გურიაში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე ადგილობრივი თვითმმართველობებისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრების ხელმძღვანელებთან ერთად სასკოლო ფორმების რეალიზაციის პროცესს გაეცნო.
საჯარო სკოლების პირველკლასელთა სასკოლო ფორმების რეალიზაციის პროცესი 1 სექტემბერს დაიწყო და 14 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
პირველკლასელთა მშობლებს სასკოლო ფორმის შეძენა როგორც რეალიზაციის პუნქტებში, ასევე ონლაინ, სპეციალურად შექმნილ ელექტრონულ პლატფორმაზე – formebi.emis.ge შეუძლიათ.
პუნქტებში მისვლა მსურველებისთვის ყოველდღე 11:00 საათიდან 19:00 საათამდეა შესაძლებელი.
15 სექტემბრიდან ფორმების შეძენის შესაძლებლობა მშობლებს მხოლოდ ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით ექნებათ.
პლატფორმაზე მომხმარებელი ნახავს:
🔹 სასკოლო ფორმების მოდელებს, ზომებსა და ღირებულებას;
🔹 რეალიზაციის პუნქტების ზუსტ მისამართებსა და საკონტაქტო ინფორმაციას.
ფორმებს უსასყიდლოდ მიიღებენ საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის ის მოსწავლეები, რომლებიც:
1. რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯახების სარეიტინგო ქულა 65 001 ქულაზე ნაკლებია;
2. არიან მრავალშვილიანი (ოთხი და მეტი შვილი) მშობლის სტატუსის მქონე პირის შვილები და რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯახის სარეიტინგო ქულა 65 000 ქულაზე მეტია და 120 001 ქულაზე ნაკლებია;
3. იმყოფებიან სახელმწიფო ზრუნვაში, მათ შორის, ჩართულნი არიან მინდობით აღზრდის სახელმწიფო პროგრამაში, განთავსებულნი არიან მცირე საოჯახო ტიპის სახლებში, ჩართულნი არიან მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრების მომსახურებაში ან განთავსებულნი არიან თბილისის ბავშვთა სახლში;
4. 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად ვერ ახერხებენ უკრაინის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ზოგადი განათლების მიღების გაგრძელებას და ჩარიცხულნი არიან საქართველოს საჯარო სკოლებში.