დღეს მიქაუტაძე "ლიონში" პირველ გოლს ევროტურნირებზე ეცდება, "ნაპოლი" თასზე ითამაშებს...

ევროტურნირები ახალი ფორმატითა და დროით ტარდება. მიმდინარე კვირის ორი დღე ევროპა ლიგას დაეთმო. აქ "ლიონი" დაბრუნდა, მის რიგებში დაბრუნების შემდეგ კი გიორგი მიქაუტაძეს პირველი გოლის გატანა სურს. საქართველოს ნაკრების ფორვარდს ამის ყველაზე კარგი შანსი საფრანგეთის ჩემპიონატის პირველ ტურში ჰქონდა. მეტი ნდობისა და ნავსის გატეხვის შემდეგ "ჟორჟი" აუცილებლად ბევრს გაიტანს, ის ამას აუტსაუდერ "მეცში" ახერხებდა; ახალ სეზონში უგოლოდაა ლიონელთა კაპიტანი ალექსანდრ ლაკაზეტიც; დღეს, 26 სექტემბერს, ჩვენი დროით 23 საათზე, ევროპა ლიგის პირველ ტურში, "ლიონი" კონფერენს ლიგის მოქმედ გამარჯვებულს, "ოლიმპიაკოსს" უმასპინძლებს.
ზუსტად
ამ დროს ითამაშებს ხვიჩა კვარაცხელიაც, რომლის "ნაპოლიმ", ოთხ მატჩში 10 ქულის მოპოვებით, ანტონიო კონტესთან ერთად, სტაბილურობას მიაღწია. ნეაპოლელები ახლა, იტალიის თასის 1/16-ფინალში, "პალერმოს" უმასპინძლებენ.
სამი სეზონის განმავლობაში ნეაპოლელები თასზე მერვედფინალიდან ერთვებოდნენ და იქვე მარცხდებოდნენ. ამ დროს შემადგენლობის როტაცია ყოველთვის დიდი დოზით იყო. კონტეს გუნდმა წელს აქ ადრე დაიწყო, უკვე მეორე მეტოქე ჰყავს და თუკი ამ ბარიერსაც გადალახავს, "ლაციოსთან" დაპირისპირება ელის.
სერია "ბ"-ს წარმომადგენელ სიცილიელებთან ლიდერების, ხვიჩა კვარაცხელიასა და რომელუ ლუკაკუს გარეშე თამაშს ელიან. მიუხედავად იმისა, "ნაპოლი" ევროტურნირებზე არ გამოდის და დასვენებას საკმაოდ ახერხებს, ახლა მთელი სწორება მაინც "მონცასთან" დაპირისპირებაზეა, კონტეს ცალი თვალი ამ შეხვედრისკენ უჭირავს.
"პალერმოს" ამბიცია აქვს, სერია "ა"-ში დაწინაურდეს. მათი მწვრთნელი დიონისია, რომელმაც 2021 წელს ელიტაში "ემპოლი" აიყვანა. პალერმოელებმა ჩემპიონატი ორი მარცხით დაიწყეს და შემდეგ ვითარება მნიშვნელოვნად გამოასწორეს. მათ შემადგენლობაში ერთ დროს "ნაპოლის" გამორჩეული ფეხბურთელის, ლორენცო ინსინიეს ძმა, რობერტო გამოდის, რომელიც ბოლოს გიორგი კვერნაძის "ფროზინონეში" იყო.
შოტლანდიელმა ნახევარმცველმა სკოტ მაკტომინეიმ "იუვენტუსთან" თავდაჯერებულად ითამაშა. მას ახლა სასტარტოში არ ელიან; ძირითად შემადგენლობაში "რეალიდან" გადასულ ცენტრალურ მცველ მარინის ვარაუდობენ. მოგეხსენებათ, მეკარე მერეტი ტრავმირებულია და მის ადგილს ელია კაპრილე დაიკავებს. 23 წლის კიპერს "ემპოლიში" მშვენიერი მატჩები ჰქონდა. რაც შეეხება "პალერმოს" კარს, მშობლიურ კლუბს 37 წლის სალვატორე სირიგუ დაუბრუნდა, რომელსაც მართლაც დახუნძლული კარიერა გამოუვიდა. აღსანიშნავია, რომ ეს გუნდები ბოლოს ერთმანეთს 2017 წელს დაულირისპირდნენ.
"ნაპოლის" სავარაუდო შემადგენლობა (4-2-3-1): კაპრილე - მაცოკი, მარინი, ჟესუსი, სპინაცოლა - გილმორი, ლობოტკა - ნერეში, რასპადორი, ნგონგე - სიმეონე.
მსაჯი: ჯუზეპე კოლუ.
რატომ უნდა ითამაშოს კონტემ დუბლებით ? ევროთასებზე არ გამოდიან და დრო ბევრი აქვთ თასზეც და ჩემპიონატზეც რომითამაშონ ! არ უნდა კონტეს დუბლი (სკუდეტო და თასი) რომ გააგოროს წელს ?
ოოუუფფ!! ... მესიმ ორ სეზონში პსჟ-ში ვერაფერი გააკეთაოოო ..საინტერესოა რას ეძახით ვერაფერს!! 72 თამაშში 32 გოლი და 23 ასისტი, პლიუს ერთი ჩემპიონობა და ერთიც მეორე ადგილი თუ არაფერია, მაშინ არ ვიცი...ისე ინტერესისთვის გენახათ[ძნელი არ არის] კვარამ რამდენი გაიტანა იგივე ორ სეზონში ნაპოლიში დ მერე შეადარეთ.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.