“მამუკა მდინარაძე იქნება მსოფლიოს ისტორიის პირველი facebook პოსტებთან მებრძოლი გენერალი” – ამის შესახებ პარტია “გახარია საქართველოსთვის” პოლიტსაბჭოს წევრმა, გიორგი ჭანტურიამ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, მდინარაზის მიერ დაანონსებული ახალი ინიციატივის – “ცენზურის სამმართველოს” ფუნქცია მოქალაქეების კრიტიკისგან და განსხვავებული აზრისგან მაღალჩინოსნებისა და “ოცნების” წევრების დაცვა იქნება.
გიორგი ჭანტურია აღნიშნავს, რომ “ქართული ოცნება” თავად არის სიძულვილის და მასობრივი ძალადობის მთავარი ორგანიზატორი.
გუშინ გენერალ-კოორდინატორმა მამუკა მდინარაძემ ოფიციალურად ცენზურის სამმართველო დაგვიანონსა, რომლის ერთადერთი ფუნქცია – მოქალაქეების კრიტიკისგან და განსხვავებული აზრისგან მაღალჩინოსნებისა და “ოცნების” წევრების დაცვა იქნება, იმ ადამიანების, რომლებიც ხალხის ბიუჯეტით მდიდრდებიან.
მამუკა მდინარაძე კი იქნება მსოფლიოს ისტორიის პირველი facebook პოსტებთან მებრძოლი გენერალი.
რეალურად – “ოცნება” არამხოლოდ სიძულვილის ენის მთავარი ავტორი, არამედ თავად სიძულვილის და მასობრივი ძალადობის მთავარი ორგანიზატორია.
ყველაზე ამორალური კი ის არის, რომ მოქალაქეებისთვის გამოხატვის უფლების შეზღუდვის ცენზურის მიზნით – “ოცნებას” სურს გამოიყენოს დეპარტამენტი, რომელიც 2018 წელს გიორგი გახარიამ ადამიანის უფლებების სახელმწიფოსგან და ძალადობისგან დაცვის მაღალი სტანდარტის უზრუნველსაყოფად შექმნა.
დღეს კი “ოცნება” ადამიანის უფლებების დასაცავად შექმნილ ინსტრუმენტს ადამიანების განსხვავებული აზრის დევნის ინსტრუმენტად იყენებს.
დღეს “ოცნება” წარმოადგენს ხელისუფლებას, რომელსაც არ აწუხებს მოქალაქეების სიღარიბე, გაზრდილი ფასები, ბავშვები, კორუფცია და უსამართლობა, მაგრამ აწუხებს მოქალაქეების სამართლიანი პროტესტი არაკომპეტენტური და გაუმაძღარი ხელისუფლების მიმართ.
სიძულვილის ენას უნდა ვებრძოლოთ ყველა. მაგრამ ხელისუფლება, რომელიც ოპონენტებსა და მოქალაქეებს მოიხსენიებს: აგენტებად; მტრებად; ქვეყნის მოღალატეებად და გარეწრებად. ხელისუფლება, რომელმაც ქვეყანა გახლიჩა და ორად გაყო: საკუთარ მომხრეებად და ქვეყნის მტრებად. ასეთი ხელისუფლება გვესაუბრება დღეს სიძულვილის ენაზე.
ღიმილის მომგვრელია იმის ყურება, რომ “ოცნებამ”, რომლის პრემიერმაც კვერცხის ფასი ვერ დაამარცხა, ახლა ცდილობს საზოგადოების თავისუფალი აზრი და კრიტიკა დაამარცხოს.
სიძულვილის ძალა აღმოიფხვრება მხოლოდ მაშინ, როდესაც სახელმწიფო პასუხისმგებელი პოლიტიკური ძალა ამ სიძულვილის გამოყენებაზე უარს იტყვის,” – განაცხადა გიორგი ჭანტურიამ.
- შინაგან საქმეთა სამინისტროში იქმნება სპეციალური სამმართველო, რომლის ძირითადი ფუნქცია საჯარო სივრცეში გამოთქმული მოსაზრების სისტემური მონიტორინგი იქნება – განცხადება სამართალდამცავი სტრუქტურების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს, მამუკა მდინარაძემ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.
- მისი განცხადებით, იგულისხმება ნებისმიერი ტიპის საჯარო კომუნიკაცია, რომელიც შეიცავს სიძულვილის ენას, შუღლის გაღვივებას, ღირსების შელახვას და “სხვა მსგავს ქმედებებს”.




