– 26 მაისს იქნება პოლიტიკური ლიდერების გამოსვლები, მაგრამ არა სცენიდან ყაყანი, თუმცა არც უსცენობა, იქნება პოზიტიური სიურპრიზები, “შევარდნას”, “მივარდნას” არ უნდა ველოდოთ – იწყება ბრძოლის ახალი ეტაპი, ნახავთ განსხვავებულ ამბებს

საპატიმროდან შურისძიების გრძნობით არ გამოვსულვარ. ერთადერთი მიზნით გამოვედი – ჩვენს თაობას გვაქვს მისია, რომ სამშვიდობოს გავიყვანოთ ქვეყანა, ვუშველოთ ფასებსაც, უმუშევრობასაც, ემიგრანტები სამშობლოში დავაბრუნოთ და კატასტროფული დემოგრაფიული ფონი გამოვასწოროთ, ერი განადგურების პირას არის. 26 მაისს მოდით, ვისაც ეს ყველაფერი გაწუხებთ , – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ “პალიტრანიუსის” გადაცემა “თავისუფალ სტუდიაში” განაცხადა.

26 მაისს „4 ოქტომბრის“ გამეორების რისკებთან დაკავშირებულ კითხვაზე ვაშაძემ უპასუხა, რომ 4 ოქტომბერი იყო დაგეგმილი პროვოკაცია, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” მოაწყო.

მისი განმარტებით, ხელისუფლებამ ისარგებლა იმ გარემოებით, რომ ყველა პოლიტიკოსი, რომელსაც აქციების მართვის გამოცდილება ჰქონდა, საპატიმროში იყო.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, 26 მაისს ბრძოლის ახალი ეტაპი იწყება, რომელსაც განსხვავებული შინაარსი ექნება.

ოპოზიციონერმა დაანონსა პოლიტიკური ლიდერების გამოსვლები და „სიურპრიზები“ , თუმცა ხაზი გაუსვა, რომ იქნება პოზიტიურ ჭრილში, შესაბამისად, საზოგადოება არ უნდა ელოდოს „შევარდნას, მივარდნას, გაქცევას ან გადაადგილებას“.

“26 მაისს არის პირველი შეკრება, მანდატის მოპოვებისა და განახლების შეკრება ოპოზიციისთვის. ვიკრიბებით უნივერსიტეტთან 19:00 საათზე და მსვლელობით წამოვალთ პარლამენტთან. საღამოს იმიტომ ვიკრიბებით, რომ დილით არის ოფიციალური ღონისძიებები და არ გვინდა, რომ მათი [“ქართული ოცნების”] მხრიდან რაიმე ინციდენტს ან პროვოკაციას ჰქონდეს ადგილი. აუცილებლად იქნება პოლიტიკური ლიდერების გამოსვლები და იქნება სრულიად ახალი რაღაცები, მათ შორის, ამ საზოგადოების პროცესში ჩართვა. სიურპრიზები იქნება, ოღონდ პოზიტიური.

ხაზს ვუსვამ, შევარდნა, მივარდნა, სადმე გაქცევა ან გადაადგილება არ იქნება. იქნებ ერთადერთი რამ – ამ ხალხის მანდატის გამოხატულებების სხვადასხვა აქტი შედგება. თქვენ ნახავთ ძალიან განსხვავებულ ამბებს.

ეს იქნება ფორმატითა და შინაარსით აბსოლუტურად განსხვავებული აქცია. არა სცენიდან ყაყანი, არა უსცენობა, რომელიც მეორე უკიდურესობაა, არამედ კარგად დაგეგმილი აქცია, სადაც ჩვენ ვაჩვენებთ ჩვენს პროფესიონალიზმს.

4 ოქტომბრის პროვოკაცია თავიდან ბოლომდე მათი [“ქართული ოცნების”] მოწყობილია. გამოიყენეს ის ფაქტი, რომ ჩვენ – პოლიტიკოსები, ვისაც კარგი გამოცდილება გვაქვს სხვადასხვა საპროტესტო აქციის მართვის, საპატიმრო დაწესებულებაში ვიყავით. ასევე ორგანიზატორების გარკვეული გამოუცდელობაც გამოიყენეს. ისიც ხომ ფაქტია, რომ ის ნიღბიანი ადამიანები, ვინც პირველად იმ ღობეს შეახტნენ, არც იდენტიფიცირებულები არიან და არც დაკავებულები. დაკავებულია სულ სხვა ხალხი. ასევე ისიც ხომ ფაქტია, რომ კამერა მაინც და მაინც მაშინ არის მოტრიალებული, რომ ეს ხალხი ვერ დაენახა, ვინც თავიდან ღობე გადაანგრია. ის ღობეც ფაქტობრივად გადაჭრილი რომ იყო…

ეს ყველაფერი იყო პროვოკაცია და ეს პროვოკაცია იმიტომ მოხდა, რომ საპატიმროში ვიყავით ისინი, ვისაც გვაქვს აქციების მართვის გამოცდილება და ამით ისარგებლა ამ ბოროტების მანქანამ.

