საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილმა უფროსმა მამუკა მდინარაძემ, 2026 წლის 31 იანვარს ქონებრივი დეკლარაცია შეავსო, რომელიც დღეს გამოქვეყნდა.
საქმე ის არის, რომ მდინარაძის ასევე მისი იმჟამინდელი მოადგილეების დეკლარაციების აღარ იძებნებოდა. ახლად შევსებულ დოკუმენტებთან ერთად, საჯარო აღარ იყო დეკლარაციებიც, რომლებსაც ის 2017 წლიდან, პარლამენტის წევრობის პერიოდში აქვეყნებდა.სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მაშინ დაადასტურეს, რომ ხელმძღვანელი პირების დეკლარაციები შევსებულია, თუმცა მათი გასაჯაროება მიზანშეწონილად არ იყო.
დოკუმენტი ასახავს 2025 წლის განმავლობაში მის მიერ მიღებულ შემოსავლებს, განხორციელებულ მსხვილ ტრანზაქციებსა და ოჯახის მფლობელობაში არსებულ უძრავ-მოძრავ ქონებას.
2025 წლის განმავლობაში მამუკა მდინარაძე ორ სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში მუშაობდა. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერისა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოსტზე შემოსავლის სახით მიღებული აქვს 85 476.
2025 წლის 3 სექტემბრიდან 31 დეკემბრამდე პერიოდში, სუსის უფროსის პოზიციაზე მისმა შემოსავალმა 47 563 შეადგინა.
რაც შეეხება მის მეუღლეს, ნათია კუნჭულიას, ის მუშაობდა ა(ა)იპ მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოში უფროსის მოადგილედ, სადაც წლის განმავლობაში ხელფასის სახით 79 043,27 ლარი აიღო.
დეკლარაციის მიხედვით, ნათია კუნჭულიას საკუთრებაშია ორი მიწის ნაკვეთი თიანეთის რაიონში:
სოფელ სიმონიანთხევში მდებარე 1000 კვ.მ ფართობის ნაკვეთი, რომელიც 2022 წელს 6 000 ლარად შეიძინა.
სოფელ ხევსურთსოფელში მდებარე 1509 კვ.მ ფართობის ნაკვეთი, შეძენილი 2021 წელს 9 600 ლარად.
მამუკა მდინარაძე ფლობს ხელოვნების ნიმუშებს, რომელთა ღირებულებაც 10 000 ლარს აღემატება:
- ლადო გუდიაშვილის ფანქრით შესრულებულ ნახატს (შეძენილი 2010 წელს, 2000 ლარად).
- ბაღდავაძის სამ ფერწერულ ტილოს, რომლებშიც ჯამში 4 200 აშშ დოლარი აქვს გადახდილი.
სხვა უძრავი და მოძრავი ქონება ოჯახს დეკლარაციაში მითითებული არ აქვს.
2025 წლის იანვარში ოჯახმა მსხვილი უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებები გააფორმა:
ნათია კუნჭულიამ თბილისში მდებარე ბინა 252 000 აშშ დოლარად გაასხვისა. ხელშეკრულების თანახმად, მან შემოსავლის სახით უკვე მიიღო 182 000 დოლარი, ხოლო დარჩენილ 70 000 დოლარს მყიდველი ან ნაღდი ფულით გადაიხდის, ან სანაცვლოდ ავტომანქანა „დეფენდერს“ გადასცემს.
2025 წლის 22 იანვარს ნათია კუნჭულიამ თბილისში, დანელიას N61-ში მდებარე მშენებარე ბინა 200 000 აშშ დოლარად შეიძინა. აქედან 130 000 დოლარი უკვე გადახდილია (მათ შორის 100 000 $ შეძენისთანავე), დარჩენილი თანხა კი კვარტალურად, 7 500 დოლარის ოდენობით იფარება.
ბინების რეალიზაციიდან მიღებული თანხით მამუკა მდინარაძემ სრულად დაფარა „თიბისი ბანკში“ არსებული ორი სესხი: იპოთეკური (110 176,5 ლარი) და სამომხმარებლო (18 884,01 ლარი).
დეკლარაციის შევსების მომენტისთვის, მამუკა მდინარაძეს „თიბისი ბანკის“ სახელფასო ანგარიშზე 19 995,37 ლარი ჰქონდა. ნათია კუნჭულიას კი იმავე ბანკის სახელფასო ანგარიშზე 1 771 ლარი, ხოლო ერთ-ერთ საკრედიტო ანგარიშზე 715,68 ლარი დავალიანება უფიქსირდებოდა.
ცნობისთვის, ახალი ხელმძღვანელის, გელა გელაძის დეკლარაციები კი ამ დრომდე საჯაროა. bm.ge სუსთანაც ცდილობს გარკვევას, შეასრულებს თუ არა ახლად დანიშნული ძალოვანი კანონის მოთხოვნას საჯაროობის შესახებ.
შეგახსენებთ, მოქმედი კანონმდებლობა გამონაკლისებს არ ითვალისწინებს. „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლი პირდაპირ განსაზღვრავს იმ თანამდებობის პირთა ჩამონათვალს, რომელთაც დეკლარაციის წარდგენა და გასაჯაროება ევალებათ — მათ შორის არიან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი პირებიც.
საინტერესოა ის გარემოებაც, რომ მამუკა მდინარაძის წინამორბედი სუსის უფროსების დეკლარაციები ამ დრომდე საჯაროა და მათი გაცნობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
ამ ეტაპზე გაურკვეველი რჩება, რა სამართლებრივი საფუძვლით მოხდა უკვე გამოქვეყნებული, მათ შორის საპარლამენტო საქმიანობის პერიოდის დეკლარაციების სისტემიდან დამალვა გასულ პერიოდში.




