ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთი დღევანდელი დაბომბვისთვის სამართლიან პასუხს მიიღებს (ვიდეო)

პუტინი ომს აგებს, ცხადია, რომ უკრაინის წინააღმდეგ დარტყმებს მხოლოდ გააძლიერებს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის დარნიცკის უბანში რუსული დარტყმის ადგილზე ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

“პუტინი ომს აგებს, მას პრობლემები აქვს – ფრონტზე და ეკონომიკაში. ცხადია, რომ ის უკრაინის წინააღმდეგ დარტყმებს მხოლოდ გააძლიერებს, განსაკუთრებით ბალისტიკური რაკეტების მეშვეობით”, – განაცხადა ზელენსკიმ.

მან აღნიშნა, რომ ყოველი რუსული დარტყმით ამ რაკეტების რაოდენობა იზრდება.

“შესაბამისი თავდაცვის პაკეტი გვჭირდება. გვჭირდება ეს რაკეტები. მაქსიმალურ ზეწოლას ვახდენთ, ვთანხმდებით”, – განაცხადა ზელენსკიმ.

რუსულ დარტყმაზე პასუხზე საუბრისას, უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ “ჩვენ სამართლიან მშვიდობას, ომის სამართლიან დასრულებას ვუჭერთ მხარს. ჯერჯერობით ის არ არის, ამიტომ სამართლიან პასუხებს ვუჭერთ მხარს”, – განაცხადა ზელენსკიმ.