გიორგი სიორიძე – ბავშვი მხოლოდ მკვლელის ტყვიამ არ იმსხვერპლა, ის სახელმწიფოს გულგრილობამ და სისტემურმა უმოქმედობამ იმსხვერპლა – არც გარდაცვლილი ბავშვი და არც მკვლელი ჩემთვის უცხო ადამიანები არ არიან და ამის ბინძურად გამოყენებას ცდილობენ

ბავშვი მხოლოდ მკვლელის ტყვიამ არ იმსხვერპლა, ის სახელმწიფოს გულგრილობამ და სისტემურმა უმოქმედობამ იმსხვერპლა, ეს არის მთელი ჩვენი საზოგადოების ტრაგედია, – ამის შესახებ „ლელო -ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი სიორიძემ განაცხადა.

მისი თქმით, არც გარდაცვლილი ბავშვი და არც მკვლელი მისთვის უცხო ადამიანები არ არიან, თუმცა ამის „ბინძურად გამოყენებას“ ცდილობენ.

სიორიძის განცხადებით, პროპაგანდა ბინძურად იტყუება ნ და ავრცელებს ინფორმაციას, თითქოს მკვლელი პარტიის, „ძლიერი საქართველო-ლელოს“ წევრი და აქტივისტი იყო, მაშინ როდესაც მას „ლელოსთან“ არანაირი შეხება არ ჰქონია.

„ქართული ოცნების“ ბინძური პროპაგანდისტები სვავებივით ცდილობენ, ცრუ ინფორმაციის გავრცელებით აქცენტები გადაიტანონ და ისედაც დაძაბულ საზოგადოებაში, სადაც ყველანი სერიოზული ემოციური წნეხის ქვეშ ვიმყოფებით, ამ განწყობებზე ითამაშოს.

უმძიმესი ტრაგედია მოხდა… მინდა, დიდი მწუხარებით სამძიმარი გამოვუცხადო გარდაცვლილი ბავშვის ოჯახს… მე მყავს შვილები და დისშვილები. ეს ბავშვები ჩემი შვილების თაობაა – საერთო სკოლა, საერთო მასწავლებლები, მეგობრები ჰყავთ.

იგივე შეიძლება ითქვას იმ ადამიანზეც, რომელმაც ეს საშინელი მკვლელობა ჩაიდინა. ჩემთვის ორმაგად მძიმეა ამაზე საუბარი, რადგან არც გარდაცვლილი ბავშვი და არც მკვლელი ჩემთვის უცხო ადამიანები არ არიან. ეს არის მოცემულობა და ამის ბინძურად გამოყენებას ცდილობენ ეს ნაძირლები. მე არ მიყვარს ასეთი სიტყვების გამოყენება, მაგრამ სხვას ვერაფერს ვუწოდებ ამ ადამიანებს- პროპაგანდისტებს, რომლებსაც დილიდან ამოქმედებული და მობილიზებული აქვთ ტროლ-ბოტების ქარხანა, რათა ტრაგედიით პოლიტიკური ქულები დაიწერონ და როგორმე გაანეიტრალონ ის პასუხისმგებლობა, რომელიც „ქართულ ოცნებას“ ეკისრება ქვეყანაში ასეთი გარემოს შექმნის გამო.

17 წლის ბავშვია გარდაცვლილი, სხვები დაჭრილები არიან (ღმერთმა ჯანმრთელად ამყოფოს თითოეული მათგანი) და ამ ტრაგედიით ცდილობენ პოლიტიკურ კაპიტალიზებას. თან ბინძურად იტყუებიან და ავრცელებენ ინფორმაციას, თითქოს მკვლელი ჩვენი პარტიის, „ძლიერი საქართველო-ლელოს“ წევრი და აქტივისტი იყო, მაშინ როდესაც მას „ლელოსთან“ არანაირი შეხება არ ჰქონია.

როდესაც „ლელო“ დაფუძნდა, მას უკვე ჰქონდა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები და წლებია, პრაქტიკულად, სოციალური ცხოვრებიდან იზოლირებულია. მას არანაირი შემხებლობა არ ჰქონია არც ამ პარტიასთან და საერთოდ პოლიტიკასთან.

დღეს ასევე გადაწყვიტეს, რომ სოფო შამანიდის პოსტი „ლელოსთან“ დააკავშირონ. სოფო შამანიდი რამდენიმე წლის წინ იყო „ლელოს“ წევრი, თუმცა წლებია, ამ პარტიის წევრი აღარ არის. გასულ წელს, როდესაც მას აქტიური პოზიცია ჰქონდა ადგილობრივი თვითმმართველობის ბოიკოტის სასარგებლოდ და საჯაროდ აკრიტიკებდა „ლელოს“, სწორედ ეს ადამიანები, ეს პროპაგანდისტები, იყენებდნენ მის პოზიციებს „ლელოს“ წინააღმდეგ. დღეს კი აღმოჩნდა, რომ თურმე სოფო შამანიდი კვლავ „ლელოს“ წევრია.

