„რიყის დოქების“ დემონტაჟი გრძელდება. ევროპის მოედანზე მეორე დღეა მძიმე ტექნიკა მუშაობს და იტალიელი არქიტექტორის მიერ დაპროექტებულ შენობას იერსახე უკვე მნიშვნელოვნად შეეცვალა.
დემონტაჟს მოქალაქეების ნაწილის პროტესტი ახლავს. ერთ-ერთი პირველი, ვინც თბილისის მერიას სამუშაოების შეჩერების მოთხოვნით მიმართა, არქიტექტორი ანა ბიბილაშვილია. მისი განცხადებით, „რიყის დოქების“ მშენებლობაზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაახლოებით 75 მილიონი ლარი დაიხარჯა და ამ მასშტაბის ინვესტიცია არ უნდა განადგურდეს.
ბიბილაშვილი მიიჩნევს, რომ შენობისთვის ახალი ფუნქციის მოძებნა იყო შესაძლებელი.




