ზენონ იარაჯული: როცა გზა ეთმობა ძალმომრეობას, ეკლესია კარგავს არა მხოლოდ წესრიგს, არამედ საკუთარ არსს და იდენტობას

“უსამართლობა მხოლოდ დანაკარგი არ არის. ის არის უხილავი რღვევა, რომელიც ადამიანს ართმევს მის კუთვნილს და ამავე დროს ანგრევს ნდობას- იმ უხილავ ძაფს, რომელიც აკავშირებს ადამიანს ადამიანთან, საზოგადოებასთან და ღმერთთან.
როდესაც ეს უხილავი ძაფი წყდება, სიტყვა ძალას კარგავს, ურთიერთობა ცარიელდება და იშლება თავად ის სივრცე, სადაც ადამიანმა უნდა იპოვოს თავისი ადგილი. უსამართლობა მხოლოდ ქმედება არ არის, ეს არის პიროვნული რღვევის პროცესი, რომელიც შეუქცევადად აშორებს ადამიანს სიმართლეს, სხვებს და ბოლოს- ღმერთსაც.
უსამართლობა მხოლოდ სოციალური პრობლემა არ არის. ეს არის ღირებულებითი და სულიერი კრიზისი.იგი იწყება იქ, სადაც ადამიანი წყვეტს სხვაში ადამიანის დანახვას და პიროვნული ღირსების ნაცვლად საზომად იქცევა შიში, სარგებელი ან ძალაუფლება. ამით ირღვევა სამართლიანობის ძირითადი პრინციპი, რომ თითოეულს ეკუთვნის ის,რაც მისია.
უსამართლობასთან ბრძოლა მხოლოდ გარეგნული საშუალებებით- კანონით ან ძალით ვერ ხორციელდება. მისი ნამდვილი დასაწყისი ადამიანის შინაგან სივრცეშია: სამართლიანობის აღიარებაში, პიროვნული ღირსების დაცვაში და იმ აღქმაში, რომ ყოველი ადამიანი მეტია, ვიდრე ინტერესის ობიექტი.
სამართლიანობა კანონით არ იწყება.
ის სათავეს იღებს ადამიანის გულში,
სადაც უნდა იყოს დაცული მისი პრინციპი.
ამიტომ ყოველთვის რჩება არჩევანი სამართლიანობის ძალასა
და ძალმომრეობას შორის.
თუ ეკლესიაში გადაწყვეტილებებს გავლენა განსაზღვრავს და არა ჭეშმარიტება,
იწყება მისი საფუძვლიდან საბედისწერო დაშორება. როცა გზა ეთმობა ძალმომრეობას, ეკლესია კარგავს არა მხოლოდ წესრიგს, არამედ საკუთარ არსს და იდენტობას.
ასეთ დროს ზიანდება ადამიანი, ქრება ნდობა, იშლება შინაგანი წყობა და ინსტიტუცია შედის რღვევის პროცესში. რადგან იქ, სადაც სამართლიანობა აღარ არის საფუძველი, იდენტობა აღარ არის ყოფნა, არამედ იგი ცარიელ გარსად ქცეული და საკუთარ არსს მოცილებული ფორმაა, რომლის არსებობა დაცლილია შინაარსისა და სიცოცხლისგან და მხოლოდ გარეგნული ხილვადობაა შემორჩენილი.
იქ,სადაც სამართლიანობის ფესვი ხმება,
იდენტობა აღარ ყვავის. იქ, სიცოცხლის ნაცვლად არსდაცლილი არსებობის კვალი რჩება”. – წერს მიტროპოლიტი ზენონ იარაჯული სოციალურ ქსელში