გუდაურში ორი საბაგიროს დემონტაჟი და ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობა იგეგმება – პროექტის ღირებულება ₾30 მილიონია

მთავრობამ გუდაურის სამთო-სათხილამურო კურორტის განვითარებისა და ტურისტული პოტენციალის ამაღლების მიზნით შპს „ემ თი ეის“ (MTA) ახალი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება დაავალა.

საბაგირო ინფრასტრუქტურისა და სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების სპეციფიკიდან გამომდინარე, პროექტის ფარგლებში შპს „ემ თი ეის“ ევალება ყველა საჭირო ლიცენზიის, ნებართვისა და შესაბამისი სამშენებლო-ტექნიკური დოკუმენტაციის მოპოვება/უზრუნველყოფა, რათა ახალი საბაგიროებისა და ატრაქციონების ექსპლოატაცია უსაფრთხოების სტანდარტების სრული დაცვით განხორციელდეს.

ირაკლი კობახიძის ხელმოწერილი განკარგულების თანახმად, კურორტზე დაგეგმილია არსებული ინფრასტრუქტურის ნაწილობრივი დემონტაჟი და ახალი სისტემების მონტაჟი:

  • დემონტაჟი: კომპანიამ უნდა უზრუნველყოს გუდაურში მართვაში არსებული საბაგიროების – „ხადასა“ (600 მეტრი) და „სნოუპარკის“ (815 მეტრი) დემონტაჟი, მიღებული ქონების ჩამოწერა და განკარგვა;
  • ახალი ინფრასტრუქტურა: იგეგმება ორი ერთეული ბიგელის (საჩოჩიალო, საერთო სიგრძით 1 400 მეტრი) და დახურული ტიპის მოძრავი ხალიჩის (საერთო სიგრძით 200 მეტრი) მონტაჟი;
  • ხელოვნური გათოვლიანება: სასრიალო ტრასების ნაწილი (საერთო სიგრძით 7 500 მეტრი) აღიჭურვება ხელოვნური გათოვლიანების სისტემით.

განკარგულების მიხედვით, შპს „ემ თი ეიმ“ შესაბამისი სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები ეტაპობრივად უნდა დაიწყოს და 2026 წლის 15 დეკემბრამდე დაასრულოს.

პროექტის ჯამური ღირებულება 30 მილიონ ლარს შეადგენს. დოკუმენტის მიხედვით, დაფინანსება ორ ნაწილად იყოფა:

  • 9.3 მილიონ ლარს შპს „ემ თი ეი“ უზრუნველყოფს სახელმწიფო ბიუჯეტით მისთვის გამოყოფილი კაპიტალური ხარჯებიდან;
  • დარჩენილი 20.7 მილიონი ლარის დაფინანსების წყაროს მოძიება კი ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროებს ევალებათ 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მომზადებისას.