„ჭავჭავაძის ცენტრის“ ხელმძღვანელი ზაზა ბიბილაშვილი:
შალვაპაპუაშვილი – “აბსოლუტურად ორგანული იყო სურათი, რაც ვიხილეთ: სალომე ზურაბიშვილი თავის სამშობლოში [საფრანგეთში] საქართველოს წინააღმდეგ მტრული ნაბიჯების თანაორგანიზატორი.”
მე სალომე ზურაბიშვილის დამცველად არ გამოვდგები. მაგრამ ალაზნის ველზე 1 ლარად 10 ჰექტარი მიწის მიმღებ პაპუაშვილს კი შევახსენებ, რომ სალომე ზურაბიშვილი ბორის ივანიშვილის და ირაკლი კობახიძის “პრინციპული არჩევანი” იყო წლების მანძილზე. იმდენად პრინციპული, რომ საარჩევნო ბანერებზე სალომე ზურაბიშვილის ნაცვლად ივანიშვილი და კობახიძე იყვნენ გამოსახული.
მანამდე ივანიშვილმა ჯერ პარლამენტის “დამოუკიდებელ დეპუტატად” გაიყვანა ზურაბიშვილი მთაწმინდაზე – ისე, რომ “ოცნებიდან” კონკურენტი არ დაუყენა, მერე კი მთლად საარჩევნო სპეცოპერაცია ჩაატარა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, რომ პრეზიდენტის სკამზე დაესვა. დაესვა სამი კონკრეტული ნიშნითა და მოლოდინით, რომ ზურაბიშვილი:
1. გამოვიდოდა ავლაბრის საპრეზიდენტო სასახლიდან და ამგვარად დააკნინებდა პრეზიდენტის ინსტიტუტს (ოლიგარქის პატარკაცური აკვიატება, რომელიც გიორგი მარგველაშვილმა არ შეუსრულა);
2. გააგრძელებდა 2008 წლის ომის დაწყებაში საქართველოს დადანაშაულებას (რასაც ივანიშვილი და კოლექტიური ქოცი დღემდე აკეთებს და რაზე დიდი მტრობაც ჩვენი სახელმწიფოსთვის წარმოუდგენელია); და
3. არასდროს შეეკვრებოდა ან შეიწყალებდა სააკაშვილს.
ეს სამი პირობა ზურაბიშვილმა პირნათლად შეასრულა. ბონუსად “გარეჯი საქართველოას” რუსული სპეცოპერაციაც წამოიწყო 2020-ში, რომლის შედეგადაც რეალურად დავკარგეთ გარეჯის ნაწილი და დააპატიმრეს უდანაშაულო პატრიოტები. სამაგიეროდ, ქოცებმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები გაიპრავეს.
სხვათა შორის, “ოცნების” მიერ ზურაბიშვილის კამპანიისთვის გამოყენებული საარჩევნო კლიპი ერთ-ერთი რუსული პოლიტიკური კლიპის იდენტური იყო.
ასევე, იმ არჩევნებში ივანიშვილის ბანკმა “ქართუმ” სალომე ზურაბიშვილს მილიონი ლარის “სესხი” მისცა (თუმცა, ეს რა სახსენებელია იმასთან, რაც მაშინ ხდებოდა).
ხოდა, თუ რამე არ მოსწონს პაპუაშვილს მის ყოფილ თანამზრახველში, ივანიშვილს მიმართოს. ერთხელ მაინც ხომ უნდა აიღოს ივანიშვილმა საკუთარ საკადრო გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობა?!
– ალასანიაზე
– უსუფაშვილზე
– მარგველაშვილზე
– გახარიაზე
– ღარიბაშვილზე
– ლილუაშვილზე
– ზურაბიშვილზე
– ფარცხალაძეზე…
ასე ყველაში როგორ შეცდა? ყველა ჩანერგილი და აგენტი როგორ გამოდგა? და, თუ გამოდგა, ეს ხომ მისი პასუხისმგებლობაა, რადგან ყველა მათგანს ამა თუ იმ ფორმით თავდებში დაუდგა?
ცალკე საკითხია, რომ ის, რაც პარიზში მოხდა და რაზეც პაპუაშვილი ზლუქუნებს – საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის რეზოლუციას ვგულისხმობ – ძალიან კარგია საქართველოსთვის.
ზოგადად, საქართველოსთვის კარგია ყველაფერი, რაც ცუდია ივანიშვილისთვის და პირიქით – საქართველოსთვის ცუდია ყველაფერი, რაც კარგია ივანიშვილისთვის.
ასე მარტივადაა საქმე სინამდვილეში.




