ვაზი არ არის მხოლოდ მათი საქმე, ვისაც ღვინო და ქეიფი უყვარს, ეს სერიოზული კულტურაა, რომელიც შეიძლება საერთოდ გაქრეს – მირიან ნიკოლაძე

მეღვინეების ნაწილი, რამდენიმე დღეა სახელმწიფოს მიერ „ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებს აპროტესტებს. 1 მაისიდან ყველამ, ვისაც ვენახის გაშენება, შემდეგ კი ყურძნისა და ღვინის გაყიდვა სურს, ნებართვა “ღვინის ეროვნული სააგენტოსგან” უნდა მიიღოს. ახალი რეგულაცია ბაზარზე ღვინის ეროვნულ სააგენტოს მაკონტროლებელთან ერთად მარეგულირებელ უფლება-მოსილებასაც ანიჭებს. კანონში შესული ცვლილების მიხედვით პირი, რომელიც შეთანხმების გარეშე, თვითნებურად გააშენებს ვენახს, იქიდან აღებულ ყურძენს ან ღვინოს ვეღარ გაყიდის. „უდაბნო ღვინოს“ დამფუძნებლის მირიან ნიკოლაძის შეფასებით, ახალი კანონი მეღვინეობის სექტორს, განსაკუთრებით კი ნატურალური ღვინის მწარმოებლებს დიდ საფრთხეს უქმნის. ნიკოლაძის თქმით, გაურკვეველია, აქვს თუ არა სახელმწიფოს ჩამოყალიბებული ხედვა ქართული ნატურალური ღვინის განვითარებაზე, თუ საქმე მხოლოდ ფრაგმენტულ რეგულაციებსა და ბრძანებებს ეხება, რომლებიც რეალობასა და დარგის საჭიროებებს ხშირად აცდენილია.,,ძალიან გამაღიზიანებელია, როცა უყურებ, რომ დარგისთვის წაგებიან, აუხსნელი და გაუგებარი პოზიციების გამო ვიღაც რაღაც ცვლილებებს აკეთებს. არის გარკვეული სეგმენტი, რომელიც ამბობს, რომ იცი რა, ეს და ეს ცვლილება წაგებიანია, იმის ნაცვლად, რომ სახელმწიფომ თქვა: რა არის უკეთესი? აბა ვის რა ხედვა აქვს,- აი ამის მაგივრად მიდის თავიანთი პროპაგანდისტული მანქანების გამოყენება და იმის მტკიცება, თუ როგორი მოწადინებულები არიან, რომ დარგი განავითარონ.ვაზი არ არის მხოლოდ მათი საქმე, ვისაც ღვინო და ქეიფი უყვარს, ეს სერიოზული კულტურაა, რომელიც შეიძლება საერთოდ გაქრეს. პრობლემის ყველაზე ღრმა არსი ის არის, რომ სახელმწიფოს არ გააჩნია ხედვა ქართული ნატურალური ღვინის განვითარების შესახებ. 14 წლის განმავლობაში ერთი შემთხვევა დაასახელონ, როცა სახელმწიფომ გაიაზრა, რომ ამ კულტურას ცალკე მიდგომა სჭირდება. სად არის სახელმწიფოს ხედვა? მხოლოდ ბრძანებაა. მოგიწევთ ამ ბრძანების გადახედვა და გადაყრა. ჩვენ თქვენზე ნაკლები ქართველები არ ვართ, ტალახით გვაქვს ამოსვრილი ბოტები და ტანსაცმელი ვენახში სიარულით. 120 ბიომარანია, კიდევ 300-მდეა ისეთი, ვინც სერტიფიცირებული არ არის, მაგრამ ოჯახურ მეღვინეობას ეწევა. არ შეიძლება, რომ ამ ხალხს გვერდში დაუდგეთ და მოსაზრება ჰკითხოთ?!ხალხი ვერ ეგუება რეგულაციებსო, როგორ შეეგუები, როცა რეგულაცია ღუპავს დარგს?! თანაც, უყურებ, რომ რეგულაციის დამწერს ხედვა არ აქვს, ეს არის პრობლემა.რეალურად ყველა მივდივართ იქამდე, რომ არ არის სათანადო ცოდნა, რომელ მეღვინეობაზეა საუბარი- იურიდიული ლაფსუსებია კანონში.”,- აღნიშნა „უდაბნო ღვინოს“ დამფუძნებელმა მის მიერ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.