უკრაინისა და მოლდოვისთვის გაწევრიანების მოლაპარაკებების პირველი კლასტერის გახსნა მკაფიო გზავნილია, რომ ევროპის პროგრესის შეჩერება შეუძლებელია, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირის სამთავრობათაშორისო კონფერენციაზე განაცხადა.
ზელენსკის თქმით, უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირში ერთად შევლენ.
„ჩვენ ამ მომენტისთვის ბევრი ვიშრომეთ. ბოლო წლების განმავლობაში უკრაინამ და მოლდოვამ ერთად მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგეს. მოლდოვასთან ჩვენი მეზობლობა ძლიერია. ჩვენ ერთმანეთს მხარს ვუჭერთ და ევროკავშირისკენ წინ ერთად მივიწევთ და იქ ერთად მივალთ“, – განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, „ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი პასუხი, რაც ევროპას შეუძლია, რომ რუსეთის აგრესიას გასცეს, კლასტერების გახსნის დაჩქარებაა“.
„ჩვენ ყველა კლასტერის გასახსნელად მზად ვართ. ჩვენი სამუშაო შევასრულეთ. ეს ევროპაში ყველამ იცის“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.




