უკრაინის თავს რაც ხდება, დიდი ტრაგედია და უსამართლობაა. ვგულისხმობთ იმას, რომ კიევი, ფაქტობრივად, დაუცველია რუსული კვაზიბალისტიკური რაკეტებისგან, რადგან აღარ აქვს “პეტრიოტის” რაკეტები. შესაბამისად, რუსეთი ლამის ყოველ ღამით დაუნდობლად ცხრილავს კიევს და ამას მსოფლიო უყურებს; მსოფლიოს ის ნაწილი, რომელსაც, პრინციპში, უნდა შეენარჩუნებინა დიდი წესრიგი, რათა ვერავის გაებედა ფართომასშტაბიანი აგრესია.
აშშ უკრაინას “პეტრიოტის” რაკეტების მიწოდებაზე უარს ეუბნება იმ მოტივით (დასავლურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით), რომ ირანთან ომში ბევრი დახარჯა და შესაძლოა კვლავაც ბევრი დასჭირდეს, რადგან ომი არ დასრულებულა. “პეტრიოტის” რაკეტები ევროპაშიც არის დასაწყობებული. თუმცა აქაც უარია… სამაგიეროდ, პუტინს ხელ-ფეხი აქვს გახსნილი და კიევის მიწასთან გასწორებას ცდილობს. კი ბატონო, უკრაინელებსაც მიაქვთ დრონებით იერიში რუსეთის ტერიტორიაზე და წვავენ “ვაილდბერიზის” საწყობებსა და ნავთობგადამმუშავებელ ქარხნებს, რაც რუსეთის ეკონომიკას კარგ პრესპექტივას არ უქადის. თუმცა არის დიდი განსხვავება – ერთია, როდესაც შენ აფეთქებ საწყობებს და მეორე, როდესაც შენი დედაქალაქის საცხოვრებელი უბნები დაუნდობლად იბომბება.
დასავლელი სპეციალისტები ამბობენ, რომ მიუხედავად ირანთან ომისა, აშშ-ს შეუძლია უკრაინისთვის “პეტრიოტის” განსაზღვრული რაოდენობის მიწოდება. იმდენის მაინც, თუნდაც რამდენიმე თვის განმავლობაში კიევი არ იყოს რუსული რაკეტებისთვის “ღია ქალაქი”. თუმცა ტრამპი ამას არ აკეთებს. რატომ? იმიტომ ხომ არა, რომ აიძულოს ზელენსკი, ბოლოს და ბოლოს, დათანხმდეს ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების პუტინისეულ ვერსიას?! ყოველ შემთხვევაში, ეს ვერსია დასავლეთში აქტიურად განიხილება, მით უმეტეს, წლის დამდეგს ტრამპი აქტიურად ცდილობდა უკრაინის პრეზიდენტის დაყოლიებას ამგვარ მშვიდობაზე. შეგახსენებთ, რომ ალასკაზე, ანკორიჯში გამართულ შეხვედრაზე, ტრამპი დაეთანხმა პუტინის ცეცხლის შეწყვეტის ვერსიას, რომელიც ასეთია: უკრაინის ჯარი მთლიანად ტოვებს დონბასის ოლქს, ანუ უკრაინელებმა უბრძოლველად უნდა დათმონ სლავიანსკი, კრამატორსკი და სხვა დასახლებული პუნქტები, სადაც ათასობით უკრაინელი ჯარისკაცი ჩაწვა. გასაგებია, რომ უკრაინელები დაიღალნენ ომით. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ყოველდღე რამდენიმე საათის გატარება თავშესაფრებში გიწევთ. გარდა ამისა, შესაძლოა ვერც მიასწრო თავშესაფრამდე, ისე მოფრინდეს რუსული რაკეტა. შენი თავი ჯანდაბას, მაგრამ როდესაც გყავს შვილები და ყოველდღე ასეთ რეჟიმში ცხოვრობ… თუმცა მიუხედავად ამ ყველაფრისა, ბოლო სოციოლოგიური გამოკვლევებით, უკრაინელების უმრავლესობა წინააღმდეგია ტერიტორიული დათმობებისა.
მოკლედ, დიდი ალბათობით, ასეთ დათმობაზე ზელენსკი არ წავა, ომის ხასიათი კი რამდენიმე თვეში შეიძლება ისევ შეიცვალოს. კერძოდ, უკრაინელებს მალე ექნებათ საკუთარი ბალისტიკური რაკეტები, რომლებიც მოსკოვის ხშირი სტუმრები იქნებიან. ასე რომ, შეიძლება “ანგარიში გათანაბრდეს”.
თუმცა მთავარი კითხვა, ბოლოს და ბოლოს, როგორ და როდის დასრულდება ეს ომი, კვლავ უპასუხოა. პროგნოზები ძალიან მძიმეა. ისევე როგორც, ამერიკა-ირანის დაპირისპირებაზე. აქაც ცნობილია, თუ რას ითხოვს ტრამპი ირანისგან – ბირთვული შეიარაღების შექმნაზე მუშაობის სრულ შეჩერებას, ირანის ბირთვულ ობიექტებზე ინტესიური ექსპერტიზის დაშვებას და ჰორმუზის სრუტის განბლოკვას. თუმცა ირანი უარზეა. რატომ? იმიტომ, რომ შეუძლია ეს არ გააკეთოს. ამერიკის დაბომბვებმა მას ვერ მიაყენა ისეთი ზიანი, რომ პროტრამპურ შეთანხმებაზე იფიქროს. კიდევ ერთხელ ვიმეორებთ – როგორც ჩანს, აიათოლების რეჟიმი ძალიან კარგად მოემზადა ასეთი სცენარისთვის და ყველაფერი დეტალურად ჰქონდათ გათვლილი. დღეს თუ ამერიკა დაარტყამს ირანის ობიექტებს, საპასუხოდ ხვდება ამერიკულ ბაზებსაც. აქაც პროგნოზი მძიმე და საგანგაშოა.