ეს არის მათი სულმდაბალი ტექნიკა და მეთოდები – საერთო აღელვებისა და ემოციური დაძაბულობის ფონზე კიდევ უფრო აამღვრიონ სიტუაცია.

რა დროს პარტიაზეა საუბარი, როდესაც ქვეყანაში ასეთი ტრაგედიები ხდება?! როგორ შეიძლება, ყველგან ისევ პარტიული პოლიტიკა ჩართო?! სად გაიზარდნენ ეს ადამიანები? იმის განცდა მაინც არ აქვთ, რომ თითოეულ ჩვენგანს, მათ შორის მათ ოჯახის წევრებსაც, შეიძლება შეეხოს მსგავსი ტრაგედია? შეიძლება ასეთ დროს ტრაგედიით პოლიტიკური ქულების დაწერაზე ფიქრობდე?

ეს არის, ერთი მხრივ, დავალება, რომელიც „ქართული ოცნებისგან“ მოდის, ხოლო მეორე მხრივ ადამიანები, რომლებსაც სამსახურად აქვთ ქცეული კლავიატურის ლომობა და ასეთი სიბინძურის ტირაჟირება.

ეს ყველაფერი ხდება იმისთვის, რომ ყურადღება გადაიტანონ სახელმწიფოს პასუხისმგებლობიდან, იმ ფაქტიდან, რომ ქვეყანაში მოშლილია პრევენციის ღონისძიებები, ხოლო ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხი სტიგმატიზებულია. ადამიანებს ხშირად არც შესაძლებლობა აქვთ და არც უსაფრთხო გარემო, რომ შესაბამის დაწესებულებებს მიმართონ, რადგან ამ თემაზე საუბარი კვლავ სირცხვილად მიიჩნევა.

ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც კრიმინალი ყვავის, არსებობს პრივილეგიები და ნეპოტიზმი, არიან ხელშეუხებელი ადამიანები, რომელთათვისაც არ არსებობს არც სამართალი და არც სასამართლო. ამის პარალელურად კი ადამიანებს ტროტუარზე დგომის გამო აპატიმრებენ, თქვენს კოლეგას, ვახო სანაიას, კი Facebook-პოსტის გამო 14 დღით პატიმრობაში უშვებენ.

ამიტომ ვამბობ: ის ბავშვი მხოლოდ მკვლელის ტყვიამ არ იმსხვერპლა. ის სახელმწიფოს გულგრილობამ და სისტემურმა უმოქმედობამ იმსხვერპლა. ეს არის მთელი ჩვენი საზოგადოების ტრაგედია. აი ამაზე უნდა ვისაუბროთ ახლა, თუმცა ამის ნაცვლად, „ქართულ ოცნებაში“ ვიწრო პოლიტიკანურ ინტრიგებს ხლართავდნენ და ტრაგედიის ფონზე პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობდნენ.

გუშინდელი დღე საერთოდ გამორჩეულო იყო ასეთი შემთხვევებით. ბათუმში მოხდა ჩაცხრილვა. ის ხომ წმინდა კრიმინალური გარჩევის ამბავი იყო. ადამიანს, იუმორისტს დახვდნენ სახლთან და ნოდარ დუმბაძის სახელით ფიზიკურად გაუსწორდნენ. ასეთი ქვეყანა შექმნეს, ასეთ ქვეყანაში გვაცხოვრებენ. რა თქმა უნდა, უხერხული არის მათთვის და უნდათ, რომ ეს უხერხულობა გაანეიტრალონ, მაგრამ ამ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევიან.

ეს სისტემა თუ არ დაინგრა, “ქართული ოცნების” რეჟიმი თუ არ შეიცვალა, რომლისთვისაც ყველაფერი ერთი კაცის კომფორტის, ფუფუნების და ხელშეუხებლობის ინტერესებიდან გამომდინარე იმართება, ქვეყანა ისევ გააგრძელებს ცხოვრებას ტრაგედიიდან ტრაგედიამდე.

ეს ქვეყანა მათ ფეხებზე ჰკიდიათ და ქართველი ხალხი დარწმუნებული ვარ, ამას ძალიან კარგად ხედავს და საკადრის პასუხს გასცემს, როდესაც ამის დრო მოვა, და ამის დრო მოვა ძალიან მალე. საბოლოოდ ყველა აგებს პასუხს – პირველ რიგში „ქართული ოცნების“ პოლიტიკური პასუხისმგებლობა დადგება და სამსჯავროზე მათი მსაჯული იქნება ქართველი ხალხი”,- აღნიშნავს სიორიძე.

ასევე დაგაინტერესებთ