მაკა ბოჭორიშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში რომ გაქანდა, რა უნდა, რას მიდის, ვერ გავიგე? ამ „დიფ სთეითში“ რას მიძვრება? – ამის შესახებ „სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ დამფუძნებელმა გიორგი რუხაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა.
როგორც რუხაძემ აღნიშნა, ხელისუფლების წარმომადგენლები ამ საკითხზე „წინააღმდეგობრივ პოზიციებში“ არიან.
„ბიძინა ივანიშვილი დასანქცირებულია აშშ-ის მხრიდან. ამბობენ, რომ ამერიკას ცუდი პრეზიდენტი რომ ჰყავდა, იმან დაასანქცირაო. ტრამპმა რომ გააგრძელა სანქციები, ეს როგორ არის?! ტრამპიც ხომ არ არის „დიფ სთეითის“ მიერ კონტროლირებადი? რაღაცნაირად ჩამოყალიბდნენ ამ სრულ სისულელეში“,- განაცხადა რუხაძემ.
მისი თქმით, საქართველო „გაშეშებულ მდგომარეობაშია“ და არსებული ხელისუფლება, „საერთაშორისო აღიარების მოპოვებას ცდილობს“.
რუხაძის განცხადებით, არსებული საგარეო პოლიტიკის გამო ზარალდება საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესები.
„სამწუხაროდ, დღეს საქართველოს საერთოდ არ აქვს საგარეო პოლიტიკური ხაზი. არც მულტიპორალური, არც პროდასავლური, საერთო არაფერია ეს ყველაფერი. ჩემი აზრით, საქართველო გაშეშებულ მდგომარეობაშია. ძირითადი არის რეჟიმი. საქართველოს არ ჰყავს ლეგიტიმური ხელისუფლება. ივანიშვილის რეჟიმი ჩვეულებრივი დანაშაულებრივი რეჟიმია, რომელმაც ხელისუფლება მიიტაცა, შესაბამისად, ამ ტიპის ხელისუფლებას ვერანაირი საგარეო პოლიტიკა ვერ ექნება. რასაც ახლა ჩვენ ვხედავთ, ეს არის რაღაცა ტიპის აღიარების მოპოვების მცდელობა.
ქალბატონი მაკა [ბოჭორიშვილი] ადგა და წავიდა შეერთებულ შტატებში. ხვალ დაუძახებენ საუდის არაბეთში, წავა რაღაცას დაესწრება. ამას არანაირი ლოგიკა არ ახლავს თან. ეს არის უბრალოდ თვის გადარჩენის მცდელობა. იმის გამო, რომ ჩვენ არ გვაქვს საგარეო ვექტორი და ანტიდასავლური განწყობა ივანიშვილის რეჟიმის, ამის გამო ზარალდება საქართველო, როგორც სახელმწიფო. წესით დღეს საქართველო მოლდოვასთან და უკრაინასთან ერთად უნდა იყოს ბრიუსელში, სადაც ამ ქვეყნებმა ევროკავშირთან მოლაპარაკებების მეექვსე კლასტერი გახსნეს“,- განაცხადა რუხაძემ.
გარდა ამისა, რუხაძემ ისაუბრა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციაზე და ამასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების განცხადებებზე.
რუხაძის განმარტებით, ეუთო ერთ-ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია იყო, რომელიც არჩევნების შემდეგ საქართველოს ხელისუფლებასთან კომუნიკაციას ინარჩუნებდა, თუმცა, მისი თქმით, პოზიციის გამკაცრების შემდეგ ხელისუფლების წარმომადგენლებმა ორგანიზაციის მიმართ კრიტიკა დაიწყეს.
„როდესაც არჩევნები დამთავრდა, ეუთო იყო ერთადერთი ორგანიზაცია, რომელიც რაღაც ფორმით ელაპარაკებოდა „ქართულ ოცნებას“. მაშინ, რატომღაც ის „დიფ სთეითი“ ახლომახლო არ იყო. ახლა, როდესაც ძალიან მკაცრი რეზოლუცია მიიღო და პირდაპირ განაცხადა, რომ მარტო ის არჩევნები კი არა, რომელიც გაყალბდა, ნებისმიერ სხვა არჩევნებს, რომელიც საქართველოში ჩატარდება, ლეგიტიმაცია მიეცემა მხოლოდ მას შემდეგ, რაც მას საერთაშორისო დამკვირვებლები დააკვირდებიან. სწორედ ამან განაპირობა რომ „დიფ სთეითმა“ კონტროლი გაამკაცრა ეუთო-ზე. მანამდე რატომღაც „დიფ სთეითს“ კავშირი არ ჰქონდა ეუთო-სთან. ეს არის სისულელე, ტვინის გამოსარეცხი. მთელ ევროპას აკონტროლებს თურმე, ხოლო „ქართულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს ვერ მოერივნენ“,- განაცხადა რუხაძემ.




