თქვენ ისე წარმოგიდგენიათ – შეურაცხყოფას მოგაყენებენ? თვალს დახუჭავთ, შენ სარწმუნოებას მოაყენებენ შეურაცხყოფას? თვალს დახუჭავთ იმიტომ, რომ „სტრატეგიული პარტნიორია“. არ არის ასე, და ამიტომაც ხართ იქ, სადაც ხართ. მმართველი პარტია ვართ, რომელიც ვიცავთ ეროვნულ ღირებულებებს და ინტერესებს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, როდესაც პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრს, გიორგი შარაშიძეს მიმართა.
ამასთან, ზარქუას თქმით, მომავალში რომ ყველა ხელისუფლება იყოს დაზღვეული, საჭიროა კვალიფიციური, ერთგული და პატრიოტი დიპლომატების აღზრდა, შესაბამისად, ზარქუას მტკიცებით, დიპლომატიური აკადემიაც სწორედ ამისთვის იქმნება.
„ჩამოყალიბდით, რა გინდათ, ამ ქვეყნის ინტერესების გამტარებელი და დამცველი ხართ, თუ ხართ ჩვეულებრივად უცხო ქვეყნის ინტერესების აღმსრულებლები. შენ გეუბნებიან, რომ სანქცია დაუწესე რუსეთს, რომ შენი ეკონომიკა ჩამოიქცეს და ამ დროს, თვითონ ბრიტანეთმა თქვა, ჩვენ სანქცია უნდა მოვუხსნათ [რუსეთს] იმიტომ, რომ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს ასე სჭირდებაო. ლატვიამ კი გადაგასწრო ღვინის ექსპორტში რუსეთში. გასაგებია, თქვენ ისე წარმოგიდგენიათ, რომ თვალს დახუჭავთ ამაზე, შეურაცხყოფას მოგაყენებენ? თვალს დახუჭავთ შენ სარწმუნოებას მოაყენებენ შეურაცხყოფას? თვალს დახუჭავთ იმიტომ, რომ „სტრატეგიული პარტნიორია“. არ არის ასე, და ამიტომაც ხართ იქ, სადაც ხართ.
მმართველი პარტია ვართ, რომელიც ვიცავთ ეროვნულ ღირებულებებს, ინტერესებს და ის, ვინც ნამდვილად ჩვენი მეგობარი და პარტნიორია, იმასთან გვაქვს კარგი ურთიერთობა. ის, ვინც ფარისევლობს და გამოგიყენებს, როგორც უკრაინა და უკრაინელი ხალხი არის დღეს გამოყენებული, იმას არ გავატარებთ. ეს არის ჩვენი ხელწერა და ამას ბოლომდე დავიცავთ. ამიტომაც არის საჭირო, დღეს ჩვენ იმ აკადემიაში დიპლომატიური მიმართულებით კვალიფიციური კადრები გვჭირდება. ჩვენ ვნახეთ ქალბატონი ზურაბიშვილის მიერ დანიშნული ელჩები, როდესაც უცხო ქვეყნის დაძახებულზე ეგრევე გადადგნენ და უნდოდათ, კოლაფსი მოეწყოთ. არ გამოუვიდათ, ჩაუვარდათ. ამიტომ, მომავალში ამ მხრივ რომ ყველა ხელისუფლება იყოს დაზღვეული, გვინდა კვალიფიციური, ერთგული, პატრიოტი დიპლომატების აღზრდა“, – აცხადებს ზარქუა.