ჩვენ არა უბრალოდ ვიკრიბებით 26 მაისს, არა მხოლოდ საინტერესო იქნება ეს აქცია, არამედ ყველა, ვინც სახლში დაბრუნდება, ის დაბრუნდება კონკრეტული ამოცანით. 26 მაისს ჩვენ ვიწყებთ ბრძოლის ახალ ეტაპს აბსოლუტურად განსხვავებული შინაარსით, განსხვავებული საკითხებით, რაც შეეხება ამ ადამიანებს [“ქართული ოცნების” წარმომადგენლებს], ეგ ხალხი მე საერთოდ არ მაინტერესებს და არ ვუსმენ იმიტომ, რომ სკამს ჩაბღაუჭებულ მესკამეებთან მე არაფერი საქმე არ მაქვს.

ტელევიზიით ბევრს ვუყურებ, რომ სულ ჭკუის დამრიგებლები გვყავს ყველა. ჩვენ არავის ჭკუას არ ვარიგებთ, ვიღებთ პასუხისმგებლობას და ვაკეთებთ. შემფასებლები არ ვართ სხვებივით, პოლიტიკოსებსა და ექსპერტებს შორის რომ არეულია ყველაფერი.

ჩვენ ვამბობთ,რომ მზად ვართ, ავიღოთ ჩვენს თავზე ქვეყნის მართვის პასუხისმგებლობა, მაგრამ მანამდე გაჩვენებთ, როგორი პასუხისმგებლობით ვუდგებით ამ ბრძოლას.

თუ არ მოხვალთ 26 მაისს აქციაზე, კიდევ უფრო უარესი მოხდება ქვეყანაში… უფრო მეტად დაგიმძიმებენ ფასებსაც, უფრო ნაკლებად მოგისმენენ, უფრო მეტს მოიპარავენ ბიუჯეტიდან, უფრო ნაკლებად გაითვალისწინებენ ხალხის მოსაზრებებს. ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური აქცია. პოლიტიკის ნაწილია ის, რომ საწვავი ფასს არ აიაფებენ, პოლიტიკის ნაწილია ის, რომ პროდუქტების ფასებთან დაკავშირებით არაფერს აკეთებენ და აქეთ გვიანონსებენ, რომ კიდევ უფრო გაძვირდება, პოლიტიკის ნაწილია ისიც, რომ სამ მილიონ ადამიანს ჯარიმა გამოუწერეს მარტო ამ წლის დასაწყისიდან. ხალხნო, თუ არ მოხვალთ აქციაზე, ხვალ 6 მილიონს გამოგიწერენ ჯარიმას. არ მოხვალთ აქციაზე? მეტს დაგაჯარიმებენ; არ მოხვალთ აქციაზე? საწვავზე ფასი არ შემცირდება; არ მოხვალთ? ამ ბავშვებს წამალს არ დაუფინანსებენ, უარესი მდგომარეობა იქნება.

ხალხნო, რისი გეშინიათ, აგერ, ციხე გამოვიარეთ ხალხმა, 15 წლიან ციხეს კიდევ იქით მემუქრებიან, მე არ მეშინია, თქვენ რისი გეშინიათ? არც ზურას ეშინია, არც ნიკას, არც პაატა მანჯგალაძეს ეშინია, ჩემს მეგობარს და ჩემი პარტიის გენერალურ მდივანს, რომელიც შვიდი წლით გამიწესეს ციხეში, თან სულ ტყუილად, სახალხო დამცველმა ხომ დადო მანდ დასკვნა, რომ არავითარი მტკიცებულება არ არის პაატას წინააღმდეგ.

ჩვენ არ გვეშინია, მაგრამ გვჭირდება თქვენი ზურგი იმისთვის, რომ გამარჯვებამდე მივიყვანოთ ეს ყველაფერი. პასუხისმგებლობით ვიდგებით და გავიმარჯვებთ, მაგრამ გვჭირდება, რომ გამოხვიდეთ და დადგეთ”, – აღნიშნა ვაშაძემ.

