იმდენად შოკისმომგვრელია ეკლესიის ამჟამინდელი საჭეთმპყრობელის რიტორიკა, რომ იძულებული ვარ ვუპასო.
პატრიარქ შიო III-ის ეს მანიპულაციური ინტერპრეტაცია არის თეოლოგიური შეცდომა და ის შემთხვევა, როცა პეტრეს შეცდომას ქრისტიანულ იდეალად გვასაღებენ.
სამწუხაროდ, ზოგჯერ სწორედ სასულიერო პირებიც იმოწმებენ წმინდა წერილს ისე, რომ ტექსტის არსს თავდაყირა აყენებენ. ერთ-ერთ ასეთ მაგალითად მიმაჩნია მტკიცება, თითქოს გეთსიმანიის ბაღში პეტრე მოციქულის მიერ მახვილის მოქნევა ქრისტიანული სიმამაცისა და სარწმუნოების დაცვის ნიმუშია, ხოლო აქედან გამომდინარე, დღესაც, როდესაც ვინმე შეურაცხყოფს ქრისტეს, ღვთისმშობელს ან ეკლესიას, ჩვენ თითქოს სწორედ ამ ეპიზოდით უნდა ვიხელმძღვანელოთ.
ეს არა მხოლოდ მცდარი ეგზეგეზა, არამედ სახარების ტექსტის შინაარსის პირდაპირი დამახინჯებაა.
ჯერ ერთი, გეთსიმანიის ბაღში პეტრემ იმოქმედა ადამიანური იმპულსით და არა ქრისტეს ნების შესაბამისად. სწორედ ამიტომ უფალმა დაუყოვნებლივ შეაჩერა იგი: “ჩააგე მახვილი მის ადგილას, რადგან ყველა, ვინც მახვილს აიღებს, მახვილითვე დაიღუპება” (მათე 26,52). შემდეგ კი ქრისტემ განკურნა ის მონა, რომელიც პეტრემ დაჭრა. ეს განკურნება შემთხვევითი დეტალი კი არაა, არამედ თავად პეტრეს საქციელის ღვთაებრივი უარყოფაცაა. ე.ი. ქრისტე არა მხოლოდ სიტყვით, არამედ მოქმედებითაც ასწორებს მოციქულის შეცდომას.
საოცარია, როგორ შეიძლება ამ ეპიზოდიდან პეტრეს საქციელი გამოიყვანო სამაგალითო ქრისტიანულ მოდელად, როდესაც თავად ქრისტემ უარყო იგი. ფაქტობრივად, ეს იმას ნიშნავს, რომ ქრისტეს გაკვეთილს ვტოვებთ და ვადიდებთ იმას, რაც მანვე შეაჩერა.
ამდენად, პეტრეს ჭეშმარიტი სიმამაცე გეთსიმანიაში კი არ გამოვლინდა, არამედ სულთმოფენობის შემდეგ. სწორედ მაშინ, როდესაც სულიწმიდით განმტკიცებულმა უშიშრად იქადაგა ქრისტე, დაითმინა დევნა, საპყრობილე და საბოლოოდ მოწამეობრივი სიკვდილიც. ეკლესია სწორედ ამ პეტრეს გვთავაზობს მისაბაძ მაგალითად და არა იმ პეტრეს, რომელსაც ქრისტემ უთხრა: “ჩააგე მახვილი მის ადგილას”!
პატრიარქმა შიომ უნდა გააცნობიეროს მარტივი ჭეშმარიტება: ქრისტიანული აპოლოგეტიკა არასოდეს ნიშნავს საკუთარი ემოციების გაღმერთებას! ქრისტეს დაცვა არ სჭირდება ჩვენი ვნებების ლეგიტიმაციას. ჭეშმარიტების დაცვა აუცილებელია, მაგრამ იგი უნდა ხდებოდეს მოციქულებრივი სიბრძნით, სიმართლით, სიყვარულითა და სულიერი სიმტკიცით და არა იმ საქციელის აპოლოგიით, რომელიც თავად ქრისტემ უარყო.
ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ მსგავსი ინტერპრეტაციები მორწმუნეებს უყალიბებს შთაბეჭდილებას, თითქოს ქრისტიანული მოშურნეობა პირველ რიგში კონფრონტაცია და აგრესიული რეაქციაა. სინამდვილეში, სახარება გვასწავლის, რომ ქრისტიანული მოშურნეობა ქრისტესადმი მორჩილებაა. ხოლო გეთსიმანიის ბაღში ქრისტეს მორჩილება სწორედ პეტრეს დაუმორჩილებლობას უპირისპირდება.
ამიტომ, გეთსიმანიის ეპიზოდის გამოყენება აგრესიული ან მკვეთრი პოლემიკის გასამართლებლად არა აპოლოგეტიკა, არამედ სახარების ტექსტის უხეში მანიპულაციაა.
“ზნეობის, ეროვნული სიწმინდისა და სულიერების დაცვის” MMA მოძრაობის შთაგონებაც სწორედ ამგვარი სულისკვეთებაა, რაც საკუთარ თავში უზარმაზარ საზოგადოებრივ საფრთხეს, “მართლმადიდებლურ შარიათის” ცინიკურ სახესა და ორკულ ბუნებას ატარებს.
ასე რომ, მოვუწოდებ ახლად აღსაყდრებულ კათოლიკოს-პატრიარქს, რათა გაიაზროს რომ ქრისტიანული ქმედების საწყისი წერტილი ყოველთვის ქრისტეს სიტყვა იყო და არა პეტრეს შეცდომა!




