რუსეთში საქართველოს ნაციონალურ-კულტურული ფედერალური ავტონომიის, ანუ ქართული დიასპორის პრეზიდენტი, პუტინისტი ბიზნესმენი დავით ცეცხლაძე კახეთში მომხდარ შემთხვევას ეხმაურება.
“სოციალურ მედიაში რუსი ტურისტების მიმართ შეურაცხმყოფელი ვიდეოების რაოდენობის ზრდას ვხედავთ. საქართველო ყოველთვის ცნობილი იყო თავისი სტუმართმოყვარეობით და ამას აგრძელებს. თუმცა, დასავლურმა პროპაგანდამ საზოგადოების გარკვეულ ნაწილში სიძულვილისა და რუსოფობიის დათესვა მოახერხა.
მოვუწოდებ ტურიზმსა და უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ ყველა სახელმწიფო ინსტიტუტს, ჩაატარონ ყოვლისმომცველი საინფორმაციო კამპანიები – როგორც ტურისტულ დაწესებულებებთან, ასევე სამოქალაქო საზოგადოებასთან და წინააღმდეგობა გაუწიონ დასავლურ-უკრაინულ პროპაგანდას. ეს აუცილებელია მომავალში სერიოზული ინციდენტების თავიდან ასაცილებლად.
ჩვენს ქვეყნებს შორის ხანგრძლივი პოლიტიკური სირთულეების მიუხედავად, ჩვენი ხალხები ინარჩუნებენ თბილ და ძმურ ურთიერთობებს. ამას მოწმობს რუსეთის მოქალაქეებს შორის საქართველოში და პირიქით, ორმხრივი ვიზიტების სტატისტიკა. საქართველო რუსებისთვის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქვეყანაა არა მხოლოდ დასასვენებლად, არამედ მეგობრული და ოჯახური კავშირებით, ასევე არაერთი კულტურული პროექტისა და ბიზნეს წამოწყების თანამშრომლობით.
ვიმედოვნებ, რომ ქართული მხარე გადადგამს საჭირო ნაბიჯებს, რათა უზრუნველყოს რუსეთის მოქალაქეებისთვის ქვეყანაში ყველაზე კომფორტული ყოფნა, ისევე როგორც ეს უზრუნველყო საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსეთში”. – წერს ცეცხლაძე.
ცნობისთვის, კახეთში, მოქალაქე გიორგი ჭიღლაძე 19 ივლისს დაკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ტურისტებმა ქორწილის სტუმრებს წყალი გადაასხეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
უწყებას არ დაუკონკრეტებია ტურისტების მოქალაქეობა. არსებული ინფორმაციით, ისინი რუსები არიან