მან ასევე 26 მაისის კონტექსტში “ქართული ოცნების” წარმომადგენლების პოზიციაც შეაფასა, რომლებიც ვარაუდობენ, რომ დაანონსებული აქციის უკან ბრიუსელი დგას. ოპოზიციონერი ლიდერის შეფასებით, “ქართული ოცნება” თავად არის გარე ძალებს მიბმული და გასაღებსაც ყოველთვის “გარეთ ეძებს”.

“ღიად და მკაფიოდ ვამბობ, რომ ნულოვანი კავშირი აქვს ვინმეს ამ აქციის დაგეგმვასთან. მე ძალიან კარგად ვხედავ, ეს ხალხი როგორ ეძებს ვაშინგტონსა და ბრიუსელში გასაღებს. მე მათ ვეუბნები და მომისმინონ კარგად – გასაღები იქ არ არის, გასაღები არის საქართველოში. სანამ ქართველ ხალხთან ასეთი მძიმე დამოკიდებულება გექნებათ, რაც არ უნდა ბრიუსელსა და ვაშინგტონში ფული იხადოთ იმ უამრავ ადამიანთან რომ თქვენი ინტერესები დაიცვათ, რაც არ უნდა თუნდაც კიევში ირბინოთ, არაფერი არ დაგილაგდებათ. აქ ვართ და ხალხს ელაპარაკეთ, ნუ ეძებთ გასაღებს გარეთ, ეს თქვენ ხართ გარე ძალებს მიბმული და ეს თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებიც გარეთ ეძებთ გასაღებს!” – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

პოლიტიკოსმა პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის კრიტიკასაც უპასუხა, რომელმაც ხალხთან დაგვიანებული შეხვედრების გამო გააკრიტიკა, ოპოზიციის კარდაკარს “სკამდასკამი” უწოდა და აღნიშნა, რომ “ოპოზიციონერი პოლიტიკოსები თავს ლაღად მხოლოდ ელჩებთან, ოფისებსა და ბრიუსელში გრძნობენ”.

ვაშაძის განცხადებით, “ქართული ოცნების” წარმომადგენლები სიტყვა სკამს არ უნდა ახსენებდნენ, რადგან ამ ქვეყნის ბედი სკამებს შესწირეს, მასზე ჩაბღაუჭებულები არიან და პოლიციის კორდონის გარეშე ვერ გადაადგილდებიან.

“ბოდიშს ვიხდი, რომ ციხეში ვიყავი და ხალხს ვერ ვხვდებოდი იქიდან. ძალიან დიდ ბოდიშს ვიხდი. ეს გადატანითი მნიშვნელობით, რაც შეეხება შეხვედრებს, მე არ მიყვარს რაიმეს მოუმზადებლად კეთება. ჩემი ამოცანაა, პროფესიონალურად მოვემზადო და გააზრებულად მივუდგე ნებისმიერ პროცესს. თქვენ დაინახავთ, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები იქნებიან ყველგან, ყველა უბანში. არ მომწონს ეს წამოძახებები. ბოდიშს ვიხდი, ციხიდან რომ ვერ გამოვხტი და ხალხთან ვერ დავდიოდი, თორემ თუ ვინმეს საქართველო აქვს მოვლილი სოფელ-სოფელ და ბევრ რაიონშია ნამყოფი, ეს ვარ მე.

რაც შეეხება “სკამდასკამის” განცხადების ავტორს, მელას რაც ესიზმრებოდა, ის ელანდებოდაო”. ზუსტად ასეა მაგათი საქმე, სკამის იქეთ ეს ხალხი მართლა სადმე გინახავთ? პირველ პირებს რომ ეძახიან თავის თავს, ენა როგორ გიბრუნდებათ და სიტყვა სკამს როგორ ახსენებთ? სკამიდან დგებიან, ბრიფინგზე დადგებიან ტრიბუნასთან, შევლენ და ისევ სკამზე არიან ჩაბღაუჭებულები. პოლიციის კორდონების გარეშე სიარული არ შეუძლიათ და ხალხში ვერ გადიან, ამ ქვეყნის ბედი სკამებს შესწირეს ამ ადამიანებმა და სიტყვა სკამსაც კი არ უნდა ახსენებდეს ეს ხალხი”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.