მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიოლოგია-რეანიმაციისა და ქირურგიის დეპარტამენტების ხელმძღვანელი და მისისიპის უნივერსიტეტის ანესთეზიოლოგიის კათედრის პროფესორი ზურაბ გურული:
უკრაინელების შანსის არავის სჯეროდა მსოფლიოში.
მათი არ სჯეროდა ცივილიზაციას.
ცივილიზაციამ უკრაინელებს ხუთდღიანი ვადა მისცა სახელმწიფოდ საარსებოდ და მერე რუსული უკანალის წყვდიადში გაურკვეველი ვადით ჩანთქმა უწინასწარმეტყველა.
უკრაინას მხოლოდ საკუთარი თავის იმედი ჰქონდა დედამიწის ზურგზე; მეტი აბსოლუტურად არავისი.
და უკრაინამ დაიწყო თავისი ბრძოლა აბსოლუტურად ყველანაირი გათვლისა და ლოგიკის საწინააღმდეგოდ.
უკრაინაში მეომრებად იქცნენ ის მოქალაქეები, რომლებსაც არანაირი ლოგიკური კავშირი არ ჰქონდათ არც ომთან და არც იარაღთან.
მაგალითად, უკრაინელმა ტელე-პროდიუსერმა შეაგროვა კომპიუტერული თამაშების მოყვარული გოგო-ბიჭები, მათთან ერთად შექმნა დრონების ოპერატორთა რაზმი და დედა უტირა უზარმაზარი რუსეთის ჯავშან-სატანკო ძალებს. ის პროდიუსერი დღეს პოლკოვნიკია, უკრაინის შეიარაღებული ძალების პოლკოვნიკი; ის კომპიუტერთან თამაშით თვალებამოღამებული ბავშვები კი ყველანაირ რემბოებზე უფრო საშიში და მრისხანე მებრძოლები, რომლებსაც თითის გაქნევით ტანკის გაქრობა შეუძლიათ.
უკრაინა ყველა პოსტ-საბჭოთა ქვეყანასავით გამოხრულია კორუპციით. მრავლად ჰყავს მაროდიორები და დეზერტირები, მაგრამ უკრაინას მაგარი და მაღალი ეროვნული მარგი ქმედების კოეფიციენტი აქვს იმ მოქალაქეების სახით, რომლებსაც თვალი მხოლოდ სამიზნეზე აქვთ მიპყრობილი უმაღლესი კლასის სნაიპერივით და მათთვის არ არსებობს ამ კონცენტრაციის დამრღვევი არანაირი ფაქტორი; იმიტომ, რომ სამიზნეზე თავად მათი უკრაინაა.
დღეს უკრაინელების ძალის ყველას სჯერა. სჯერათ ცივილიზაციის ყველაზე სკეპტიკურ ექსპერტებსაც კი. უკრაინის სამხედრო გენია აღიარა დედამიწის ყველაზე ძლიერმა არმიამ და მისმა ხელმძღვანელობამ.
26 მაისი თენდება საქართველოში, 2026 წლის 26 მაისი. დღეს ქართველებს ეჭვი ეპარებათ საკუთარ თავში და რადგან თავად ეპარებათ, ცივილიზაციაც ალმაცერად უყურებს მათ შანსს. არა უშავს.
მთავარია ქართველებს სჯეროდეთ საკუთარი თავის.
დიახ, საქართველო გამოხრულია კორუპციით, ნიჰილიზმით; მძლავრობენ მლიქვნელები, ლაჩრები, დეზერტირები და მაროდიორები; მაგრამ მერე რა, საქართველოში არიან ჯიუტი, მამაცი და გონიერი ქართველებიც.
არავინ მოვა საქართველოს გადასარჩენად, ისევე როგორც არავინ წასულა უკრაინის გადასარჩენად ყველაზე კრიტიკულ მომენტებში. ერმა თავად უნდა შვას საკუთარი გონისაგან მარგი ქმედება. მაგალითი მათ წინა აქვთ. მსოფლიოს უბოროტესმა იმპერიამ მუხლებზე დაიჩოქა მოქმედებად ქცეულ ინტელექტთან, რადგან არ არსებობს ფიზიკური ძალა, რომელიც ინტელექტის კონცენტრირებულ მუხტს აჯობებს.
ქართველებს აქვთ უდიდესი პოტენციური ენერგია; ერთადერთი რამ სჭირდებათ მხოლოდ, საკუთარი სიძლიერის რწმენა, ზუსტად ისე, როგორც ეს ირწმუნეს უკრაინელებმა აბსოლუტურად ყველანაირი გათვლისა და ლოგიკის საწინააღმდეგოდ.
არ არსებობს უძლურება, რომლის დაძლევაც არ შეიძლება რწმენითა და ნებით.
ამიტომ ადექი, გადი გარეთ, შეუერთდი ეროვნულ გონს და იპოვე საკუთარ თავში ის ძალა, რომელიც უკრაინელებმა იპოვეს გადამწყვეტ მომენტში.
არ გეგონოს რომ ის ძალა არ არსებობს. არსებობს, მხოლოდ გარდაქმნა სჭირდება მარგ ქმედებად.
ჰოდა გარდაქმენი!
დაბადების დღეს გილოცავ საქართველოვ!




