ვოლოდიმირ ზელენსკი: გვინდა, ომი ისე დასრულდეს, რომ რუსეთს აგრესიის შესაძლებლობა აღარ ჰქონდეს

ვოლოდიმირ ზელენსკი სტივ უიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან მოლაპარაკებების პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ პირველ განცხადებას ავრცელებს. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, კიევისთვის მნიშვნელოვანია, სამშვიდობო პროცესში დონალდ ტრამპი მთავარი მომლაპარაკებლის როლში იყოს. ზელენსკი ხაზს უსვამს, რომ უკრაინის მიზანი არა უბრალოდ ომის დასრულება, არამედ ისეთი სამართლიანი მშვიდობის მიღწევაა, რომელიც რუსეთის მხრიდან განმეორებით აგრესიას გამორიცხავს.

„ჩვენ არ გვინდა ტანჯვა და სიკვდილი. გვინდა, ეს ომი სამართლიანად დასრულდეს და ისე, რომ რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის შესაძლებლობა აღარ ჰქონდეს“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

კიევში მოლაპარაკებების კიდევ ერთი, გაფართოებული რაუნდი გაიმართება. აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებთან შეხვედრას დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლებიც შეუერთდებიან.

უიტკოფი და კუშნერი კიევში მატარებლით ჩავიდნენ. ზელენსკის განცხადებით, უკრაინული მხარე მათ აეროპორტში დახვედრას გეგმავდა, თუმცა რუსეთის დარტყმების გამო ამერიკელმა წარმომადგენლებმა უკრაინაში თვითმფრინავით ჩასვლა ვერ შეძლეს.

ეს უიტკოფისა და კუშნერის პირველი ვიზიტია უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ. ერთი დღით ადრე ისინი მოსკოვში იმყოფებოდნენ და კრემლში მოლაპარაკებებს მართავდნენ.