერდა ყველა მოწმის მიერ მოწოდებული ინფორმაცია და მოპოვებული წერილობითი დოკუმენტაცია თუ სხვა გამოთხოვილი ინფორმაცია [თავდაცვის სამინისტროს ტენდერების შესახებ – რის გამოც გასამართლდნენ ჯუანშერ ბურჭულაძე და სხვები] და ეს გახდა ბრალის წარდგენის საფუძველი… საქმეში წარმოდგენილია არაერთი წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულება”, – განაცხადა პროკურორმა, სხდომის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან.ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენებების მიმცემთა შორის სახელდებიან: თავდაცვის ყოფილი მინისტრი, პატიმარი ჯუანშერ ბურჭულაძემ [აპრილში 10 წელი მიუსაჯეს] და მისი ცოლისძმა ვასილ მხეიძე. პროკურატურა განმარტავს, რომ ჩვენებები 12 აგვისტოს შემდეგ არის მიცემული.მანამდე იყო კიდევ ერთი ადამიანის ჩვენება – საზღვარგარეთ მყოფმა ბიზნესმენმა – ზურაბ ტუკვაძემ დისტანციური გამოკითხვის დროს, 2026 წლის თებერვალში აღნიშნა, რომ ტენდერთან დაკავშირებული ფარული გარიგების შესახებ მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმაც იცოდა და ეს ბურჭულაძის ცოლისძმისგან – ვასილ მხეიძისგან შეიტყო. ტუკვაძე ღარიბაშვილის ცოლის ნათესავის ყოფილი ქმარია.პროკურორის განმარტებით, იმ დროისთვის უკვე მიმდინარეობდა ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებული გამოძიება, რომელიც 2025 წლის ნოემბრიდან დაიწყო ცალკე გამოყოფილი საქმის ფარგლებში, ბურჭულაძისა და სხვების საქმის სასამართლოსთვის გადაცემის შემდეგ; თუმცა ბრალის წაყენების საფუძველი მხოლოდ აგვისტოში გამოჩნდა.პროკურორი განმარტავს, რომ ჯერ კიდევ მიმდინარეობს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები ცალკე გამოყოფილ საქმესთან დაკავშირებით.არსებობს თუ არა ვიდეომტკიცებულებები საქმეში? “მეტ დეტალს ვერ განვმარტავ” – ამბობს პროკურორი.ანა ლეკიაშვილი თავს იკავებს იმის თქმისგანაც – ჩატარდა თუ არა ან რამდენჯერ ჩატარდა ღარიბაშვილის ქონების ჩხრეკა 2025 წლის ოქტომბრის შემდეგაც. თუმცა აღნიშნავს, რომ “სხვადასხვა ჩხრეკა ჩატარდა” და ამოღებულია მტკიცებულებები.როგორ გადაეცა ღარიბაშვილს ქრთამი?პროკურატურის განმარტებით, ირაკლი ღარიბაშვილს 750 ათასი ლარი “უშუალოდ ხელზე, ქრთამის სახით” გადასცა ჯუანშერ ბურჭულაძემ. არ კონკრეტდება, სად შედგა ქრთამის გადაცემის ფაქტი – სამსახურში თუ სხვაგან.პროკურორი განმარტავს, რომ მაშინდელი პრემიერი პროცესში “შესაბამის მფარველობასა და გარანტიებს გასცემდა” თავდაცვის სამინისტროს ტენდერებზე, რომელთა საერთო სახელშეკრულებო ღირებულება 19 მილიონ ლარს შეადგენდა. ამ თანხის 10% ვასილ მხეიძესთან მიიტანა “შესაბამისმა პირმა”, საიდანაც 750 ათასი ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა.
ვიდრე 24 აგვისტოს კორუფციულ დანაშაულზე ახალ ბრალს წაუყენებდნენ, ასეთი მოსალოდნელობის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან გამოგზავნილ ღია წერილებში წერდა. ექსპრემიერის თანახმად, „ბიძინა ივანიშვილის დავალებითა“ და მამუკა მდინარაძის შუამავლობით, მისგან კორუფციული დანაშაულის აღიარებას მოითხოვდნენ, სამომავლოდ პოლიტიკაში მოსვლის აღკვეთის მიზნით.სანაცვლოდ კი ჰპირდებოდნენ მასზე მორგებულ პირობებს – გასამართლებას ისევ საპროცესო შეთანხმების საშუალებით და იმგვარად, რომ, საბოლოო ჯამში დღემდე მისჯილი პატიმრობის 5-წლიანი ვადა არ გაუხანგრძლივდებოდა.კორუფციის შესახებ ახალი ბრალდება, რომელიც ყოფილ პრემიერ-მინისტრს 24 აგვისტოს დილა წარუდგინეს, 11-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.“გუშინ ხელისუფლებამ თავად დაამოწმა ჩემს მიერ წინა კვირას გამოქვეყნებული წერილის ავთენტურობა. საზოგადოებას მინდა კიდევ ერთხელ ვუთხრა, რომ მე ყველაფერი ვცადე და მაქსიმუმი გავაკეთე იმისთვის, რომ თავიდან ამერიდებინა ეს პროცესი, მაგრამ აღმოვჩნდი სასტიკი რეალობის წინაშე”, – წერს ღარიბაშვილი ციხიდან გამოგზავნილ #4 წერილში.ღარიბაშვილი ამავე წერილში აღნიშნავს, რომ სასამართლო სხდომების ბოიკოტით შეურაცხყოფას არავის აყენებს – არც პროკურორებს და არც მოსამართლეებს; “უბრალოდ, მხოლოდ იმიტომ, რომ ეს არის პოლიტიკური პროცესი და ვიცი, რა და როგორ მართავს პოლიტიკურ პროცესს სისტემა, აზრს ვერ ვხედავ, ვიარო სასამართლო სხდომებზე და ჩავერთო პოლიტიკურ მასკარადში. მე აღარ ვმონაწილეობ თქვენს სპექტაკლში! აღარც ის მაინტერესებს, რომელ პატიმარს/მძევალს თქვენი მხრიდან განხორციელებული ფსიქოლოგიური და მორალური ზეწოლის მეთოდებით რას დააწერინებთ ჩემზე და რა ბრალს წამიყენებთ”. – ვკითხულობთ ტექსტში.
“კორუფციის საქმის” სასამართლო სხდომებზე არ ივლის, მაგრამ, როგორც ჩანს, ღარიბაშვილი თავისი წერილებით საზოგადოებასთან კომუნიკაციას არ შეწყვეტს.”მოსახდენი უკვე მოხდა, ამიტომ, ჩემი ერთადერთი გზა და ბრძოლის იარაღი ჩემი სიმართლეა. ვაპირებ, საჯაროდ ვესაუბრო საზოგადოებას და ვუთხრა ჩემი სიმართლე. დაე, ხალხმა განსაჯოს!”, – ამ სიტყვებით ასრულებს ის 25 აგვისტოს გამოქვეყნებულ წერილს.ირაკლი ღარიბაშვილმა ბრძოლის დაწყება ჯერ კიდევ პირველ წერილში – 17 აგვისტოს დააანონსა. 24 აგვისტოს, ახალი ბრალის წარდგენის შემდეგ ცნობილი გახდა ოჯახის პოზიცია, რომ – ირაკლი ღარიბაშვილი მათ პოლიტპატიმრად მიაჩნიათ.



