ვახტანგ კაპანაძე: ვიბრძოლებთ, რათა ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს საუბარი იმაზე – თუ ვინ დაიწყო ომი. ომი დაიწყო რუსეთმა!

18 წელი შინდისის ბრძოლიდან – გორში, შინდისის გმირთა მემორიალთან დილიდან დაღუპული გმირების ოჯახის წევრები, თანამებრძოლები და მოქალაქეები იკრიბებიან.

გორში იმყოფებიან ოპოზიციის წარმომადგენლები – “ოცნების” წევრებს კი ადგილზე დაახლოებით ერთ საათში ელოდებიან.

ცოტა ხნის წინ, შინდისის გმირთა მემორიალთან განცხადება გააკეთა “ჯერ საქართველოს” წევრმა და ვეტერანმა მებრძოლმა ვახტანგ კაპანაძემ.

კაპანაძის თქმით, ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს საუბარი იმაზე, თუ ვინ დაიწყო ომი.

“ომი დაიწყო რუსეთმა. რუსეთი არის ოკუპანტი, ქართული მებრძოლების გმირობის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება არასწორია” – განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ.

“ქართული ოცნება” გვეუბნება, რომ ჩვენი გმირები, რომლეთაც ყოველ აგვისტოს ვგლოვობთ, დაიღუპნენ საკუთარ მოსახლეობასთან ბრძოლაში. 

“ოცნება” გვეუბნება, რომ მეორე ქვეითი ბრიგადის საინჟინრო დანაყოფის  მებრძოლები, შინდისის გმირები და სხვა გმირები, რომლებიც დაეცნენ ამ ბრძოლაში, შეეწირნენ შეცდომას.

ჩვენ “ჯერ საქართველოს” წევრი ვეტერენარები, (ვეტერანები, როგორც თავდაცვის სამინისტროს, ასევე სხვა ძალოვანი უწყებების) ბევრი მათგანი, ვინც ჩემს უკან დგას, ვინც უშუალოდ მონაწილეა ამ ბრძოლების – ვაცხადებთ, რომ პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება ქართული მებრძოლების გმირობის, მიგვაჩნია არასწორად. 

ჩვენ სიმართლით ვიბრძოლებთ, რათა ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს საუბარი იმაზე – თუ ვინ დაიწყო ომი. ომი დაიწყო რუსეთმა. რუსეთი არის ოკუპანტი. ქართველი გმირები დაეცნენ იმ მიწისთვის ბრძოლაში, სადაც ჩვენი მამა-პაპათა კუბოს ფიცარია. დიდება ქართულ ჯარს! დიდება გმირებს! დიდება გმირებს!”- განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ. 

  • 8 აგვისტოს მუხათგევრდის სასაფლაოზე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ომის დაწყებაში “სააკაშვილის სისხლიან რეჟიმს” ადანაშაულებენ.
  • “ქართული ოცნების” ლიდერის მტკიცებით, 8 აგვისტოს ქვეყანაში შემოვიდა რუსული ჯარი, ხოლო “7 აგვისტოს რაც მოხდა, ეს იყო ის, რომ სააკაშვილის რეჟიმმა დაბომბა ცხინვალი.”
  • კობახიძის ამ განცხადებას ოკუპირებული ცხინვალის მარიონეტული რეჟიმი გამოეხმაურა და თქვა, რომ ომზე პასუხისმგებლობა არა მხოლოდ “სააკაშვილის რეჟიმს”, არამედ “ქვეყანას უნდა დაეკისროს”.

დღეს აგვისტოს ომის ყველაზე ტრაგიკული დღეა. შინდისთან, რუსეთის 53-ე არმიასთან უთანასწორო ბრძოლას 17 ქართველი გმირი შეეწირა:

  •  ალექსანდრე ონიანი, ემზარ წილოსანი, ვეფხია ჯიშკარიანი, ზვიად კაცაძე, თეიმურაზ ბერიძე, ილია გაბუნია, ილია შეყლაშვილი, ირაკლი ჯანელიძე, კახა კოშაძე, ლევან მელქაძე, მარლენ ბარამია, მიხეილ დვალიშვილი, ნიკოლოზ ფორჩხიძე, რომან ზოიძე, რუსლან წულაძე, ფელიქს კაკაურიძე და შმაგი კუპატაძე.

2008 წლის 11 აგვისტოს, რკინიგზის სადგურთან მეორე ქვეითი ბრიგადის ოცეული რუსეთის 53-ე არმიის პირისპირ აღმოჩნდა. დაჭრილმა მებრძოლებმა ტყვედ ჩაბარებას სიკვდილი არჩიეს, მტერს არ დანებდნენ და ბოლომდე იბრძოლეს. ოკუპანტებთაან უთანასწორო ბრძოლამ ორ საათს გასტანა. ამ დღის შემდეგ  გმირებისთვის პატივის მისაგებად მემორიალთან მიდიან მათი ოჯახის წევრები, მოქალაქეები და პოლიტიკოსები.

სოფელ შინდისთან მდებარე მემორიალთან დაღუპულ გმირებს დღეს ოჯახის წევრები, რიგითი მოქალაქეები და პოლიტიკოსები მიაგებენ პატივს.

ასევე დაგაინტერესებთ

ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთის ყოველი ნაბიჯი: ბალისტიკური რაკეტების წარმოების გაზრდა, ჩრდილოეთ კორეული აღჭურვილობის შემოტანა, მობილიზაციისთვის მზადება აჩვენებს, რომ მოსკოვი არა მშვიდობისთვის, არამედ ესკალაციისთვის ემზადება

მანანა რატიანი: ჩემო ძვირფასო კოლეგებო… კარგად იცით, რომ უკმაყოფილება დიდი იქნება. ამ ფორმებით ზამთარში მინუს ტემპერატურის შემთხვევაში, ფეჩით გამთბარ საკლასო ოთახებში ბავშვები ვერ ივლიან. ამ ხარჯებს ოჯახები ტყუილად გასწევენ