„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“: ფაქტია, დღეს ევროპაში დემოკრატია აღარ არსებობს

„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, დღეს ევროპაში დემოკრატია აღარ არსებობს, რადგან მივიღეთ მოცემულობა, როდესაც ხალხის მიერ არჩეული, თუმცა რეალურად „დიფ სთეითის“ მორჩილი მთავრობები არა საზოგადოების საკეთილდღეო, არამედ დამაზიანებელ ნაბიჯებს დგამენ.

„გასულ შაბათს, საფეხბურთო კლუბი „პარი სენ ჟერმენი“ ევროპის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული მიჯრით მეორედ გახდა, რამაც, ბუნებრივია, მათ გულშემატკივრებში უდიდესი სიხარული გამოიწვია. ეს ფაქტი, პარიზში მოქალაქეების მხრიდან ერთმანეთისთვის მილოცვისა და საყოველთაო ზეიმის მიზეზი უნდა გამხდარიყო, თუმცა კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საფრანგეთში ადამიანთა გარკვეულ ჯგუფებს წარმატების აღნიშვნა სხვანაირად ესმით.

მსოფლიოში მიღებული პრაქტიკაა, რომ ადამიანები, რომლებიც საყვარელი გუნდის მატჩზე სტადიონზე ვერ მოხვდნენ, ერთად იკრიბებიან და ქალაქის მოედნებზე, სკვერებსა თუ პარკებში თამაშს დიდ ეკრანზე უყურებენ, გამარჯვების შემთხვევაში კი, მიღწეულ წარმატებას ერთად აღნიშნავენ. როგორც ფრანგული გამოცემები ადასტურებენ, 30 მაისს მთელი საფრანგეთის მასშტაბით, სხვადასხვა ქალაქში დაახლოებით 40 ათასმა ადამიანმა გადაწყვიტა „პარი სენ ჟერმენისთვის“ ფინალურ მატჩში სწორედ ამ ფორმით ეგულშემატკივრა, თუმცა მთავარი მოვლენები მათი საყვარელი გუნდის გამარჯვების შემდეგ განვითარდა. როგორც ფრანგული გამოცემები წერენ, „ზეიმმა“ აგრესიული ხასიათი მიიღო, „ფანების“ ნაწილმა მთელი ქვეყნის მასშტაბით დააზიანა მაღაზიები, დაწვეს ავტომობილები და ველოსიპედები, რასაც, ბუნებრივია პოლიციის მხრიდან რეაგირება მოჰყვა.

ამის შემდეგ, „გულშემატკივრები“ პოლიციას დაუპირისპირდნენ, სამართალდამცველების წინააღმდეგ პიროტექნიკაც გამოიყენეს და ადამიანთა მცირე ჯგუფმა პოლიციის ერთ-ერთ განყოფილებაში შეჭრაც კი სცადა, რის შედეგადაც რამდენიმე პოლიციელი დაშავდა. საბოლოოდ, მთელი ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 400 პირი დააკავეს, საიდანაც თითქმის 300 ადამიანი პარიზში დააპატიმრეს. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც საფრანგეთში ტრიუმფალური საფეხბურთო გამარჯვებების აღნიშვნა საყოველთაო ქაოსში გადაიზარდა. მსგავსი შემთხვევები 2018 წელს საფრანგეთის ნაკრების მიერ მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვებისა და გასულ წელს იმავე „პარი სენ ჟერმენის“ მიერ ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგაც დაფიქსირდა. სამწუხაროდ, შარშან „ზეიმი“ ტრაგიკულად დასრულდა და ორი ადამიანი დაიღუპა.

საინტერესოა, რომ აღნიშნული მოვლენების შემდეგ, სოციალურ ქსელებში გავრცელდა 1998 წელს გადაღებული კადრები, თუ როგორ აღნიშნავდნენ იმ თაობის ფრანგი გულშემატკივრები იმავე წელს ეროვნული ნაკრების მიერ ისტორიაში პირველად მსოფლიო ჩემპიონატის მოგებას. კარგად ჩანს, რომ ათასობით ადამიანი, ყოველგვარი ძალადობისა და აგრესიის გარეშე ზეიმობდა და ერთმანეთს სიხარულს უზიარებდა, ზუსტად ისე, როგორც დიდ საფეხბურთო და ეროვნულ გამარჯვებებს უხდება.

