ვინ არიან გორში დაკავებული ორი პოლიციელი, რომლებიც პატიებას ითხოვენ?!

პოლიციელი, რომელის მიმართაც დაზარალებულ პაპუნა ლოცულაშვილს ძალადობას ედავებიან, ვლადიმერ გოდერძიშვილია. მისმა ადვოკატმა ვანო სამხარაძემ გორის რაიონულ სასამართლოში განაცხადა, რომ გოდერძიშვილი ამ დრომდე კლინიკაში გადის მკურნალობას.

სამხარაძე კიდევ ერთ პოლიციელს – ივანე მისირელს იცავს.

ვლადიმერ გოდერძიშვილისა და ივანე მისირელის ადვოკატი, მისი დაცვის ქვეშ მყოფების 5000-5000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვს.

როგორც სამხარაძემ აღნიშნა, საქმის მასალებით დგინდება, რომ პოლიციელს დაზიანება პაპუნა ლოცულაშვილის მიერ აქვს მიყენებული. სამხარაძის თქმით, გოდერძიშვილმა თავი სრულად ცნო თავი დამნაშავედ და აღიარებს ბრალს. უფლებადამცველის თქმით, პატიებას ითხოვს და ბრალს აღიარებს ივანე მისირელიც.

ცნობისთვის, გორში, ე.წ. კომბინატის დასახლებაში სამართალდამცავები ორ პირს – პაპუნა ლოცულაშვილსა და მის მეგობარს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

მომხდართან დაკავშირებით, დაკავებულია 6 სამართალდამცავი. მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინებათ, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, ჩადენილს ძალადობით. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამასთან, გამოძიება დაწყებულია პაპუნა ლოცულაშვილის მიმართაც სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით, რაც პოლიციელის მიმართ განხორციელებულ ძალადობას გულისხმობს.