გივი თარგამაძე წერს:
„ტიპი, რომელსაც პირად ავტოფარეხში ქვემოთჩამოთვლილი, ნახევარი ქალაქის ასაფეთქებლად სამყოფი მასალა და სხვადასხვაგარი ქილერული, საბრძოლო იარაღი უპოვეს, რომელმაც ჩემი ასაფეთქებელი ბომბი დაამზადა, მანამდე კი ბრალდებული იყო შევარდნაძეზე პირველ ტერაქტში, მუხროვანის პირველ სამხედრო ამბოხში – მხოლოდ ამ იარაღის უკანონო შეძენა შენახვისთვის გაასამართლეს და სასამართლოდან ექვსწლიანი გამოსაცდელი ვადით გაათავისუფლეს.
აფეთქების ერთერთ გამხორციელებელს არანაირი პროცესუალური სტატუსი არ მიანიჭეს და არც ძებნილია, სრულად თავისუფალია. უშუალოდ ბომბის ამომდები ქვეყნიდან გაიყვანეს, მაგრამ, რადგან ვერ მომკლა, ფული არ მისცეს. დამშეული უკან ჩაბარდა და რუსთავის ციხეში ჩემს ქვედა სართულზე იხდიდა სასჯელს ჩემი მკვლელობის მცდელობისთის და არა ტერაქტისთვის.
მიუხედავად იმისა, რომ მოქმედი დეპუტატი ვიყავი, აფეთქება განხორციელდა მეტალის ელემენტებით გაჯერებული ჰექსოგენის პაკეტით, რომელიც მოქმედებაში მოიყვანეს დისტანციური მართვის პულტით გადაადგილების მარშრუტზე ყველაზე ხალხმრავალ ადგილას, ერთი ადამიანი ინვალიდად დატოვა, დააზიანა მანქანები და შენობები, საქმეს ტერაქტის კვალიფიკაცია არ მისცეს.
ალეკო ელისაშვილი ცარიელ შენობაში ერთი ბოთლი ბენზინით, რომლისთვისაც ცეცხლი არ მოუკიდებია, ტერორისტია და ჩემს ამფეთქებელზე უფრო მკაცრი განაწესის ციხეში უნდა იჯდეს? ეღადავეთ ჯო დასენს. თავის შეხსენება კი არ მინდოდა, ამდენი რომ ვწერე, უბრალოდ, შესადარებლად დავწერე“.
2016 წლის 4 ოქტომბერს, თბილისის ცენტრში, „ნაციონალური მოძრაობის“ მაშინდელი დეპუტატის, გივი თარგამაძის მანქანა ააფეთქეს. 8 ოქტომბერს დანიშნული იყო საქართველოს საპარლამენტო არჩევნები.
თარგამაძე სიკვდილს გადაურჩა. აფეთქების შედეგად, დაშავდა 7 ადამიანი და დაზიანდა არაერთი ავტომობილი.