ბუნებრივია აუცილებლად გაჩნდება შეკითხვა: რა შეიცვალა 1998 წლიდან 2018 წლამდე და საფრანგეთში ტრიუმფალური გამარჯვების აღნიშვნა რატომ იღებს სულ უფრო ძალადობრივ ხასიათს? პასუხი ევროპაში, ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში დამკვიდრებულ მმართველობის ფორმაში უნდა ვეძიოთ. ორიათასიანი წლების მეორე ნახევრიდან, ევროპის კონტინენტზე დემოკრატიული მმართველობის კრიზისი დაიწყო, ეტაპობრივად მომძლავრდა არაფორმალური ოლიგარქიული გავლენები და დღეს ევროპული ქვეყნების უდიდესი ნაწილი „დიფ სთეითის“ კარნახით იმართება! ჩვენ გვახსოვს, რომ ევროპული ტიპის დემოკრატიული სისტემები ათწლეულების მანძილზე მსოფლიოს სხვა ერებისთვის მისაბაძ მაგალითად მიიჩნეოდა, მაგრამ სამწუხაროდ, დროთა განმავლობაში, არაფორმალურმა ოლიგარქიულმა ძალებმა პოლიტიკურ პარტიებზე მთელი ევროპის მასშტაბით მოიპოვეს გავლენა. ასევე, მათ დაქვემდებარებაშია მედიასაშუალებები, მათმა ინტერესებმა შეაღწია საგანმანათლებლო სისტემაში, რამაც ახალგაზრდებისთვის ფსევდოლიბერალური იდეების თავს მოხვევა და მათი გაუკუღმართებული ღირებულებებით აღზრდა განაპირობა.

საბოლოოდ კი დღეს მივიღეთ შედეგი, როდესაც პოლიტიკურმა სისტემამ შეინარჩუნა ფორმა, თუმცა დაკარგა შინაარსი. დღესდღეობით. რიგითი ევროპელი მოქალაქე, რომელიც ისჯება კონსერვატიული პოზიციისთვის, და ტრადიციული ღირებულებების დაცვის გამო „ბულინგის“ მსხვერპლი ხდება; მედიასაშუალებებსა და სოციალურ ქსელებში კი გამუდმებით ფსევდოლიბერალური შეხედულებების ერთადერთ ჭეშმარიტებად გასაღების მცდელობებს აწყდება, არჩევნებზე მისულს, ერთი შეხედვით, განსხვავებულ პოლიტიკურ ძალებსა და კანდიდატებს შორის უწევს არჩევანის გაკეთება, სინამდვილეში კი, როგორც წესი, პრაქტიკულად ყველა მათგანი „დიფ სთეითის“ მორჩილია და მათ დავალებებს ასრულებს. როგორც წესი, მსგავს სისტემაში, რომელიც დღეს რიგ ევროპულ სახელმწიფოებშია დამკვიდრებული, ისეთ იდეებზე, რომლებიც ადამიანთა ყოველდღიურ ცხოვრებაზე რეალურ პოზიტიურ გავლენას ვერ ახდენს, სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებს შორის გამუდმებული ჭიდილი მიმდინარეობს, თუმცა, ღირებულებით, იდეოლოგიურ, ეკონომიკურ თუ კულტურულ საკითხებთან დაკავშირებით, როგორც წესი, იმ პარტიებს შორის, რომლებიც მართვის მანდატს ინაწილებენ, სრული კონსენსუსი არსებობს. ასეთ პირობებში, ერთი მხრივ „დიფ სთეითის“ მორჩილი პოლიტიკოსების გადაწყვეტილებები, ხოლო მეორე მხრივ იმავე „დიფ სთეითის“ გავლენებს დაქვემდებარებული ევროკავშირის დიქტატი, ევროპულ სახელმწიფოებს საკუთარი თავის დამაზიანებელი ნაბიჯების გადადგმას აიძულებს.

ლგბტ დღის წესრიგისა და გენდერული თეორიების დამკვიდრება, უკონტროლო მიგრაცია, ეკონომიკური გამოწვევების უგულებელყოფა, გართულებული ბიუროკრატია და უშინაარსო რეგულაციები განაპირობებს, რომ ევროპული საზოგადოება ტრადიციულ იდენტობას კარგავს და პარალელურად ღარიბდება, რაც სტატისტიკური მონაცემებით დასტურდება. ინერციით, რიგითი ევროპელი მოქალაქის კეთილდღეობის ხარისხი, დღემდე მაღალია, თუმცა ისიც ფაქტია, რომ 2008 წელთან შედარებით, მსოფლიო ეკონომიკაში ევროპის წილი მკვეთრად შემცირდა, ევროპელი ადამიანი კი დღეს უარესად ცხოვრობს, ვიდრე ორი ათეული წლის წინ!

