გიორგი კობერიძე: რუსეთი ცდილობს მოლაპარაკებების ჩაშლა დააბრალოს უკრაინას: “აბა არ მნებდება და ომს ხომ არ შევწყვეტ?!”

პოლიტიკის კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი, ასისტენტ-პროფესორი გიორგი კობერიძე:

რუსეთ-უკრაინის თემაზე მოლაპარაკებებს აქვს ერთი, კარგად გამოკვეთილი და განმეორებადი ციკლი, რომელიც დაახლოებით ასე ვითარდება:

1. გარედან ვიღაცას (ბოლო ორი წელია აშშ-ს ხელისუფლებას) ეიმედება, რომ მოლაპარაკება შედგება;
2. იწყება მოლაპარაკებები რუსეთთან;
3. რუსები აყენებენ უკრაინის კაპიტულაციასთან გატოლებულ მოთხოვნებს და ამ ყველაფერს წარმოადგენენ ვითომ მისაღებ მოთხოვნად;
4. რუსებმა იციან, რომ უკრაინა არ დათანხმდება კაპიტულაციასთან გატოლებულ “მშვიბობას”;
5. უკრაინა მართლაც არ თანხმდება კაპიტულაციას;
6. იშლება მოლაპარაკებები და ამბობენ, რომ მოლაპარაკებები მომავალშიც, შემდგომ რაუნდებშიც გაგრძელდება;
7. რუსეთი ცდილობს მოლაპარაკებების ჩაშლა დააბრალოს უკრაინას: “აბა არ მნებდება და ომს ხომ არ შევწყვეტ?!”;
8. მეორეს მხრივ, რუსეთი ცდილობს წააქეზოს მომლაპარაკებელი მხარე და მისი მეშვეობით დაპრესოს უკრაინა: “რატომ არ თანხმდები კაპიტულაციაზე?! ესე იგი ომი გინდა, არა?!”;
9. რუსეთი აგრძელებს აგრესიას.
სანამ ამ ომში არ მოხდა ერთი ან ორივე მხარის სამხედრო გატეხვა ან გამოფიტვა (რაც არავინ იცის როდის დადგება), ან არ შეიქმნა იმგვარი საერთაშორისო ვითარება, რომ ომის გაგრძელების შესაძლებლობა გაქრეს, მანამ ომის მოლაპარაკებებით დასრულებაზე ან ცეცხლის ფაქტობრივ ხაზზე შეწყვეტაზე (რასაც უკრაინა ახლა ითხოვს) საუბარი ნაადრევია.
მეორე ვარიანტია ოფიციალურ კიევში ან ოფიციალურ მოსკოვში რაღაც დიდი პოლიტიკური მიწისძვრა მოხდეს, ღია თუ დაფარული. ან სამოქალაქო არეულობა და კრიზისი დაიწყოს. ჯერ არც ამის ნიშნები ჩანს.
მესამე და ახლა ნაკლებად რეალისტური ვარიანტი დროებითი მშვიდობისა ისაა, რომ ცეცხლის შეწყვეტა მოსკოვს აძლევდეს ხელს ხელახალი შეტევის დაგეგმვისა და მომზადებისათვის. ეს ნაკლებად რეალისტურია იმიტომ, რომ უკრაინა ამას მშვენივრად აცნობიერებს და უსაფრთხოების მყარი გარანტიების გარეშე მტერს გადაჯგუფების დროს არ მისცემს.
ჯერჯერობით მოსკოვში სჯერათ, რომ ომი მოგებადია ფრონტის ხაზზე. შესაბამისად, საბრძოლო მოქმედებების შეჩერების მოტივაციაც ნაკლებია. აი უკრაინაზე გადაბრალების მოტივაცია კი ძალიან დიდი.