მდინარაძე „რიყის დოქებზე“: ჯერ ერთი, დოქები რატომ არის, უფრო გრაფინია!

ჯერ ერთი, დოქები რატომ არის, უფრო გრაფინია! – ასე შეფასება გაუკეთა დღეს მამუკა მდინარაძემ რიყის დოქებს, რომლის დანგრევის ნებართვა თბილსის მერიამ გასცა.

სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ “ვერც ერთმა ინვესტორმა ვერ შეძლო ამ ე.წ. კულტურული ძეგლის „ჭკუაზე მოყვანა“.

ჯერ ერთი, დოქები რატომ არის, უფრო გრაფინია! დოქი რატომაა, ვინმემ იცით? ფორმით არის დოქი? რით არის დოქი? რაც მთავარია, ვერც ერთმა ინვესტორმა ვერ შეძლო ამ ე.წ. კულტურული ძეგლის „ჭკუაზე მოყვანა“. კონდიცირება, სისტემა, რომელიც შიგნით ამ შენობაში რომ შეხვიდე, გადარჩენის საშუალება მოგეცეს, ჯდება გაცილებით ძვირი, ვიდრე თავად ეს შენობა. ყველა, ვინც კი ოდნავ შეხებაში იყო ამ შენობასთან, ამბობდა, რომ ჯერ ერთი უხარისხოდ არის ნაშენები, მხოლოდ ვიზუალზე გათვლილი და მეორე, შეუძლებელი იყო მასში რაიმეს განთავსება ან სჭირდებოდა ორი იმდენის დახარჯვა, რომ გაგრილების სისტემა ნორმალურ კონდიციამდე მიეყვანა. მე როგორც ვიცი, ვისი საკუთრებაც არის დღეს, მზად არიან, რომ კი არ დაანგრიონ, დაშალონ და საჩუქრად გადასცენ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, ვისაც სხვა ადგილზე მოუნდება მისი აწყობა. ერთი ადამიანი არ ჩანს ჯერ, რომელიც ამის მზაობას გამოხატავს, იმიტომ, რომ ზუსტად იცის რა დაუჯდება“.- განაცხადა მდინარაძემ.

თბილისის მერიამ “რიყის დოქების” დანგრევაზე თანხმობა გასცა – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა ტერიტორიის ახალ მფლობელს შესაბამისი მოთხოვნა რამდენიმე დღის წინ დაუკმაყოფილა.

უფრო კონკრეტულად, განაცხადი მერიაში ტერიტორიის მფლობელმა, “რიყე დომ” 2026 წლის 7 აპრილს შეიტანა და საბოლოო თანხმობა მერიისგან 2026 წლის 25 ივნისს მიიღო.