გიორგი მამარდაშვილი მოგერიებული ბურთების რაოდენობით ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში მეკარეებს შორის მეორე ადგილზეა
საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ის მერვედფინალში ესპანეთთან ანგარიშით 1:4 დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა, მაგრამ გიორგი მამარდაშვილმა ტურნირის ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული ფურცელი ჩაწერა.
საქართველოს ნაკრების მეკარეს ტურნირზე ჩატარებულ ოთხ შეხვედრაში 30 მოგერიება ჰქონდა.
სტატისტიკური გვერდის, OptaJose-ს მონაცემებით, ამ მაჩვენებლით გიორგი მამარდაშვილი ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში მეკარეებს შორის მეორე ადგილზეა. პირველ ადგილზე იგორ აკინფეევია, რომელსაც ევრო 2008-ზე 32 მოგერიება დაუგროვდა, მესამეზე კი იტალიელი მეკარე ფრანჩესკო ტოლდოა, რომელმაც ევრო 2000-ზე, მამარდაშვილის მსგავსად, 30 „სეივი“ შეასრულა. აღსანიშნავია, რომ ტოლდოს ამისთვის 6 მატჩი დასჭირდა, აკინფეევს კი – 5.
რაც შეეხება ევრო 2024-ს, მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე გიორგი მამარდაშვილი მოგერიებული ბურთების რაოდენობის საუკეთესო მეკარეებს შორის პირველ ადგილზეა:
1. გიორგი მამარდაშვილი, საქართველო – 30; 2. თომას სტრაკოშა, ალბანეთი – 13; 3. კასპერ შმეიხელი, დანია – 12; 4. ფლორიან ნიტა, რუმინეთი – 12; 5. ბარტ ვერბრიუგენი, ნიდერლანდები – 12. „პირველი არხი“
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.