დმიტრო კულება აცხადებს, რომ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრისას თავდაცვის სფეროში თანამშრომლობისა და უკრაინის ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანების საკითხები განიხილა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მ განაცხადა, რომ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრისას თავდაცვის სფეროში თანამშრომლობისა და უკრაინის ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანების საკითხები განიხილა.
„დღეს ჩვენ შევთანხმდით, რომ ჩვენი თავდაცვის კომპანიებისთვის ყველაზე ხელსაყრელი პირობების შექმნისთვის ვიმუშავებთ, უპირველეს ყოვლისა, სამართლებრივ სფეროში, რათა მათ შორის, თანამშრომლობის სამართლებრივი და ფინანსური პირობები მაქსიმალურად ხელსაყრელი იყოს და მათ რაც შეიძლება მეტი იარაღის წარმოება შეძლონ“, – განაცხადა კულებამ.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა ახალი მინისტრი, სტეფან სეჟორნე, საზღვარგარეთ თავისი პირველი ოფიციალური ვიზიტით კიევში დღეს ჩავიდა.
„საფრანგეთი უკრაინის გვერდით იმდენ ხანს დარჩება, რამდენიც საჭირო იქნება. ეს გადაწყვეტილება უცვლელია და უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის იარაღის სისტემების, საბრძოლო მასალების, საჰაერო თავდაცვის საშუალებებისა და არტილერიის მიწოდებით გამოიხატება. ვიცი, როგორ აფასებთ ფრანგულ ტექნოლოგიას, რომელიც თქვენი მიწის დასაცავად მიიღეთ. ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს, რომ საკუთარ მიწაზე იარაღის საწარმოებლად უკრაინის შესაძლებლობა ერთობლივად გავაძლიეროთ და ჩვენ მზად ვართ ამ სფეროში დაგეხმაროთ“, – განაცხადა სტეფან სეჟორნემ. „ჩვენ შევთანხმდით, რომ საფრანგეთი მხარს დაუჭერს არა მხოლოდ უკრაინის ევროკავშირში ინტეგრაციას, არამედ ამ გზაზე კონკრეტული ვადების დაცვას“, – აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.