პარტია „ჯერ საქართველო“ ოფიციალურად დაფუძნდა. დამფუძნებელი ყრილობა „ქორთიარდ მერიოტში“ გაიმართა და ცოტა ხნის წინ დასრულდა.
დელეგატებმა პარტიის თავმჯდომარედ ვიქტორ ყიფიანი ოფიციალურად აირჩიეს. ყრილობაზე ასევე დაკომპლექტდა პარტიის პოლიტსაბჭო, სარევიზიო კომისია და სამდივნო.
პოლიტსაბჭოს წევრები არიან: ვახტანგ კაპანაძე, ვალერი ჩეჩელაშვილი, რუსუდან თევზაძე, ნიკოლოზ ხატიაშვილი და გიორგი ანთაძე. პარტიის თანადამფუძნებლები და მრჩევლები არიან ნიკოლოზ ალავიძე და გიორგი ტუმასიანი. სარევიზიო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი შალამბერიძეა, წევრები კი ბექა ბოჭორიშვილი, ივერი მისრიაშვილი და ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი. პარტიის აღმასრულებელ მდივნად ზურა შარაშენიძე დაინიშნა, ხოლო სამდივნოში ნინო სტურუა, გიორგი მსხილაძე და სანდრო სამადბეგიშვილი შევიდნენ.
ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას ვიქტორ ყიფიანმა განაცხადა, რომ „ჯერ საქართველოს“ მიზანია ჩამოყალიბდეს პოლიტიკურ ძალად, რომელიც ნებისმიერი მოქალაქისთვის იქნება მისაღები, მიუხედავად პოლიტიკური კუთვნილებისა. მან განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა საქართველოს შეიარაღებული ძალებისა და უსაფრთხოების სისტემის ვეტერანებს, რომლებიც ღონისძიებას ესწრებოდნენ.
ყიფიანის განცხადებით, პარტია გმობს საზოგადოების დაყოფას „პატრიოტებად“ და „უსამშობლოებად“, მიუღებლად მიიჩნევს მეგობარი და არამეგობარი ქვეყნების დაპირისპირებას, უარყოფს პიროვნების კულტს, პოლიტიკურ შურისძიებასა და ანგარიშსწორებას.
მისივე თქმით, წლების განმავლობაში ქვეყანაში გატარებულმა დაპირისპირებაზე აგებულმა პოლიტიკამ სახელმწიფო მნიშვნელოვნად დააზიანა და ხელი შეუშალა ქვეყნის სრულფასოვან განვითარებას.
ჩვენი სურვილია, ვიქცეთ ისეთ პოლიტიკურ ძალად, როგორთანაც თანაბრად მიესვლება არა მარტო “ჯერ საქართველოს” წევრს, არამედ ნებისმიერ სხვას. იმ უბრალო მიზეზით, რომ ერთიც და მეორეც “ჯერ საქართველოსკენ” არის. სხვათაშორის, როცა “ჯერ საქართველოზეა” საუბარი, მე მაპატიოს სხვა დარგისა და პროფესიის წარმომადგენელმა, მე განსაკუთრებული სითბოთი მინდა მივესალმო საქართველოს შეიარაღებული ძალების, უსაფრთხოების სისტემის ვეტერანებს, რომლებიც მრავლად არიან ამ დარბაზში.
“ჯერ საქართველო” კატეგორიულად გმობს მცდელობას, ქართველები დააჯგუფოს პატრიოტებად და უსამშობლოებად. ჩვენთვის მიუღებელია ცივილიზებულ სამყაროში მეგობარი და არამეგობარი ქვეყნების გამორჩევა. “ჯერ საქართველო” უარს ეუბნება განდიდებისა და პიროვების კულტს, ისევე, როგორც გმობს პოლიტიკურ შურისძიებას და ანგარიშსწორებას.
სწორედ აქ და ახლა გაცხადებული საპირისპიროდ და საწინააღმდეგოდ მიმართული პოლიტიკა ჩვენ არაერთხელ გვინახავს, წლების განმავლობაში ამას ვუყურებთ და ამან დაგვაზიანა ჩვენ ძალიან, დააზიანა ქვეყანა და საშუალება არ მისცა, ქვეყანა ქცეულიყო სახელმწიფოდ, – თქვა სიტყვით გამოსვლისას ვიქტორ ყიფიანმა.