ფაქტია, დღეს ევროპაში დემოკრატია აღარ არსებობს, რადგან მივიღეთ მოცემულობა, როდესაც ხალხის მიერ არჩეული, თუმცა რეალურად „დიფ სთეითის“ მორჩილი მთავრობები არა საზოგადოების საკეთილდღეო, არამედ დამაზიანებელ ნაბიჯებს დგამენ, რაც ჩანასახშივე გამორიცხავს იმ ფუნდამენტურ იდეებს, რომლებსაც თანამედროვე დემოკრატია უნდა ეფუძნებოდეს. სწორედ აქედან გამომდინარეობს ევროპულ ქვეყნებში პერმანენტული პოლიტიკური კრიზისები და სამთავრობო გუნდების ცვლილებები, გახშირებული რიგგარეშე და ხელისუფლებების მიმართ მზარდი უკმაყოფილება, რაც სხვადასხვა ქვეყანაში მმართველი ძალებისადმი არსებული დადებითი განწყობების ისტორიულად მინიმალურ მაჩვენებლებში ითარგმნება.
დღეს ევროპული საზოგადოება იაზრებს, რომ რეალური ცვლილებებია საჭირო, თუმცა არჩევანის გაკეთება ისეთ ძალებს შორის უწევთ, რომლებსაც „დიფ სთეითის“ მორჩილება აერთიანებთ! ბუნებრივია, ამ ფონზე, არაფორმალური ოლიგარქიული ძალები პოლიტიკური პროცესის იმიტაციას ქმნიან, რადგან მნიშვნელობა არ აქვს, მათი მორჩილი რომელი ძალა დააზიანებს ხალხის ინტერესებს, იდენტობადაკარგული და გაღარიბებული ადამიანები კი, რომელთა მართვა სულ უფრო და უფრო მარტივი ხდება, არჩევანს „დიფ სთეითის“ შეთავაზებულ ვარიანტებს შორის აკეთებენ.

როდესაც დასავლეთსა და დემოკრატიულ იდეალებზე ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს ამერიკის შეერთებული შტატები, რომლის საზოგადოებამ თითქოს მოჯადოებული წრე გაარღვია, ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის მქონე ძალებზე უარი თქვა და ის პრეზიდენტი, ის ადმინისტრაცია აირჩია, რომლებსაც კონსერვატიული ღირებულებები აქვთ, თუმცა ჯერ კიდევ არსებობს კითხვა: დღესდღეობით „მეინსტრიმული“ იდეოლოგიისგან მკვეთრად განსხვავებული კანდიდატის გამოჩენა, ამერიკელ ხალხში სწრაფად მზარდი უკმაყოფილების დროებით განეიტრალებას და რეალური ალტერნატივის გაჩენის ილუზიის შექმნას ხომ არ ისახავდა მიზნად? შესაბამისად, არსებობს მოსაზრება, რომ შეერთებული შტატებიც კვლავ „დიფ სთეითის“ გავლენით იმართება.

ამ ფონზე, “ქართული ოცნება” ჩვენს ქვეყანას დღემდე ილუზიაში აცხოვრებს და მიუხედავად იმისა, რომ ყველასთვის ნათელია ევროპაში არსებული მძიმე მდგომარეობა, საზოგადოებას ჯიუტად უმტკიცებს, რომ ევროკავშირი ჩვენი „აღთქმული მიწაა“, სადაც ბიუროკრატები და ხელისუფლებები სულ მალე შეიცვლებიან, რის შემდეგაც ძალაუფლებას, ტრადიციული იდენტობის ერთგული, ჭეშმარიტი ევროპული ღირებულებების მქონე მმართველი ელიტები აიღებენ ხელში, ევროპულ საზოგადოებას „დიფ სთეითის“ გავლენისგან გაათავისუფლებენ და კვლავ რეალურ დემოკრატიულ სისტემას დაამკვიდრებენ. „ქართული ოცნება“ დროულად უნდა გამოფხიზლდეს და ქართველ ხალხს სრული სიმართლე უთხრას, რომ ევროკავშირი და ევროპული სახელმწიფოები, რომლებიც ემსახურებოდნენ საკუთარ ხალხებს, რის შედეგადაც დემოკრატიული მმართველობის საუკეთესო მაგალითად გამოდგებოდნენ, დღესდღეობით აღარ არსებობს და ასეთი ევროკავშირის დაბრუნების რაიმე ხელშესახები ნიშანი არ ჩანს.

ხოლო რა განსხვავებაა ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლებისა და „დიფ სთეითის“ გავლენით მართულ სახელმწიფოს შორის, საფრანგეთის შემთხვევაში ერთი პატარა მაგალითის მიხედვითაც კი მკაფიოდ ჩანს: ქვეყანაში, რომელიც 1998 წელს გამარჯვებას სამაგალითოდ აღნიშნავდა, იქამდე მივიდა, რომ დღეს პოლიცია გამარჯვების „ზეიმისთვის“ წინასწარ ემზადება, რათა აგრესიულ ბრბოს გაუმკლავდეს და მათგან მიყენებული ზიანი როგორმე შეამციროს, ეს ყველაფერი კი, ჩვეულებრივ მოვლენად იქცა“, – ნათქვამია განცხადებაში.